მმართველ გუნდში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე და მის სასამართლო პროცესზე საუბარი აღარ სურთ. „ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ ქვეყანაში უფრო მეტი პრობლემებია და სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზეა ახლა ყურადღების გადატანა საჭირო.
კონკრეტულად მმართველი გუნდი რა პრობლემების გადაჭრას აპირებს და როგორ, ამ კითხვებზე, „ქართული ოცნებისა“ და პარლამენტის წევრი გიორგი ხელაშვილი გვესაუბრა.
ყოფილმა პრეზიდენტმა მორიგ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარი ბრალდებები თანაგუნდელებთან ერთად მის მეუღლესაც გადააბრალა. თქვენ მის გამოსვლაში დაინახეთ აღიარება და რატომ სწირავს უკვე ოჯახის წევრებსაც?
- საზოგადოებისთვის ეს საკითხი საინტერესო არაა. ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს. ამიტომ, სააკაშვილის წარსულზე და მის ახლანდელ გადაბრალებებზე საუბარი, უკვე ზედმეტია. ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ კონკრეტულ პრობლემებზე. ძალიან მძიმე ზამთარი მოდის, რასაც მოჰყვება სოციალური პრობლემები, ასევე საგარეო უსაფრთხოების ძალიან მწვავე საკითხებია, ეკონომიკა და ინფლაციაც მისახედია. ამ ყველაფრის ფონზე, სააკაშვილის სასამართლო გამოსვლა მეათე ხარისხოვანია.
ვიდრე ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე გკითხავთ, მიხეილ სააკაშვილის თემას ბოლოჯერ შევეხები. მან საკუთარ მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა, თუმცა ვნახეთ, რომ ხალხი ქუჩაში არ გაჰყვა. ის გეგმა, რომ ამით ქვეყანაში არეულობის შექმნა სურდათ, ჩაეშალათ?
- გეგმები უკვე დიდი ხანია ჩაშლილია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ვიცი, შიგნით რა ხდება, რა ხდება სააკაშვილსა და მის ადვოკატებს შორის, მაგრამ საერთო სურათს რომ შევხედოთ, ნამდვილად რელევანტური აღარ არის. რევოლუციური სცენარი რომ განახორციელო, ამას უნარი სჭირდება. ცხადია, აქ ამის კეთების არც ცოდნა და არც ენერგია აქვთ. ერთადერთი რესურსი დარჩათ, თუმცა ამ რესურს ვერ იყოფენ, ამიტომ ხმაურის ატეხვასაც ვერ ახერხებენ.
ქვეყანაში არსებული პრობლემები ჩამოთვალეთ. პარლამენტის სასესიო სხდომები მიმდინარეობს, თუმცა ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია. როგორ აპირებთ ამ პრობლემების მოგვარებას?
- ამ პრობლემებს კომპლექსური მიდგომა სჭირდება, ასევე პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობაა საჭირო. მთავრობა ეკონომიკური კუთხის გაუმჯობესების საკითხს მეტ-ნაკლებად ართმევს თავს, თუმცა პანდემია გამოწვევად რჩება, გამოწვევად რჩება სოციალური საკითხები, ძალიან მწვავედ დგას ინფლაციისა და ფასების ზრდის პრობლემა. ამაზე პარლამენტში ჩვენ რაც შეგვიძლია არის ის, რომ მთავრობას კონტროლი გავუწიოთ. როგორც ჩანს, ეკონომიკის გაუმჯობესების კვალდაკვალ, პრობლემების დაძლევის იმედის ნიშნებიც გაჩნდება. დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ვითარება დამშვიდდება და შევძლებთ იმას, რომ მთელი ძალისხმევა მივმართოთ არა მხოლოდ პოლიტიკური აჯანყების ჩახშობისკენ, არამედ ქვეყნის წინაშე არსებულ რეალური პრობლემების გადასაჭრელად.
პოლიტიკური აჯანყებაზე საუბრობთ და პარლამენტის გარდა ოპოზიცია ბოიკოტს საკრებულოებსაც უცხადებს. ამ მხრივ რეგიონებში პრობლემებს გადაჭრა არ გაჭირდება?
- ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამოცდილება უკვე გვაქვს. წელიწადზე მეტია ბოიკოტისა და საბოტაჟის რეჟმში არიან, ახლა ამას საკრებულოებში გადაიტანენ. თუმცა, პარლამენტმა მოახერხა რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონები მიეღო და ამით ქვეყანა არ გაჩერებულა. მართალია, რეფორმის პროცესი შენელდა, მაგრამ არ შეჩერებულა. ვფიქრობ, საწყის ეტაპზე საკრებულოებშიც მსგავსი რამ მოხდება, თუმცა შემდეგ ეს უაზრო წინააღმდეგობა გადალახული იქნება, საკრებულოები შეძლებენ ხალხის კეთილდღეობისთვის გაატარონ ზომები.
სოციალური საკითხები ახსენეთ და პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სოციალური პაკეტები გადასახედია და ვინც შრომისუნარიანია უნდა დასაქმდნენ. ის ხალხი ვინც დღეს სოციალურად დაუცველები არიან და ამ კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ დაკარგავენ სოციალურ სტატუსს, როგორ ფიქრობთ, ამ მიდგომით ამომრჩეველს არ დაკარგავთ?
- არ მგონია, აღნიშნულმა კანონპროექტმა წინააღმდეგობა გამოიწვიოს. „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი ყოველთვის სოციალური სფერო იყო. თუმცა, პანდემიამ სიღატაკის ახალი ტალღა გააჩინა. 2012 წლიდან 2019 წლამდე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა მესამედით შემცირდა. სამწუხაროდ, ბოლო ორ წელში სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა გაიზარდა. ახლა სიღარიბის გამკლავება არის მნიშვნელოვანი, სწორედ აქეთკენ არის მიმართული დასაქმებისა საკითხის ამოქმედება. წესით, ამან ერთი მხრივ ეკონომიკის გააქტიურებას, მეორე მხრივ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი.
ასევე მინდა გკითხოთ აზარტული თამაშების რეგულაციასთან დაკავშირებით. პრემიერის განცხადებით კაზინოებს რეკლამირება აეკრძალებათ. თუმცა, სათამაშო ბიზნესი მედიაში აკეთებს რეკლამას და ბევრ მედია საშუალებას ასპონსორებს. არ ფიქრობთ, რომ ამან შეიძლება მედია საშუალებებს პრობლემა შეუქმნას და ბევრი დაიხუროს კიდეც?
- ამოცანა არის, ისევ და ისევ, ძალიან მძიმე სოციალური საკითხის გადაჭრა, რაც დაკავშირებულია მოსახლეობის ნაწილის აზარტულ თამაშებში ჩათრევასთან. ამ პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფომ მონაწილეობა უნდა მიიღოს. ვფიქრობ, ეს სწორი ნაბიჯი იყო. მედიას რაც შეეხება, ამაზე კომენტარი არ მაქვს. არ ვიცი აზარტული თამაშების კომპანიები ვის აფინანსებენ, ან რა დოზით. ვფიქრობ, მედია დამოუკიდებელი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, ფაქტია, სათამაშო ბიზნესი ჩვენს ქვეყანას აზარალებს - მის თამაშში არასრულწლოვნები ერთვებიან და ეს გაცილებით დიდ პრობლემად მიმაჩნია, ვიდრე ის რისკები, რაც შეიძლება თან ახლდეს სათამაშო ბიზნესის რეგულაციას.