გერმანია ირანს მოუწოდებს, ბირთვულ მოლაპარაკებებს რეალისტური წინადადებებით დაუბრუნდეს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
გერმანიის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ გასულ კვირას თეირანის მიერ გაკეთებული თითქმის ყველა შეთავაზება მანამდე შეთანხმებულ კომპრომისებს არღვევს.
„ირანის წინადადებები მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების საფუძველს არ იძლევა. ყურადღებით და საფუძვლიანად განვიხილეთ წინადადებები და დავასკვენით, რომ ირანმა თითქმის ყველა კომპრომისი დაარღვია, რომელსაც აქამდე მივაღწიეთ თვეების განმავლობაში მძიმე მოლაპარაკებების დროს“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ოფიციალური ბერლინი ასევე აცხადებს, რომ მიუღებელია ის ფაქტი, რომ ირანი მოლაპარაკებების პარალელურად ბირთვულ შესაძლებლობებს აძლიერებს.
23 ნოემბერს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ მოქმედების თავისუფლებას შეინარჩუნებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა ირანის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზადაა 2015 წლის შეთანხმების აღსადგენად, თუ თეირანი ხელშეკრულების პირობებს სრულად შეასრულებს.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება 2018 წელს დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა.
18 ოქტომბერს, ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს.