თეთრი სახლი: უკრაინაში ხელახალი აგრესიის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს უყოყმანოდ მივიღებთ

თეთრი სახლი: უკრაინაში ხელახალი აგრესიის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს უყოყმანოდ მივიღებთ

აშშ-მა ცალსახად დააფიქსირა, რომ უყოყმანოდ მიიღებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს, მათ შორის ეკონომიკურს, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებს. ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

„ენტონი ბლინკენმა დღეს ნათლად თქვა, რომ ამ ზომების გამოყენებისგან თავს არ შევიკავებთ, მაგრამ ამას გავაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციით“, - აღნიშნა ფსაკიმ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე აშშ აქტიურად თანამშრომლობს არა მხოლოდ პარტნიორ ქვეყნებთან, არამედ პირდაპირ კავშირზეა უკრაინასა და რუსეთთანაც.

30 ნოემბერს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია ძვირად დაუჯდება, რასაც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ შეშფოთებულია მტკიცებულებებით, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი აგრესიული ქმედებები დაგეგმა.