გაფიცვების ტალღამ საბანკო სისტემაშიც შეაღწია. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საბანკო სექტორში თანამშრომლების ორგანიზებული გაფიცვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
„საქართველოს ბანკის“ ინკასაციის თანამშრომლებმა გუშინ გამაფრთხილებელი საპროტესტო გაფიცვა მოაწყვეს და მასში მონაწილეობა „საქართველოს ბანკის“ თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ინკასაციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ბანკის 80-მდე თანამშრომელი იქამდე გააგრძელებს საპროტესტო გამოსვლას, ვიდრე მათი პირობები დაკმაყოფილდება.
ინკასატორები „საქართველოს ბანკის“ მიერ დაგეგმილ რეორგანიზაციას აპროტესტებენ, რომლის შედეგადაც, ინკასაციის სამსახურების თანამშრომლებს სამუშაო პოზიცია შეეცვალათ, რაც მათი სამუშაოს მოცულობის გაზრდას და ანაზღაურების მნიშვნელოვან შემცირებას გამოიწვევს.
იმ შემთხვევაში, თუ ინკასატორები არ დათანხმდებიან გაუარესებულ სამუშაო პირობებს, ორგანიზატორთა ინფორმაციით, მათი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდება.
„ისინი არიან ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლისა და რისკის ფასად ბანკის წარმატებულ ფუნქციობას უზრუნველყოფდნენ. ამის მიუხედავად, ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ განახორციელოს რეორგანიზაცია, რაც ამ ადამიანების სამუშაო პოზიციების შეცვლას გამოიწვევს. კერძოდ, შეუმცირდებათ ანაზღაურება და გაეზრდებათ სამუშაო მოცულობა. თუ არ დათანხმდებიან, შრომითი კონტრაქტი შეუწყდებათ”, - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი, კომპანია DLG & CASE-ის წარმომადგენელი და გაფიცული თანამშრომლების ინტერესების დამცველი.
თავად „საქართველოს ბანკში“ აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ბანკი გადადის საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ და არაერთი ქართული ბანკის მიერ უკვე დანერგილ მეთოდზე, როდესაც ბანკის ინკასაციის მომსახურებას მთლიანად სპეციალიზირებული სამსახური - კონკრეტულ შემთხვევაში დაცვის პოლიცია - ახორციელებს, რომელმაც ეს სერვისი ერთი წლის წინათ შემოიღო.
„ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ შევისწავლეთ ახალი მომსახურების ეფექტურობა და დავრწმუნდით, რომ ის მკვეთრად აუმჯობესებს ბანკის უსაფრთხოებას. ამ რეორგანიზაციის გადაწყვეტილების შესახებ ინკასატორებს ეცნობა წინასწარ. ამასთან, ბანკი მათ სრულად უხდის ანაზღაურებას, წლიური ბონუსის ჩათვლით, გათავისუფლებისას ასევე გადაუხდის კანონით დადგენილ კომპენსაციასაც, დამატებით კი მათ მიიღეს შეთავაზება, გაევლოთ გასაუბრება დაცვის პოლიციაში, ამ ორგანიზაციაში შემდგომი დასაქმების მიზნით“, - აცხადებენ ბანკში.
„საქართველოს ბანკის“ ინკასაციის სამსახურის თანამშრომლები 2 საათის განმავლობაში პუშიკინის ქუჩაძე მდებარე ბანკის ოფისთან იყვნენ შეკრებილნი. რადგანაც გუშინდელი გაფიცვა გამაფრთხილებელი იყო, ორ საათს გაგრძელდა. თბილისის მასშტაბით ბანკის საინკასაციო სამსახურში მუშაობს 72 ინკასატორი, ხოლო საქართველოს მასშტაბით მათი რაოდენობა 106-ია.
გაფიცულები ამბობენ, რომ აქციამდე „საქართველოს ბანკს“ წერილობით მიმართეს და გამაფრთხილებელი აქციის შესახებ ამცნეს, თუმცა წერილს გამოხმაურება არ მოჰყოლია:
„მათგან არ ყოფილა დაინტერესება და, შესაბამისად, იძულებული გავხდით გაფიცვა მოგვეწყო“.
აქციის მონაწილეები „საქართველოს ბანკის“ მიერ წაყენებული პირობების თავიდან ასაცილებელად ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას გეგმავენ.
„იმედია, დღევანდელი გაფიცვის შემდეგ „საქართველოს ბანკთან“ რიგ საკითხებზე შეთანხმებას მივაღწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავაგრძელებთ გაფიცვას“, - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.