ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის, „მოსადის“ დირექტორმა, დავიდ ბარნეამ პირობა დადო, რომ ირანი ბირთვულ იარაღს არასდროს მიიღებს.
„ნათელია, რომ სამოქალაქო მიზნებისთვის 60%-ით გამდიდრებული ურანი საჭირო არ არის. არ არის საჭირო სამი ადგილი ათასობით აქტიური ცენტრიფუგით. ყველაფერი ეს არ არის საჭირო, თუ ბირთვული იარაღის შექმნის განზრახვა არ გაქვს“, - აღნიშნა დავიდ ბარნეამ.
„მოსადის“ დირექტორის თქმით, ირანი რეგიონული ჰეგემონიისკენ მიისწრაფვის, ტერორიზმში ჩართულია და ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობას განუწყვეტლივ ემუქრება.
„სიფხიზლეს ვინარჩუნებთ და თავდაცვის უწყებაში ჩვენს კოლეგებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ისრაელის სახელმწიფო საფრთხისგან დავიცვათ და ეს საფრთხე შევაჩეროთ. ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება. ამის უზრუნველყოფა „მოსადის“ ვალდებულებაა“, - აღნიშნა „მოსადის“ დირექტორმა.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ირანთან ბირთვული მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.
23 ნოემბერს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ მოქმედების თავისუფლებას შეინარჩუნებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა ირანის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება.