აქეთ, ჩემო ბატონო, აქეთ მობრძანდი. აქ ისეთი ხალვათობაა, ორივე თავისუფლად დავეტევით. ირგვლივ რომ მღვრიე ბურუსი დგას, ეგ ნუ გაფიქრებს, მალე თვალს შეაჩვევ და ყველაფერი გამოჩნდება. მობრძანდი. რაღაც განსაკუთრებულ და უცნაურ სანახაობას გაჩვენებ-მეთქი, ვერ შეგპირდები. ან კი, კოსატას თავში განსაკუთრებული რა უნდა იყოს! მაგრამ, ავადაა თუ კარგად, კოსტა ადამიანია და მისი თავი ადამიანის თავია. ადამიანის თავში კი, მოგეხსენება, ისეთი განუკითხავი არეულობა სუფევს, განსაკუთრებული და უჩვეულო რომც არაფერი ხდებოდეს, დაინტერესებული თვალი მაინც მრავალ თავშესაქცევს იპოვის. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ჯობდა ისეთი თავი ამერჩია, ზოგადსაკაცობრიო სატკივარით რომ იყოს გახურებული და შიგ მსოფლიო სევდის ნატიფი სურნელი იდგეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული.
(ჯემალ ქარჩხაძე, “გუბე”)
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ საანგარიში გაახხაკუნა და დათვალა, რომ საქართველოში, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ახალშობილებს ყველაზე ხშირად ნიკოლოზსა და მარიამს არქმევენ. არქმევენ და დაარქვან! ოცი წლის წინ ლამის ყველას ზვიადი რომ ერქვა, აბა ის იყო კარგი? ის იყო ცუდი! ძალიან ცუდი იყო, მაგრამ არსებობს ცუდი და არსებობს უარესი.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ეს უარესებიც გამოიკვლია და ნიუსში წავიკითხე: “საინტერესოა, ასევე, სამოქალაქო რეესტრის ბაზაში აღრიცხული იშვიათი სახელები: მილიარდი, სამძიმარა, ვებერთელა, მხედარი, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ფიზიკა, პელე, გარინჩა, ნიუტონი, სევდაგულ, ფემისტოკლე, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო, მოქეიფე და სხვა”.
აზრზე მოდითო – კუშნერმა დაგვიბარა. ბაზარი არ არისო – უთხრეს მიხეილმა, დავითმა და გრიგოლმა. ბაზარი როგორ არ არის? აი, საბაზრო ეკონომიკისა კი, რა მოგახსენოთ! ამას უფრო ვერანა ეკონომიკა ჰქვია, მართალია – მდგრადი, მაგრამ მაინც ვერანა.
ვერა ქობალიას პირველ მოადგილედ არჩილ კეკელია დაინიშნა. “არჩილ კეკელია საკმაოდ გამოცდილი პიროვნებაა. ის მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე საბანკო და ნავთობის სფეროში. აქვს გარკვეული გამოცდილება ენერგეტიკის სექტორშიც. წლების განმავლობაში მუშაობდა ლონდონში”, - თქვა ვერა კობალიამ. უფრო სწორად, კი არ თქვა, წაიკითხა. მანამდე, წაიკითხა “გამარჯობათ”, ბოლოს კი წაიკითხა “კარგად ბრძანდებოდეთ”.
ეს, “საკმაოდ გამოცდილი” როგორ უნდა გავიგოთ, მარტოხელა-მარტოსულო ქალბატონო? ნუ მიხურავ, ნუ მიხურავ კარებს... როგორ უნდა გავიგოთ და, ჭრიჭინებენ, ჭრიჭინებენ ჭრიჭინები და ჭრიჭინში ათენებენ ღამეს, აღამებენ დღეებს, ასაღამოვებენ შუადღეებს და წავიდა ჰეეე...
შემდეგ სხვა ნიუსი მოვიდა - “ვერა ქობალია წარმატებული საპრივატიზაციო პროცესის დაწყებაზე საუბრობს”. გოგო არ საუბრობდა, გოგო კითხულობდა დაწერილს და ისე კითხულობდა, რომ მე მგონი, ქართული სიტყვები ქაღალდზე ინგლისური ასოებით ჰქონდა დაწერილი. შემდეგ კი, როდესაც წავიკითხე, რომ ვერა ქობალია დიპლომატებსა და ბიზნესმენებს შეხვდა, იქვე წავიკითხე, რომ “ქობალიას განცხადებით, ბიზნესში არსებული პრობლემების უმოკლეს დროში გადასაჭრელად, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები სისტემატურად გაიმართება”.
შე ქალო... მაგას ჯობს, ქართული ენის მასწავლებლებს შეხვდე ხშირ-ხშირად და სისტემატიურად.
მაგალითად, დიმიტრი შაშკინი ხშირ-ხშირად ხვდება წარმატებულ მოსწავლეებს, სტუდენტებს, მაგისტრანტებს და დოქტორანტებს. იქ – ვიღაცას შეაქებს, აქ – თავზე ხელს გადაუსვამს, დააჯილდოვებს... მაგრამ, ნათქვამია, რომ ექიმი ავადმყოფს ჭირდება. წესით, შაშკინი წარუმატებლებს უნდა ხვდებოდეს და ჭკუას არიგებდეს: “ისწავლეთ ჩემსავით და თქვენც გამოხვალთ მინისტრები. აი, ლადო ვარძელაშვილი, დათო კირკიტაძე, კობა ბექაური... აიღეთ მათგან მაგალითი”.
თუ შაშკინი ასე მოიქცევა, შორს არ არის ის დრო, როდესაც ის დუშაშკინი გახდება და შაჰის ცოლობას გამოკრავს ხელს.
ლადო ვარძელაშვილი... დანიშნეს თუ არა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად, მაშინვე ჩვეული ოსტატობით შეუდგა საქმეს. დაუნანებლად დატოვა თბილისი და ანაკლიელი პატრიოტები ბათუმში ექსკურსიაზე წაიყვანა. რას იზამ – საქმე საქმეა, თან ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ამ ხუთიოდე წლის წინ ლადომ დაუნანებლად მიატოვა დიღმის ბირჟა და მოხალისედ ჩადგა გუბერნატორთა რიგებში.
ანაკლიაში ვარძელაშვილის სტუმრობის პარალელურად პატრიოტთა ბანაკების შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებები დაიწყო. ფილმს სტუდია “ფორმულა კრეატივი” იღებს. გადაიღო ფილმი ვარძელაშვილზე, ეს კრეატივის ფორმულა არ არის, ეს სულ სხვა რაღაცის ფორმულაა.
გასულ კვირაში ერთი კრეატიული ფილმი მართლაც ვიხილეთ. მხედველობაში მაქვს “სტუდია მონიტორის” ფილმი, რომელიც ე.წ. სტაიანშიკებს ეხება – გამძღარი ახალგაზრდები ფულს ართმევენ მშიერ მოხუცებს. ეს ფილმი რომ ვნახე, ერთი რაღაც გამახსენდა. ერთხელ, შარშან ამ დროს, ორ მათხოვარ ბავშვს ლარი ვაჩუქე. გაიქცნენ და ჩემ თვალწინ ორ გასიებულ დედაკაცს მიურბენინეს – ძველ ნაჩათლახარებს, რომლებიც მზესუმზირას აკნატუნებდნენ და ალბათ ყველაზე კურიოზულ ორგაზმებს იხსენებდნენ. იმუშავეთ, ვირებო, ჭამეთ ბრიგადირებო. რაღა ის ორი დედაკაცი და რაღა “ავტოპარკინგის” უ(მ)ფროსობა.
მდედრობითი სქესის ორი არსება, გასულ კვირაში, პრესა-გე-ს რედაქციას ესტუმრა და ერთ-ერთი სტატიის სათაურის გამოცვლა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა – დედაშვილობაში ერევითო. ისე გამოვიდა, თითქოს ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა ცხენზე შემოიგდო ცოტნე გამსახურდია და სანტა ესპერანსას ტყვეების ბაზარზე მამლუქად გაყიდა. ალბათ, მიხვდით, რომ იმ ორი ქალბატონიდან ერთ-ერთი იყო მანანა არჩვაძე, რომელიც ერთდროულად არის საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. ის მეორე ვინ იყო, ვერავინ დაადგინა. არც სახელს ამბობდა, არც გვარს. შესაძლოა, არც აქვს სახელი და გვარი. ამიტომ, თუ კიდევ გამოჩნდება ჰორიზონტზე, თავს უფლებას მივცემ და “ბებერ ნაშად” მოვიხსენიებ. ისე კი, ვურჩევ, ნუ გამოჩნდება. მაგათთან ჩემი 20-წლიანი ანგარიში მაქვს.
ცოტნეს შემოუთვლია, დედაჩემს არ ენდოთო. ვინ ენდობა, რო-ო?! ასეა თუ ისე, ცოტნე მართალია და აწი, ალალად გეუბნებით, დიდი სიამოვნებით მოვაწერ ხელს მისი გათავისუფლების მოწოდებას. თან, ისიც მახსენდება, რომ ამ სამიოდე წლის წინ ცოტნემ, მთელ ოპოზიციას, კოკო გამსახუარდიას თამადობით, სულ დიშლა-ყანყალები და შიბლა-კოკოჩები ეძახა. რა მართალი იყოო...
მე რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით, დიმიტრი ლორთქიფანიძე ყველაფერში მართალია. “ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს არაკოლეგიალობაში ადანაშაულებს” - ასე იწყებოდა ნიუსი. თურმე, არსენიშვილი დილით რომ იძახდა, უახლოეს დღეებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მონიტორინგის მიზნით, კვლავ შევლენ დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე და რუსუდან კერვალიშვილიო, იმავე საღამოს ჯგუფს ოჰანესიანით და გელაშვილით აკომპლექტებდა.
ლორთქიფანიძე ამბობს, გამოდის, გია არსენიშვილმა პარლამენტის ტრიბუნაზე იცრუაო და, როგორც ზემოთ ითქვა, არსენიშვილი-წარბა არაკოლეგიალობაში დაადანაშაულა. ლორთქიფანიძე, ჯერჯერობით, ყოველთვის მართალია, მაგრამ კარგი იქნება, თუ სხვა დროს ანალოგიურ შემთხვევებში ცოტა ძარღვიან და მარილიან სიტყვებს გამოიყენებს. აი მაშინ, იგი იქნება არა უბრალოდ მართალი, არამედ – ცამდე მართალი.
ცამდე მართალი კი არა, შესაძლოა ქვესკნელამდე მტყუანიც ვიყო, მაგრამ მაინც ვიტყვი – მე მგონი ლეიბორისტული პარტიის აღსასრული ახლოვდება. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ გასულ კვირაში პარლამენტის სხდომათა დარბაზში წვიმა ჩამოვიდა. იკითხავთ – სად ერეკლე და სად კალბასის რიგიო, მაგრამ ახლავე მოგახსენებთ.
მოკლედ, პარლამენტში წყალი ჩავიდა და დეპუტატები დასველდნენ. ეგ არაფერი – იხალისეს კიდეც. ახლა, შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტებს ჰყავთ რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც ცოცხალი თავით არ ცხადდებიან სესიებზე. მათ წყლის ეშინიათ. გახსოვთ, ალბათ, რომ სანამ თურქებმა მესამედ (და საბოლოოდ) არ გადახურეს აეროპორტი, ლეიბორისტები, ქუდი რომ შეგეგდო, იქ არ შევიდოდნენ. წყლის ეშინოდათ.
ამოცანა გვეკითხება: როდის ეშინიათ ადამიანებს წყლის? პასუხი: როცა ცოფდებიან. ისე, მე მესმის ლეიბორისტების – პარტიაში ზაზა ბეგაშვილი, ჯონდი ბაღათურია და ნუგზარ ერგემლიძე რომ გეყოლება, მოდი და, ნუ გაცოფდები.
ბაქრაძეს რომ კითხო, პარლამენტში წყალი იმიტომ ჩავიდა, რომ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ანუ, შენობა გარდამავალ პროცესშია. ბაქრაძე რომ მოგვიწოდებდა, კოვზები აიღეთ და მტერი მოიგერიეთო, ასე იმიტომ მოგვიწოდებდა, რომ მაშინ ქართული არმია გარდამავალ – წვრთნისა და აღჭურვის – პროცესში იმყოფებოდა. არა, რა – ტრასაზე დანაჩანგლიან საგზაო ნიშანს რომ ვხედავ, მაშინვე დავით ბაქრაძე მახსენდება.
ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა თავი ნულებზე საუბრით დაგვამახსოვრა. “მე განვსაზღვრე ორი პროექტი, ერთი უფრო კონკრეტულია, ვიდრე მეორე, რომელიც ჩემი აზრით, ბატონ ტრამპს დააინტერსებს “ტრამპის ცათამბჯენის” მშენებლობისთვის”, - აღნიშნა მაიკლ კოენმა და იმ დღიდან ჩვენ, ყველანი დონალდ ტრამპები ვართ. კოენმა დასძინა: “ნებისმიერი ინვესტიცია იქნება ძალიან დიდი, ბევრი ბევრი ნულებით”.
ტრამპი ჩამოვა და ჩამოიტანს ბევრ ნულს. აქ მას ვარდებითა და ნულებით ხელში დახვდებიან ოფიციალური ნულები. შემდეგ, ყველანი წავლენ და შეხვდებიან არაოფიციალურ ნულებს და გია ბარამიძე იქნება ამაყი, რადგან მან ერთ-ერთმა პირველმა დაუჭირა მხარი “ნულოვან ვარიანტს”.
თუ ასე გაგრძელდა, ხათუნა კალმახელიძის უწყება მალე ჯანმრთელ ნულზე აღმოჩნდება. ციხეების სამინისტროდან სკოლების სამინისტროში ტვინების გადადინება კვლავ გრძლდება და შეუქცევად ხასიათს იღებს. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი თეიმურაზ იობიძე, სავარაუდოდ, სკოლების მანდატურის სამსახურის თბილისის ბიუროს უფროსად დაინიშნება.
დამეთანხმებით, რომ ძლიერი ხელი არა მხოლოდ მოსწავლეებს და პედაგოგებს სჭირდებათ, არამედ მანდატურებსაც, რომლებიც, როგორც ჩანს, სულ ტიტველა და პირტიტველა ბიჭები იქნებიან. ეს თემურ იობიძე კი მართლა სერიოზული კადრი ჩანს. წარმოიდგინეთ, იობიძე მანდატურებს მწკრივში რომ დააყენებს და რომ დასძახებს: “იობ ვაშუ მაც” და ესენი ერთხმად რომ დასჭექენ: “იობ, იობ, იობ, ვაშააა”. მაგარი იქნება. ეს იქნება ერთგვარი ტესტი. ვინც არ დასჭექავს, ის სამსახურს დატოვებს. დარჩებიან ყველაზე გულანთებული პატრიოტები.
“შერატონ მეტეხი პალასში” არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის - “სამოქალაქო განვითარებისთვის” ინიციატივით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თემაზე შეხვედრა გაიმართა. ეს რომ გავიგე, გული ამიჩუყდა და აღვივსე მომავლის იმედით. აფერუმ, არასამთავრობოებო! დე, ამაყად იფრიალოს თავისუფლებისა და დემოკრატიის დროშამ კაპიტან გრანტის ხომალდზე “ბრიტანია”.
დამსწრე არასამთავრობოებს შორის იყო კოკი იონათამიშვილის კანტორა “ახალი თაობა - ახალი ინიციატივა”. კოკის კანტორა – კ.კ. ერთი “კ”-ც და იქნება კ.კ.კ, – კაპიტანი კასიუს კოლჰაუნი. ლუიზა პოინდექსტერი რომ უყვარდა და ჰენრი პოინდექსტერს შეცდომით რომ მოსჭრა თავი.
ხოლო ბერნარ კუშნერმა ყველას ერთად მოგვჭრა თავი – ცივილიზებულად მოიქეცითო, აზრზე მოდითო, ფიქრის ხიდზე გადითო... გაგვანერვიულა... ე?! ტაშიი! ჯერ ბათუმი ნახე და ეგრე მერე ილაპარაკე. ჩვენ რომ მშვიდობის ხიდს ვაშენებდით, ეგენი ხეებზე დარბოდნენ. კაიფობთ?!
ამით დავასრულოთ. მართლა და მართლა, ტვინის იობიძე კი არ ვარ!
ე.მ. (ეპილოგის მაგიერ) - შენ ნერვიული ხარ?
კოსტამ მხრები აიჩეჩა.
- რა... რა მჭირს... ვითომ რა...
- გინდაც ნერვიული იყო, შენს ნერვიულობას არა აქვს მნიშვნელობა.
- რატომ? – უნებურად იკითხა კოსტამ.
- ვის რა ფეხებს მოსჭამ...
(ჯემალ ქარჩხაძე, “გუბე”)