„მოსახლეობამ ის მიშა ვერ იხილა, რომელიც უნდოდა“ - რა გეგმა აქვს სააკაშვილს და როგორ აპირებს ხელისუფლებაზე გადამწყვეტ დარტყმას?!

„მოსახლეობამ ის მიშა ვერ იხილა, რომელიც უნდოდა“ - რა გეგმა აქვს სააკაშვილს და როგორ აპირებს ხელისუფლებაზე გადამწყვეტ დარტყმას?!

ამზადებს თუ არა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მომდევნო სასამართლო სხდომებზე ხელისუფლებაზე დარტყმას და რა სახის ინფორმაცია შესაძლოა მან გაასაჯაროვოს, რაც „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურად დააზიანებს? როგორც ცნობილია, სააკაშვილის სასამართლოები ე.წ. პიჯაკების საქმეზე 2 დეკემბერს, ხოლო 23 დეკემბერს 7 ნოემბრის აქციის დარბევაზე ჩატარდება. სააკაშვილს სასამართლოებზე დასწრება ისევ უნდა.

როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, სააკაშვილი ჯერჯერობით დასავლეთისთვის თამაშობს და მისი პირველი გამოსვლა 29 ნოემბერს უფრო აკადემიური იყო და ეს სწორედ მათზე იყო გათვლილი. ქართულმა საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილი რეალურად როგორიც არის, კარგად იცის, ამიტომაც მისი თამაში ადვილად თვალში საცემი იყო. ჩნდება ეჭვი, რომ ის სასამართლო სხდომებს გეგმაზომიერად გამოიყენებს და ნელ-ნელა, ხელისუფლების კიდევ უფრო დაზიანებას შეეცდება. თუმცა რასაც არ უნდა შეეცადოს, ხელისუფლება თუკი პროვოკაციას არ წამოეგო, სააკაშვილი ბევრს ვერაფერს შეძლებს.

სავარაუდოდ, ტაქტიკურად მას სჭირდება, რომ ხელისუფლება ცოტა მოეშვას, ხოლო მნიშვნელოვანი დარტყმა ამის შემდეგ განახორციელოს.

რაც შეეხება 2 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომას, გამოძიება სააკაშვილს 9 მილიონი ლარის სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება. ეს საქმე კი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მხოლოდ პიჯაკების საქმედ ფასდება. უმრავლესობისთვის კი ეს არის ბოტოქსების საქმე, მასაჟი, სასტუმროები და შვილისთვის სწავლის დაფინანსების საქმე.

მმართველ გუნდი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმის „ნაცმოძრაობის“ მიერ დასათაურებულ ვერსიას არარელევანტურს უწოდებს. საქმე ეხება 9 მილიონი ლარის სახაზინო დანახარჯს, რაზეც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. „ქართული ოცნებაში“ ამბობენ, რომ მასაჟის, სასტუმროების, ჰიგიენური მომსახურების, შვილისთვის სწავლის დაფინანსების და სხვა პირადი მომხმარებისთვის გაღებული თანხები ელიტური კორუფციის მტკიცებულებაა, რასაც სააკაშვილის მომხრეები მიზანმიმართულად აუფასურებენ.

რაც „ქართული ოცნებისთვის“ ბოტოქსებზე დახარჯული ფულია, პროტოკოლურ აუცილებლობას უწოდებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. სააკაშვილის თანაგუნდელების თქმით, სისხლის სამართლის საქმეში არსებული სადავო 9 მილიონი, პრეზიდენტმა კანონის სრული დაცვით განკარგა.

ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველი, შოთა თუთბერიძე  აცხადებს, რომ მსჯავრდებული სასამართლო პროცესზეც სიტყვით წარდგება, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

„პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც როგორც უკვე აღვნიშნე, ფარდა აეხდება ყველა იმ აბსურდულ და პოლიტიკურ ბრალდებებს, რომელიც მის წინააღმდეგ გახლავთ. მე არ მინდა სიტყვის დეტალებზე საუბარი, თუმცა, ბუნებრივია, ეს სიტყვა იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი. დაველოდოთ, ნამდვილად საინტერესო მოვლენები გველის“, - ამბობს სააკაშვილის ადვოკატი.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ძირითადად საკუთარ ამომრჩეველზე მუშაობს და ამის პარალელურად ე.წ. შუაშიტს ამომრჩეველს არწმუნებს, რომ მართალია. ცდილობს იმას, რომ „ოცნების“ ხელისუფლება რუსეთთან დააკავშიროს და მის მიმართ წაყენებული ბრალდებები ერთი დიდი შეთქმულების ნაწილად წარმოაჩინოს.

„სამწუხარო ისაა, რომ სააკაშვილი დღემდე ვერ ათვიცნობიერებს რატომ გადაირჩიეს. თუმცა თვალში მოსახვედრი იყო მისი საკმაოდ სოლიდური და აკადემიური იმიჯი. ჩვენ ვიცით მისი ემოციური ხასიათი და ასევე ბოლო დროს ექიმები ამბობდნენ, რომ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა. არა და სასამართლო დარბაზში სრულიად გაწონასწორებული ადამიანი ვიხილეთ, რომელიც ძალიანაც მომზადებული საუბრობდა. საზოგადოების წინაშე ნამდვილი სააკაშვილი იდგა. აქ არა მხოლოდ ფიზიკურ მდგომარეობას ვგულისხმობ, არამედ იდეოლოგიური თვალსაზრისითაც. მის გამოსვლაში პრაქტიკულად, ახალი არაფერი იყო. ერთადერთი შეცდომა რაც აღიარა, სასამართლო სისტემა იყო. იმაზეც, დარწმუნებული ვარ, გული იმიტომ წყდება, რომ ისევ მას შეეხო“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, სააკაშვილი სასამართლოს სხდომებს მაქსიმალურად პოლიტიკური პლატფორმისთვის გამოიყენებს, მაგრამ რაც უკვე მოვისმინეთ, ეს სიტყვები საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს გულს მაინც ვერ მოულბობს. მის მიმართ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აზრი უკვე არსებობს და მას არაფერი ახალი არ უთქვამს, რომ დაუჯერონ. ამიტომ სააკაშვილი „ოცნებას“ პოლიტიკური გამოსვლებით ზიანს ვერ მიაყენებს. პირიქით, საზოგადოება უფრო რწმუნდება, რომ მისი უკან ხელისუფლებაში დაბრუნება აღარ შეიძლება.

„სააკაშვილი მაქსიმალურად ეცდება, საქართველოს მოსახლეობაზე და განსაკუთრებით საერთაშორისო საზოგადოებაზე მასქიმალურად გაწონასწორებული შთაბეჭდილება დატოვოს. მისი საუბრის ძირითადი შინაარსი ისევ ბაქი-ბუქი იქნება. თურმე იმის გამო, რომ ქართული სახელმწიფო „აგვიშენა“ მადლობლები უნდა ვიყოთ და ის საშინელი სისტემური დანაშაულებები უნდა დავივიწყოთ. ქართველმა ხალხმა სასამართლო სხოდმაზე ვერ იხილა ის მიშა, რომელიც მათ სურდა - მიშა, რომელიც ჩადენილ შეცდომებს ნანობს და დამადლების გარეშე ბოდიშს იხდის. ამიტომ არ მგონია, რომ მან ამ გამოსვლებით ხელისუფლებას რამე პოლიტიკური ზიანი ან საკუთარ თავს დივიდენდები მოუტანოს. ის თავის რებრენდიგს ცდილობს, რაც ნაკლებად მგონია, რომ გამოუვა“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ სააკაშვილი მთავარ დარტყმას ხელისუფლებაზე ახლა ამზადებს. ის სიტუაციას ნელ-ნელა კიდევ უფრო დაძაბავს, თუმცა აქედან გამოუვა თუ არა რამე, რთული სათქმელია. ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მან ჯერჯერობით სიტუაცია მოსინჯა, აინტერესებს საზოგადოება მის მიმართ როგორ განეწყობა. ამიტომაც სასამართლო სხდომებზე მისი სიტყვა უფრო მეტად პოლიტიკური გახდება.

„სააკაშვილს უნდა, რომ სასამართლო როგორც პოლიტიკური პლატფორმა, ისე გამოიყენოს, სწორედ ამიტომ იყო, რომ ხელისუფლებას ის სასამართლოში არ მიჰყავდა. თუმცა ძალიან სწორად მოიქცნენ, როცა სასამართლოში მიყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. რაც შეეხება კითხვას, შეცვლის თუ არა სააკაშვილი სიტყვით გამოსვლები პოლიტიკურ ამინდს - არა, რადგანაც საზოგადოებაში მის მიმართ დამოკიდებულება უკვე დალექილია. სწორედ ამის შეცვლას შეეცდება, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომაც ხელისუფლებამ ამის საშუალება უნდა მისცეს. 29 ნოემბერს რაც მან ისაუბრა, ეს უფრო „მოთელვას“ ჰგავდა, მგონია, რომ სიტუაციის უფრო გამწვავებას ეცდება.

 უბრალოდ ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ ამას არ წამოეგოს. ის ახლა მომდევნო სასამართლოს სხდომაზე სრულიად სხვა ფორმით გამოვა. ამიტომ პროკურორები მომზადებულები უნდა იყვნენ მაქსიმალურად, რომ მათი მტკიცებულებები მყარი იყოს. ხელისუფლება თუკი სიმშვიდეს შეინარჩუნებს, ის ვერაფერს შეძლებს. მით უმეტეს ახლა „ოცნება“ ყველაზე კარგ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს, რადგანაც სააკაშვილის ფაქტორმა მთელი ოპოზიცია შვებულებაში გაუშვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რიგგარეშე არჩევნების თემა საერთოდ დღის წესრიგიდან მოიხსნა და სააკაშვილთან პირისპირ დარჩენილი ხელისუფლება ყველაზე კარგ სიტუაციაში აღმოჩნდა“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.