ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან პოლიტიკურად ცხელ ზამთარს პროგნოზირებს და „ოცნებას“ ბრძოლას გამარჯვებამდე პირდება. ხელისუფლება კი ამბობს, რომ ენმ შლება. მელიას ამ დღეებში გაუშვებენ და პარტია ორად გაიყოფა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ორი ლიდერი ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაიყოფენ.
ენმ-ის კულუარებიდან გამოტანილი ინფორმაციის თანახმად ნიკა მელიას და მიხელ სააკაშვილის ჯგუფებს შორის სამოქმედო გეგმის 2 სცენარი არსებობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ნაწილის ხედვა სამომავლო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით, ხელისუფლების ცვლილებაა. ვადამდელი არჩევნები მათი თქმით, ის რაციონალური გზაა, რომელსაც პატიმარი სააკაშვილის გათავისუფლებაც შეუძლია. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ამ მოსაზრების ირგვლივ სრული კონსოლიდირება ვერ ხერხდება.
პოლიტიკური ბრძოლის პრიორიტეტი, „ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთი ნაწილისთვის, ექსპრეზიდენტის საპატიმროდან გათავისუფლებაა. პარტიის წევრების თქმით, პროტესტის და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობის მთავარი საკითხი, ახლა სააკაშვილის უპირობო გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები ერთდროულად უნდა იყოს.
მომავალი კვირიდან ენმ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს გამართავს. ამის შესახებ კი განცხადება ენმ-ს ლიდერმა, ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში საუბრისას გააკეთა:
„მომდევნო კვირიდან იქნება სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა ფორმატით, სხვადასხვა სიმრავლით, სხვადასხვა სახისა და შინაარსის აქციები, ისევე როგორც თბილისში. პარალელურად, ბევრი სხვა მიმართულებებით ვმუშაობთ. ეს ყველაფერი გამოჩნდება, შეუმჩნეველი ვერ დარჩება“, - ამბობს ნიკა მელია.
მისივე თქმით, სპეციალური ჯგუფი აქტიურად მუშაობს უცხოელ პარტნიორებთან და ისინიც უკვე დარწმუნდნენ, რომ ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში მშვიდობიანი გზით, ცვლილებები და მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნაა.
„აქციები დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს მთელ ქვეყანაში. საქართველო გვყავს გადასარჩენი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან გავრცელებულ მიმართვაში წერს: „აბსოლუტურად სწორია ნიკა მელიას გადაწყვეტილება, რომ არ დაემორჩილა ივანიშვილის პირადი აგენტურის გამოძიებას მორიგ შეთითხნილ საქმეზე. სამოქალაქო ღირსების დაცვა უღირსებთან დაუმორჩილებლობით ჩვენი პატრიოტული ვალია. ზუსტად იმავეს გაგრძელებას ვაპირებ მეც. ამის პარალელურად, მივესალმები ჩემი საყვარელი ზუგდიდის აქტივისტებს. ასეთივე აქციები დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს მთელ ქვეყანაში. საქართველო გვყავს გადასარჩენი!“
ოპონენტების პოლიტიკურ გეგმებს არსებული რეალობისგან აცდენილს უწოდებენ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციას ახსენებენ, რომ ვადამდელი არჩევნების სამართლებრივი წინაპირობა ქვეყანაში არ არსებობს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, კანონმდებლების აზრით, ამ თემაზე პოლიტიკური დისკურსიც კი არარელევანტურია და კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. მმართველ გუნდში არც იმას გამორიცხავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პრიორიტეტების განსხვავებულობის გამო, კიდევ ერთხელ გაიყოს.
„ახალი ამბავი არ არის და ამაზე ბევრს ვლაპარაკობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მალე დაიშლება, ეს ჩემი ვარაუდია, მაგრამ ძალიან მაღალი ალბათობით. ნიკა მელიას და მისი ფლანგის მესიჯები, საუბარი და განცხადებები აბსოლუტურად აცდენილია და რადიკალურ წინააღმდეგობაში მოდის სააკაშვილის და მისი ფლანგის განცხადებებთან. ეს გვაძლევს მაღალი ალბათობით ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლებელია დიდი განხეთქილება კიდევ „ნაცმოძრაობის“ გახლეჩით დასრულდეს. მთავარ ნარატივზე ვერ თანხმდებიან - სააკაშვილის ფლანგი და თავად სააკაშვილი ამბობს, რომ ჯერ უნდა იყოს წინ დაყენებული სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, ამავე დროს, მელია და მისი ფლანგი აცხადებს, რომ არა, ჯერ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს და ამის შედეგად სააკაშვილის გათავისუფლება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საკმაოდ საინტერესო პროცესები ვითარდება. თავად პარტიაში ვერ ჩამოყალიბებულან რომელია პრიორიტეტული მოთხოვნა. ვადამდელი არჩევნები თუ მიხეილ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლება.
„როცა ენმ-ის წარმომადგენლებს ვუსმენ, მყარი ეჭვები მებადება, რომ თავად პარტიის შიგნით დიდი განხეთქილება აქვთ. ე.წ. მესიჯბოქსიც არეული აქვთ. ვადამდელი არჩევნები რის საფუძველზე უნდა მოითხოვონ, ესეც გაუგებარია. რომელია პრიორიტეტული მოთხოვნა თავად ვერ ყალიბდებიან. ფაქტია, რომ დაბნეულობა ძალიან დიდია. ამის პარალელურად კი მათი მხარდამჭერთა რაოდენობაც კლებულობს. ენმ-ს უკვე საკუთარი ამომრჩეველი ქუჩაში ვერ გამოჰყავს. მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურმა განცხადებებმა და პარტიის შიგნით დაწყებულმა დაპირისპირებამ მხარდამჭერების შემოფანტვა გამოიწვია.
ახლა რას აღარ იგონებენ იმისთვის, რომ საზოგადოებაში პოლიტიკური ტემპერატურა და მუხტი აწიონ. ჩეკისტების უნვერსიტეტის „ემგეუს“ კურსდამთავრებულ ელენე ხოშტარიას მესიჯებზე უნდათ ხალხი გარეთ გამოიყვანონ? სასაცილო ისაა, რომ ეს პოლიტიკოსი საუბრობს საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე და აპროტესტებს ისტორიის წიგნს, სადაც ბიძინა ივანიშვილიც არის ნახსენები. არადა 2012 წელს ივანიშვილი ნამდვილად ისტორიის მთავარი ფიგურანტი იყო და მისი მოხსენება გასაკვირი არ უნდა იყოს. ამიტომ ამ სიყალბეს ხალხი უკვე კარგად ხედავს და ქუჩაში კი არ გამოდიან, არამედ სააკაშვილის სასამართლო სხდომის დროს პროტესტსაც აღარ გამოხატავენ“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, პოლიტიკური ტექნოლოგიური თვალსაზრისით, აქციების დაანონსება წინასაახალწლო პერიოდში აბსურდია. როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში სამზადისია და მოსახლეობა დამატებით ფულადი რესურსის მოძიებაშია, ამ პერიოდში აქციების დაანონსებას პიარტექნოლოგიურად ოროსანი პოლიტიკოსიც არ დაიწყებს.
„სააკაშვილი საქართველოში არსებულ სიტუაციას ძალიან აცდენილია. ის ხალხის განწყობას ვერ ხვდება და ისევ ჰგონია, რომ მის სიტყვას ვინმე დაუჯერებს. თუმცა ენმ-ში არიან საკმაოდ გამოცდილი და პრაგმატული პოლიტიკოსები, რომელთაც არ სურთ ზიგზაგისებური სიარული. ამიტომ, დიდი ალბათობით, ნიკა მელიას შეცვლიან. ნიკა მელია პარტიის ლიდერი არ არის, ის არის სერთიფიცირებული ქუჩის ხულიგანი. სხვა მას მეტი დატვირთვა არა აქვს. ის ორგანიზატორიც კი არ არის და სხვა უნარ-ჩვევები არ გააჩნია. ყვირილი, დებოში და სადღაც შევარდნის მცდელობა აქვს, მაგრამ არ არის ლიდერი. ფაქტია, ამას „ნაციონალური მოძრაობის“ პრაგმატული ბირთვი ხვდება. ცხადია ასეთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც არც პარტიაში ვარგა და არც ქუჩის აქციის მობილიზების თავი აქვს, არავის სჭირდება“, - აცხადებს აბაშიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ სამწუხაროდ, ოპოზიცია ბოლო დროს ვერ ხედავს პრიორიტეტებს და მისთვის მნიშვნელოვან ტაქტიკურ სვლებს. მას სურს ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რაც დასაძრახი სულაც არ არის, მაგრამ იქამდე მისასვლელად აქვს მხოლოდ ერთი გზა - ქუჩაში პროტესტი, არადა, ამით არაფერი გამოდის. „ქართულმა ოცნებამ“ კი ეს მშვენივრად იცის. ამიტომ, თუ შარშანდელი საპროტესტო აქციებიდან დღემდე გადავავლებთ თვალს პოლიტიკურ პროცესებს, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ამგვარი დაპირისპირება სახელისუფლებო პარტიამ მოიგო.
„ვერა და ვერ შეიგნეს, რომ ჩვენს საზოგადოებაში ისეთი საპროტესტო განწყობა არ არის, რომ ხალხი ქუჩაში მასობრივად გამოვიდეს. ხანდახან მიკვირს, რატომ ვერ ხედავენ ამას? სააკაშვილს 2 სასამართლო სხდომა ჰქონდა, პირველზე ხალხს თავად მოუწოდა მოდითო. მერე რა მოხდა, მივიდა აურაცხელი ხალხი? არა, რადგანაც არ არის ეს საპროტესტო მუხტი. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ასე გააგრძელებს, „ქართული ოცნება“ კვლავაც შეეცდება გამოიყენოს ეს არეულ-დარეულობა და სულაც არ მიიღოს დაბალი საარჩევნო ბარიერი, რაც სახელმწიფოსთვისაა აუცილებელი. ქვეყანას სჭირდება, რომ ამ პატარა პარტიებმა მოახერხონ ქვეყნის მართვაში მონაწილეობა...
ოპოზიციამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რომ ლიდერს რეალობა ქმნის და ეს არ ხდება პირიქით. სააკაშვილმა რამდენიც უნდა მოუწოდოს ხალხს, საკარმიდამო ნაკვეთებში შექმენით წინააღმდეგობის კომიტეტებიო, მერე რა იქნება, შექმნიან და სახლში დასხდებიან?! დღეს არ არის საზოგადოება მასობრივი პროტესტისთვის მზად. ხვალ შეიძლება იყოს, მაგრამ პოლიტიკა დღევანდელობის რეალიზაციაა და არა ხვალინდელი დღის. რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანებას, ამაზე ფიქრობენ, განიხილავენ, აანალიზებენ? - არა, ამიტომაც იგებს ისევ „ქართული ოცნება“. იგივე შეცდომებს უბრუნდებიან და ერთი და იგივეს ჯიუტად აკეთებენ. ეს ქვეყანას ვნებს და „ოცნებას“ ხელისუფლებაში ამყარებს. ამიტომ შეეშვან ამ ქუჩის აქციებს და საქმის კეთებაზე გადავიდნენ. სხვაგვარად მათ ხალხი ყურადღებას არ მიაქცევს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.