მიანმარში, სასამართლომ ყოფილ სახელმწიფო მრჩეველს, აუნ სან სუ ჩის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი მიანმარის ხელისუფლებაში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სასამართლომ აუნ სან სუ ჩი დამნაშავედ ცნო სამხედროებს შორის განხეთქილების გაღვივებასა და კორონავირუსის პროფილაქტიკასთან დაკავშირებული წესების დარღვევაში.
3 თებერვალს, მიანმარის პოლიციამ ქვეყნის პრეზიდენტს, ვინ მიინსა და სახელმწიფო მრჩეველს, აუნ სან სუ ჩის ბრალი წაუყენა. აუნ სან სუ ჩის ბრალი ექსპორტის შესახებ კანონის დარღვევაში მას შემდეგ წაუყენეს, რაც მის სახლში ჩხრეკის დროს ოთხი რაცია აღმოაჩინეს, რომელიც, პოლიციის განცხადებით, ქვეყანაში უკანონოდ იყო შემოტანილი და შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიყენებოდა.
16 თებერვალს, მიანმარის პოლიციამ სახელმწიფო მრჩეველს, აუნ სან სუ ჩის კიდევ ერთი ბრალი წაუყენა. მას ბრალი სტიქიური უბედურებების მართვის შესახებ კანონის დარღვევაში წაუყენეს.
1-ელ თებერვალს მიანმარში სამხედროებმა სახელმწიფო მრჩეველი, აუნ სან სუ ჩი და ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ მიინი დააკავეს. სამხედროებმა ქვეყანაში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სატელევიზიო მიმართვაში სამხედროებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო მიიღეს. სამხედროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ძალაუფლება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ მინ აუნ ხლაინს გადაეცემა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი, მიინტ შვე დანიშნეს.
11 თებერვალს, მიანმარში სამხედრო გადატრიალების გამო, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 10 ფიზიკურ პირსა და 3 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა.