„საბოლოო ჯამში, მიშას პოლიტიკურ სასახლეზე ბოლო ლურსმანს აუცილებლად ჩაასობს ზურაბ ჟვანია“

„საბოლოო ჯამში, მიშას პოლიტიკურ სასახლეზე ბოლო ლურსმანს აუცილებლად ჩაასობს ზურაბ ჟვანია“

„ნაკლებად მგონია, მიშა რომელიმე საქმიდან გამოძვრეს. მერაბიშვილს გადააბრალებს, სანდრას გადააბრალებს, ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მის მდგომარეობას, როგორც ყოფილი პრეზიდენტის, საქართველოს მოქალაქის. კი არ ვამბობ პასპორტით საქართველოს მოქალაქის-თქო, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ ხომ გაიზარდა საქართველოში, როგორც კაცი, როგორც ადამიანი?“ - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ყოფილი დეპუტატი და ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას მეგობარი ხათუნა ხოფერია.

სააკაშვილი დღემდე ცივი გონებით ეკიდება ნებისმიერ საკითხს. მას არ მოსწონს სასამართლო პროცესზე გისოსების ლურჯი ფერი, ანუ „ოცნების“ ფერი, მაგრამ მოსწონს მის დროს გამოცხადებული „ნულოვანი ტოლერანტობა“, რადგან თვლის, რომ „თანამედროვე საქართველოს დაფუძნებით“ იყო დაკავებული. რა შთაბეჭდილება გრჩებათ სააკაშვილის სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით? ყოველთვის ასეთი არაადეკვატური იყო ის მიშა, რომელსაც აქამდე იცნობდით?

- მოსამართლეები და ექიმები მიხედავენ სააკაშვილს, მას ორივე პროფესიის ხალხი ძალიან სჭირდება, ძირითადად ფსიქიატრები. ჩვენს მოსახლეობას კი ვურჩევ, დამშვიდდნენ, მოემზადონ ახალი წლისთვის.

თუკი სააკაშვილი მართლაც სოციოპათია, როგორც ამას ცალკეული მედიკოსები ამტკიცებენ და ეს ფაქტი დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ იგი გამოუშვან ციხიდან ან შემამსუბუქებელი სასჯელი მიუსადაგონ? მოგეხსენებათ, სოციოპათები ადამიანის სიცოცხლის ცნებას უგულებელყოფენ მაშინ, როცა ნებისმიერი წვრილმანი მათ აღიზიანებთ.

- ასეთი რამ ვერანაირად ვერ მოხდება, მსოფლიო პრაქტიკას არ ახსოვს, სიგიჟის გამო ვინმე შეეწყალებინოთ. ამ შემთხვევაში, შეიძლება დაუშვან მხოლოდ და მხოლოდ საქმის გადახედვა და ამის მიხედვით განსაზღვრონ, ფსიქიატრიულში უნდა მოიხადოს სასჯელი, სპეციალიზირებულ დაწესებულებაში, თუ გააგრძელოს ჯდომა, სადაც ზის. ასეთი რამ, რომ რახან ადამიანი ფსიქიურადაა დაავადებული და მას ეპატიოს დანაშაული, არ ახსოვს სამართალს. სხვათა შორის, სანდრასთან დაკავშირებით რაც თქვა, ეს არის დამატებითი დანაშაულის აღიარება სააკაშვილის მხრიდან. მან აღიარა, რომ ექსპრეზიდენტის კუთვნილი ბიუჯეტი, რომელიც ჩვეულებრივ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილია, მისმა მეუღლემ გახარჯა. რა წვდომა შეიძლება ჰქონოდა სანდრას სახელმწიფო ბიუჯეტთან? და, თუ სანდრას მხრიდან მოხდა თანხების გახარჯვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ისევ და ისევ კანონი დაარღვია სააკაშვილმა. ის არის დამნაშავე სანდრას ნაცვლად. ეს არის კიდევ ერთი დანაშაულის აღიარება მისი მხრიდან. უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ მიშა რეალურად ვერ აღიქვამს მოვლენებს, მის ცნობიერებაში დეფინიცია არ არსებობს. ამით სააკაშვილმა თქვა ის, რომ თურმე ვერ ხვდება, რომ სახელმწიფოს ფული მისი ფული არ არის, სახელმწიფოს ქონება არ არის მისი ოჯახის ქონება. სწორედ დეფინიციების არარსებობა იწვევს აზრს მოკლებულ და სამასხარაოდ ქცეულ პროცესს, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს.

თქვენ მკითხეთ, სულ ასეთი იყო სააკაშვილი და ასე არაადეკვატურად ხედავდა მოვლენებს? იცით, რა, მიშა  სულ ასე ნამდვილად არ იყო. ის ყოველთვის იყო პოპულისტი, ყოველთვის იყო ქარიზმატული, ამ თავის ქარიზმას იყენებდა პოპულიზმისთვის, ყოველთვის იყო აქტიური, იცოდა-არ იცოდა, ყოველთვის აკეთებდა განცხადებებს. ყოველ შემთხვევაში ის, რომ ვერ გაერჩია, რისი უფლება შეიძლება ჰქონდეს პრეზიდენტს, რისი უფლება არ შეიძლება ჰქონდეს მის ცოლს, ასეთი რამ მე მიშასგან არ მახსენდება, როცა ერთად ვიყავით პარლამენტში.

სააკაშვილმა მეორე სასამართლო პროცესზე გარდაცვლილი ადამიანები ახსენა - კახა ბენდუქიძე, რომელიც, მისი ინტერპრეტაციით, თურმე „ქოცებმა“ მოკლეს, გული გაუხეთქეს მუქარით, ასევე, გაიხსენა, რომ გიორგი სანაია უკანასკნელად მიაცილა სახლში. ხომ არ მოელით, რომ შესაძლოა, ზურაბ ჟვანიას შესახებაც ამეტყველდეს და ბევრ სიბნელეს მოჰფინოს ნათელი თავისი თვითაღიარებებით?

- დიდი იმედი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, პროკურატურა თაროზე შემოდებულ ზურაბ ჟვანიას საქმესაც წამოწევს. გამორიცხულია, არ მოხდეს იმ საკითხის ბოლომდე მიყვანა, რაც ზურას გარდაცვალებას თან ახლდა. სულ რომ გავანებოთ თავი მიშას, იქ იყო სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლების სერიოზული დანაშაული გამოკვეთილი, იქ იყო ამ ადამიანებზე ხელის დაფარების მცდელობა, მოგეხსენებათ, იქ იყო დაუსაბუთებელი ბრალდებები ზურას მიმართ. საქმე ისაა, რომ ზურას საქმე თავიდან ბოლომდე, თავისი მასალებით, ამერიკის შეერთებულ შტატებშია წაღებული. დასკვნებიც და ყველაფერიც იქ დევს, უბრალოდ, მე ვფიქრობ, კარგი იქნება, ჩვენი პროკურატურა ამ საქმის დროულად გამოწვევას თუ მოახდენს ამერიკიდან. საბოლოო ჯამში, სააკაშვილი მაინც დამთავრდება ზურას მკვლელობის საქმით.

თავის დროზე, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ძიება დაიწყო, სააკაშვილმა უკრაინიდან შემოუთვალა ამ საქმის ფიგურანტებს, თავის მეგობრებს, გაძლევთ უფლებას, თქვათ სიმართლე, რასაც ყოფილი პრემიერის შესახებ საქმის ეთიკურობიდან და დელიკატურობიდან გამომდინარე, ვმალავდით. მას შეუძლია, დღესაც ასეთივე შეურაცხმყოფელი სიტყვები გაიმეოროს და ზურაბ ჟვანიას საქმის დელიკატურობა ახსენოს. შესაბამისად, როგორც 7 ნოემბრის საქმისგან სცადა დასხლტომა და მერაბიშვილს გადააბრალა, როგორც 26 მაისთან მიმართებით აღნიშნა, რომ თურმე დემონსტრანტებისთვის გზის გახსნა და განრიდება მოითხოვა (მაშინ, როცა გზა ჩახერგილი იყო), ზურაბ ჟვანიას საქმესაც დაუსხლტება.

- ნაკლებად მგონია, რომ მიშა რომელიმე საქმიდან გამოძვრეს. მერაბიშვილს გადააბრალებს, სანდრას გადააბრალებს, ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მის მდგომარეობას, როგორც ყოფილი პრეზიდენტის, საქართველოს მოქალაქის. კი არ ვამბობ, პასპორტით საქართველოს მოქალაქის-თქო, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ ხომ გაიზარდა საქართველოში, როგორც კაცი, როგორც ადამიანი?! პიროვნების სრული დისკრედიტაცია ხდება ყოველი მისი განცხადების შემდეგ. ზურას იმაზე მეტი რაღა უნდა დააბრალოს, რაც უკვე დააბრალა?! მეტს ვეღარაფერს ვერ დააბრალებს. საბოლოო ჯამში, მიშას პოლიტიკურ სასახლეზე ბოლო ლურსმანს აუცილებლად ჩაასობს ზურაბ ჟვანია.