„შეიძლება კანონიც კი ირღვეოდეს, ვინაიდან არ შეიძლება შეურაცხადი ადამიანის გასამართლება“

„შეიძლება კანონიც კი ირღვეოდეს, ვინაიდან არ შეიძლება შეურაცხადი ადამიანის გასამართლება“

„ბინძურო მატყუარავ! ბინძურო მატყუარავ!“, - ასე მიმართა, როგორც თავად ამბობს, ქართული სახელმწიფოს შემქმნელმა მიხეილ სააკაშვილმა მისი საქმის პროკურორს. ბრალდებული სააკაშვილი უნდობლობას უცხადებს პროკურატურას და სასამართლოს. ამბობს, რომ როგორც კი ამ ქვეყანაში იქნება „სამართლიანი სასამართლო, იქნებიან ნამდვილი მოსამართლეები და პროკურორები“ წარსდგება სასამართლოს წინაშე.

„დაე, მან გამასამართლოს, თუნდაც ერთ წელიწადში, ორ წელიწადში, სამ წელიწადში. უკვე არ ვიცი ვიამაყო თუ არა, რომ ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ვარ, რადგან რაც დარჩა ამ სახელმწიფოსგან კარგად ვხედავთ. ხომ არ ჯობია, რომ თქვენც დამიჭიროთ მხარი და გაბედულად თქვათ, რომ მთელი ეს პროცესი არის ფარსი და ქვეყნის ისტორიული სირცხვილი. უმჯობესია, საზოგადოებამ მოითხოვოს ჩემი მძევლობიდან გამოყვანა. ყველანი ერთად თუ დაველოდებით ჩემ განთავისუფლებას ამ მახინჯი სისტემის ტყვეობიდან, რომლის ერთადერთი ფუნქციაა, მე აქედან ცოცხალი არ გავიდე. მერე უკვე მზად ვარ გეკამათოთ, დავიცვა ჩემი სიმართლე და ყველაფერი დანარჩენი“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.

სააკაშვილთან ერთად პროკურატურა სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები.

2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.

სააკაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის და გამოძიებას მიმართა, იგივე ბრალდებით რატომ არ ასამართლებენ სანდრა რულოვსს, რადგან ხარჯების დიდი ნაწილი, მეოთხედი ან მეხუთედი არის სანდრასი. ბრალდებული სააკაშვილი ამბობს, რომ მოვიდა ცარიელ ქვეყანაში და ასევე ცარიელი წავიდა ხელისუფლებიდან. სააკაშვილი იმასაც ამბობს, რომ როცა საქართველოდან წავიდა, საჭმლის ფულის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ბოლო წლებში უკრაინაში მისი გამოცდილება სათანადოდ დაფასდა.

„7 ნოემბრის შემდეგ მქონდა მძიმე ტრავმა, მქონდა ერთ-ერთი ორგანოს მწვავე ანთება, მაღალი სიცხე, ეს ყველაფერი იყო იმ ტრავმისა და განცდების შედეგი, რაც ვიხილე... სასამართლო დარბაზში მომიყვანეს სამი საათით ადრე, სასამართლო დაიწყო 50 წუთით დაგვიანებით. ეტყობა, თქვენ ბევრი დრო გაქვთ. არ მაქვს ბევრი დრო. მე ვარ უკრაინის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი. მე ვარ საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, ვარ რეგიონალური პოლიტიკური ლიდერი და მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დრო. ნამდვილად არ მაქვს დრო ფუჭად ხარჯვის კომედიებზე“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია გიული ალასანია, რომლის განცხადებით, ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ლიდერის გათავისუფლება და მხოლოდ აქტიურობის გზით არის შესაძლებელი რაღაც შედეგის მიღება. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს რაც ჰქონდა სათქმელი, გუშინ, სასამართლო სხდომაზე თავად თქვა და სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტს აქტიურობას ურჩევს.

„არის ძალიან გადაღლილი, არის საკმაოდ სუსტად. როგორ უნდა იყოს, ამდენი დღე გავიდა და რა შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში? მეტი აქტიურობა საზოგადოებისგან, ხალხისგან,  ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რასაც მე ვხედავ. ხომ დაინახეთ რა ხდება სასამართლოზე, რა იმედი უნდა მქონდეს? ადამიანი თვითონ იცავს თავის თავს, გამოდის, ლაპარაკობს და შედეგი რა მოჰყვება ამ ლაპარაკს?

მანამდეც ლაპარაკობდა ამდენი წელი. მხოლოდ აქტიურობის გზით არის შესაძლებელი რაღაც შედეგის მიღება. ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ლიდერის გათავისუფლება. მე არ ვარ იმ კომიტეტში და ისევ ვურჩევ აქტიურობას. თვითონ განსაზღვრავენ ალბათ. რაც შეიძლება მეტი სიმრავლე და აქტიურობა არის საჭირო“, - აცხადებს გიული ალასანია.

ყველაფერი ცუდის, რაც 2012 წლამდე, ავადსახსენებელი 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მთავარი შემოქმედი და შემქმნელი იყო მიხეილ სააკაშვილი, თავის თანამოაზრებთან ერთად. კალაძის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს, კიდევ ბევრ საქმეზე მოუწევს პასუხისგება.

„მან რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს და ეცადოს თავის არიდებას კორუფციაზე, კრიმინალზე, ხალხის გაუბედურებაზე, ოჯახების გამწარებაზე, ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე, რომელიც ფეხქვეშ იყო გათელილი, ბიზნესის ტერორზე, რომელიც ყოველდღიურად ხდებოდა - ეს ხომ კონკრეტული ფაქტები იყო? ამას ხომ ვერავინ გაექცევა? ამით ცხოვრობდნენ ადამიანები და ეს იყო ყოველდღიური საშინელება, რომელიც ხდებოდა იმ ხელისუფლების დროს. აი, ამის მთავარი შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი და რაც უფრო მეტს ვალაპარაკებთ ამ ადამიანს, უფრო საინტერესოა. ძალიან კარგად იცით რისთვის იხდის სასჯელს და მოუწევს კიდევ ბევრ რაღაცაზე პასუხისგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ექს-პრეზიდენტმა კარგად იცის რისთვისაც ასამართლებენ, მაგრამ ცდილობს, რომ თავი აარიდოს მოსალოდნელ სასჯელ და აქცენტს ძალადობრივი გზით მის დახსნაზე აკეთებს, რაც ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის განცხადებით, არ ტოვებს ადეკვატურობის განცდას. მანჯავიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ყოველთვის არადეკვატური იყო, მაგრამ პრობლემა სააკაშვილში არ არის, პრობლემა არის საზოგადოებაში, რომელიც ვერ ხედავს, ვერ არჩევს ნორმალურ ადამიანს არანორმალურისგან.

„ეს არის პრობლემა, თორემ სააკაშვილი, რომ არანორმალური იყო, ეს თავიდანვე ვიცოდით და რასაც მოიმოქმედებდა ესეც გასაგები იყო. პირადად ვამბობდი და სხვებიც ამბობდნენ, რომ ნორმალური ადამიანი არ არის. საზოგადოებაშია პრობლემა, რომლებსაც რეალობის აღქმა აქვს დაკარგული. ეს სასამრთლო პროცესიც ამას ადასტურებს. როგორც შეიძლება 1996 წლიდან დღის წესრიგს ქმნიდეს ფსიქიურად შეშლილი?ძნელი გასარკვევია, რომ ეს ადამიანი არ არის ნორმალური?

თან დაადგინა მისმა სახელოვანმა ექიმმმა ყიფშიძემ, რომ მას აქვს თალასემია. გადაშალონ სამედიცინო ენციკლოპედია და წაიკითხონ რას ნიშნავს თალასემია და გაიგებენ რატომ იქცევა სააკაშვილი ასე. ან დედამისის ნათქვამი გაიგონ რას ამბობს მის შვილზე. განდიდების და დევნის მანია აქვს, რეალობის არაობიექტურად აღმა, რომელიც დაკავშირებულია განუწყვეტლივ პათოლოგიურ მატყუარობასთან. ეს აიზბერგის ზედა ნაწილია. პრობლემა საზოგადოებაშია, ლოგიკურად ვიმკით შედეგებს“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

ანალიტიკოსის განცხადებით, სასამართლოს და პროკურატურის მოქმედება ადეკვატური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის და მისი გარემოცვის მიერ ჩადენილ უამრავ დანაშაულს გამოიძიებდნენ და არა მარტო ამ 9 მილიონს. აღადგენდნენ სამშობლოს ღალატის მუხლს და გაასამართლებდნენ 2008 წლის დანაშაულზე.

„რაც 2008 წელს აკეთეს და მანამდეც, რამაც გამოიწვია ჩვენი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა, აი, მაგ მუხლს მიუყენებდნენ და ეს იქნებოდა ადეკვატური. ჯერ დავითგარეჯის საქმეზეც არ აქვს ბრალი წაყენებული, წარმოგიდგენიათ სად ვართ?! რა გამოდის, არავინ არ ყოფილა დამნაშავე, მე დავაშავე?

ეს ადამიანი ამბობს, რომ მე, სახელმწიფოს დამფუძნებელი ვარ, გამომიშვით, არსად არ გავრბივარ, შევქმნათ ახალი სასამართლო და მერე ვილაპარაკოთო. მერე სანდრა რატომ არ ზის ჩემს გვერდითო, როგორ შეიძლება ამ ადამიანზე ილაპარაკო პოლიტიკურ ჭრილში? გიჟებს სინანულის გრძნობა არა აქვთ. სინანული შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც აქვს სინდისი. გიჟს არ აქვს სინდისი და სინანული საინდან ექნება? რას სინანულს სთხოვთ სააკაშვილის, რომელსაც აქვს თვითგადარჩენის ინსტიქტი და მანიპულაციის უნარი, რაც ბევრ შერყეულ ადამიანს აქვს. წაიკითხონ ფსიქიატრიის სახელმძღვანელოები, როგორი შემთხვევებია იქ აღწერილი.

იმდენი რამეები აქვს ნათქვამი და გაკეთებული, რომ ნორმალურ ადამიანს აზრი უნდა ჰქონდეს შექმნილი ამ ადამიანის გარშემო. ერთი მხრივ სასაცილოა ამაზე პოლიტიკურ ჭრილში საუბარი და მეორე მხრივ სასაცილოც აღარ არის, იქიდან გამომდინარე, რომ ნამდვილად იწვევს ძალიან ცუდ განცდებს მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე სიცილი. აღარც სასაცილოა და აღარც გასარჩევი“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ცინიკურად და უტიფრად განაგრძობენ იმის მტკიცებას, რომ ყველაფერში მართლები იყვნენ და არაფერში არ მიუძღვით დანაშაული, რაც ძალიან ცუდია, პირველ რიგში, მათთვის და მათი რეიტინგისთვის.

„მაგრამ სააკაშვილის ბოლი ორი სასამართლო სხდომა არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ გველაპარაკება შერაცხადი ადამიანი. მე, მახსოვს, მისმა მკურნალმა ექიმმა წამოაყენა წინადადება, რომ ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა შეამოწმონონ. საინტერესოა, შეამოწმეს კი? და თუ შეამოწმეს რა დასკვნა დაიდო? ამიტომ მართლა არ შეიძლება ადაეკვატური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდეს. იმიტომ, რომ არ არის გამორიცხული 27 დეკემბერს იქნება, იანვარში, თუ თებერვალში შეიძლება თავი უკვე ნაპოლეონ ბონაპარტად გამოაცხადოს.

ჩემი აზრით, შეიძლება კანონიც კი ირღვეოდეს, იმიტომ, რომ არ შეიძლება შეურაცხადი ადამიანის გასამართლება. შეურაცხადი ადამიანი უნდა იყოს სხვა დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. ამიტომ, პოლიტიკურმა წრეებმა, იურისტებმა, პროკურატურამ ეს საკითხი უნდა წამოაყენოს - ჩვენ გველაპარაკება ნორმალური ადამიანი? მან, განსაკუთრებით 2 დეკემბრის სხდომის შემდეგ,  სიბრალურის გრძნობის გარდა სხვა არაფერი დატოვა, როდესაც თავს დაესხა თავის ცოლს, დაცვის ყოფილ უფროსს, იქ - ვანო მერაბიშვილს. თან ისაუბრა რაღაცა გლობალურ საკითხებზე, რაზეც მართლა ოცნებობენ სპეცსამედიცინო დაწესებულებაში ჩაკეტილები. ამიტომ, უპრიანი იქნება ეს ადამიანი ძალიან მალე შემოწმდეს ფსიქიატრების მიერ. იმიტომ, რომ ძალიან რთულია რაციონალური პოლიტიკით და ანალიზით ახსნა ის, რაც მან ილაპარაკა“, - აცხადებს გია აბაშიძე.

გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილი მისმა თანაგუნდელებმა მოატყუეს და 1 ოქტომბერს შემოაპარეს საქართველოში იმ იმედით, რომ 3 ოქტომბერს იქნებოდა გარანდიოზული აქცია და მოაწყობდნენ მორიგ რევოლუციას. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, სააკაშვილი ჯერ კიდევ ელოდება და აქვს იმედი, რომ იქნება გრანდიოზული, მასობრივი საპროტესტო მხარდამჭერი აქციები და მას გაანთავისუფლებენ.

„ამიტომ, ახლა გვესმის მისი თანაგუნდელებისგან ძალიან ბავშვური განცხადებები, რომ სააკაშვილის ხსნის კომიტეტი შეიკრიბება და ა.შ. ანუ, იგივენი, ვისაც ვხედავთ სააკაშვილის ტელეარხებზე, რომლებიც პოლიტიკურ ამინდს ნამდვილად ვერ ცვლიან საქართველოში. საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი დაკავებულია სხვა საკითხით, სხვა გამოწვევებით და სხვა პრობლემებით. მათ აინტერესებთ ამ მთავრობის ინიციატივები, პროგრამები და პროექტები.

ასე რომ, სააკაშვილი ჯერ კიდევ ელოდება ამ მასობრივ აქციებს, რომელიც არასოდეს არ იქნება, მაგრამ ეს მისი პრობლემაა. მე კიდევ დაჟინებით მოვითხოვ - სააკაშვილი რაც შეიძლება მალე შეამოწმონ ფსიქიატრებმა. იმიტომ, რომ აბსოლუტურად გაუგებარია მისი ბოდვების პოლიტიკური კონტექსტი, რასაც აყოლილი არიან მისი თანაპარტიელები, მისი მარიონეტი ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძე.

Katana . შეურაცხადობასთან დაკავშირებით: კამო (სიმონ ტერ-პეტროსიანი), მოგეხსენებათ, თავს ისეთი ოსტატობით იგიჟიანებდა, ევროპის საუკეთესო ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა გასინჯეს და დაასკვნეს - ნამდვილად შეშლილიაო!..
მე არ ვფიქრობ, რომ მიშას დიდი ძალისხმევა სჭირდება თავის მოსაგიჟიანებლად, მაგრამ არც ამ საკითხით პედალირება მგონია გონივრული: გათავისუფლდება და ისევ ისე გააგრძელებს თავის დესტრუქციულ მოღვაწეობას ნებისმიერი ქვეყნიდან!
2 წლის უკან
Gami ვეთანხმები katana-ს. ამ საკითხში მეტი სიფრთხილეა საჭირო. თუ მას მართლაც დაუდგინდა/ კომპეტენტური კომისიის მიერ/ შეურაცხადობა, მაშინ გარდა სპეციალურ კლინიკაში მკურნალობის გარდა, ხელისუფლების მიერ მოთხოვნილი უნდა იქნეს და შემუშავდეს სპეციალური გარანტიები, რომ პირველი კლინიკაში მისი მკურნალობა არ იქნება ფორმალური და მეორე მას მისი მდგომარეობიდან გამომდინარე აეკრძლება პოლიტიკური საქმიანობა. აქ თეზა: " გიჟი თავისუფალია" აე მოქმედებს!. შეიძლება გამოყენებული იქნას დიდი ოდენობის ფინანსური სანქცია-ჯარიმა. საერთოდ რატომ არ ხდება მისი საბანკო ანგარიშების მოძიება და შესწავლა.
2 წლის უკან
romani სოსო მანჯავიძე: "რაც 2008 წელს აკეთეს და მანამდეც, რამაც გამოიწვია ჩვენი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა, აი, მაგ მუხლს მიუყენებდნენ და ეს იქნებოდა ადეკვატური". დიახ, ეს არის სააკაშვილის რეჟიმის მთავარი დანაშაული, იგი არის სამშობ;ოს მოღალატე და სახელმწიფო დამნაშავე. პირველი ბრალდებით აქ უნდა გასამართლდეს, მეორე ბრალდებით - ჰააგის სასამართლოში. მაგრამ, საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, უნდა მოიხსნას თავიდან ღირსებააყრილი ლეჩაქი, გამოვიდეს სირაქლემის პოზიციიდან და აღიაროს თავისი წვლილიც იმ კატასტროფაში, რაც ამ ავანტიურისტმა დაატრიალა 2008 წელს თავის სამშობლოში.
2 წლის უკან