ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, მანფრედ ვებერმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ახალი აგრესია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს მოკლავს.
გერმანელი პოლიტიკოსი მიესალმა ნატოს მიერ დაფიქსირებულ პოზიციას, რომლის თანახმად, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიული ქმედება ძვირი დაუჯდება.
„თუ პუტინი იარაღის გამოყენებას მიმართავს, ეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის დასრულებას ნიშნავს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მისი თქმით, გერმანიის ახალმა მმართველმა კოალიციამ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ ამ შემთხვევაში, გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება გამოირიცხება.
1-ელ დეკემბერს, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია მტკიცებულებებით, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი აგრესიული ქმედებები დაგეგმა. 2 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თავის რუს კოლეგას განუცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი სერიოზული შედეგების წინაშე დადგება.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა და იანვრის ბოლოსთვის ფართომასშტაბური სამხედრო შეტევისთვის შეიძლება მოემზადოს.