მსოფლიოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი „ომიკრონ“ გაჩნდა, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში უკვე გავრცელებულია და სპეციალისტების ვარაუდით, მანაც შესაძლოა, მოიცვას მთელი დედამიწა, ისევე როგორც თავის დროზე ე.წ. ბრიტანულმა და „დელტა“ შტამებმა. საუბარია იმის შესახებ, რომ „ომიკრონს“ უფრო სწრაფი გავრცელება ახასიათებს, ვიდრე სხვა სახეობებს.
რაც შეეხება კლინიკურ ნიშნებს, საბოლოო კვლევა ამასთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს, თუმცა, სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ ნებისმიერ სახეობის და მათ შორის „ომიკრონის“ წინააღმდეგ, კაცობირობას მხოლოდ ერთი იარაღი აქვს, ეს არის ვაქცინა, რაც მათი შეფასებით, ეფექტურია ახალი შტამების წინააღმდეგაც. ამასთან, ითქვას ისიც, რომ რეალურად, პანდემია არა დასასრულისკენ, არამედ ახალ ფაზაში გადადის და მუტიციის შედეგად, ახალ-ახალი შტამებით გვევლინება.
ექიმის და უმრავლესობის დეპუტატის, ლადო კახაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შტამი საქართველოში ჯერ არ შემოულა, ადრე თუ გვიან, ეს მოხდება. როგორც მან For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ახალი სახეობის ქვეყანაში შემოსვლა კიდევ ახალ გართულებებს ნიშნავს. მან საზოგადეობას კიდევ ერთხლ მოუწოდა ვაქცინაციის ჩატარებისკენ იმისათვის, რომ საქართველოში ისედაც რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, უფრო მეტად არ დამძიმდეს.
„დედამიწაზე ნებისმიერი პრობლემა, რომელიც გაჩნდება პანდემიური სახის, ის ნებისმიერ სახელმწიფოს დაემუქრება, - ეს ასეთი წესია. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ნებისმიერ გართულების თავიდან ასაცილებლად. რაც დღეს ცნობილია წამყვანი მეცნიერების მიერ, აღნიშნული შტამი კიდევ ქვეშტამებს შეიცავს, დაახლოებით 32-ს, მარტო ის არ შემოვა, ასევე შემოვა თავისი ქვეშტამებით და ისიც გარკვეულწილად თავის გართულებებს გამოიწვევს. როგორ ითანამშრომლებს აქ არსებულ შტამებთან, მათ ჩაანაცვლებს თუ მათთან ერთად „იღვაწებს“ უარყოფითად, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია.
მეცნიერების თქმით, ეს შტამი უფრო ჩქარა ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ შტამი, რომელმაც თავის დროზე ინგლისურ შტამს გადაასწრო სიჩქარეში და ეს იმაზე უფრო ჩქარია. ამიტომ, დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება, რაც გადატვირთავს სექტორს და ეს გაამძაფრებს ცუდ გამოსავალს, ანუ ბევრზე ვერ გაწვდება ექიმთა რაოდენობა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა. თუ ეს ჩქარა გავრცელდა და აღმოჩნდება, რომ ვირულენტობაც მაღალი აქვს, მაშინ ეს კატასტროფულად გაზრდის ცუდ გამოსავალს.
არსებულ რეალობაში, აცრილ ადამიანებს აქვთ მეტი წინააღმდეგობის გაწევის უნარი, რითიც არ უნდა იყვნენ აცრილი, მათი იმუნური სისტემა გაცილებით უკეთესად არის მომზადებულია ამ შტამის მიმართაც. ამიტომ, პირველი მოწოდებაა, რომ გაძლიერდეს და დროის მოკლე მონაკვეთში ადამიანების დიდი რაოდენობა უნდა აიცრას. როდესაც ადამიანები გონიერ და პრაგმატულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ისინი მსხვრეპლი ხდებიან გართულების“, - განაცხადა ლადო კახაძემ For.ge-სთან.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანია ვაქცინაციის ტემპის აწევა, რადგან აცრა ნებისმიერი სახეობის წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებს. სხვა შემთხვევაში, მისი შეფასებით, არსებული ვითარება უფრო მეტად გართულდება.
„თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იქნება ვაქცინირებული, ნებისმიერ ახალი შტამი, რომელიც ადვილად ვრცელდება, დამატებით პრობლემებს შექმნის. ვიცით, რომ ეს შტამი შედარებით ადვილად ვრცელდება, თუმცა, კლინიკური მახასიათებლებით, რომ უფრო მძიმე მიმდინარეობა ჰქონდეს, ამაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, პირიქით - არის მონაცემები, რომ შეიძლება მძიმე მიმდინარეობა ნაკლები იყოს, მაგრამ აქვს ადვილად გავრცელების უნარი.
ძირითადად ვრცელდება ისეთ ქვეყნებში და რეგიონებში, სადაც ადამიანები არ არიან ვაქცინირებულები. თუ ჩვენ ვაქცინაციის პროცესს აქტიურად არ ჩავატარებთ, ახალი შტამებისგან საფრთხეები ყოველთვის იქნება. თან, ვიცით ასევე, რომ არსებული ვაქცინებიდან „ფაიზერი“ საკმაოდ ეფექტურია ახალი შტამის მიმართ. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ერთადერთი არჩევანი, რომ ჩავიტაროთ აცრა და ამით ვიყოთ დაცული ახალი შტამებისგანაც. ჯერ სხვა ვაქცინის მწარმოებლებს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. მწარმოებელთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ისინი მუშაობენ ამ საკითხზე - ან ახალი, უფრო ეფექტური ვაქცინის შექმნაზე, ან არსებული ვაქცინების შესწავლაზე“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ For.ge-სთან.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, არის მოლოდინი, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში დაახლოებით ერთ თვეში გავრცელდება, თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ რაიმე განსაკუთრებული შეშფოთება ახალ სახეობასთან მიმართებაში არ არსებობს.
„რაიმე განსაკუთრებული შეშფოთება და შიში არ არის საჭირო ახალ შტამთან დაკავშირებით. მოელიან, რომ საქართველოში ერთ თვეში იქნება. საქართველო მთვარეზე არ არის, ქვეყნებს შორის მიმოსვლა არის, თუმცა დამატებითი შეზღუდვები დაწესდა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ახალი შტამის შემოტანაა მოსალოდნელი. თავს დიდხანს ვერ დაიცავ, უკვე ნიდერლანდებშია დაფიქსირებული, გერმანიაში, ბელგიაში და აქაც დაფიქსირდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა გავაძლიეროთ ვაქცინაცია. ჯერ მაინც „დელტა“ შტამი დომინირებს და მინიმუმ 1 თვე „დელტას“ შტამი იქნება დომინანტი. უნდა გამოვიყენოთ პირბადე, რომელიც 100%-ით იცავს ყველა შტამისგან, რამდენი მუტაციაც არ უნდა იყოს. თავი უნდა ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის, ნიცან ჰოროვიცის განცხადებით, ადრეული მინიშნებები არსებობს, რომ ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები, ან ისინი, ვისაც „ბუსტერ“ დოზა აქვთ მიღებული, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტისგანაც დაცულები არიან. მისი თქმით, ამჟამად ვაქცინაციას ნამდვილად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი სამხრეთ აფრიკაში პირველად 24 ნოემბერს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას „შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიანიჭა და განაცხადა, რომ ახალ ვარიანტთან დაკავშირებით საერთო გლობალური რისკი შეფასებულია, როგორც ძალიან მაღალი.