„გეგმის შთაბეჭდილება შესაძლოა, რამდენიმე ნიუნასის მიხედვით შექმნილიყო. მაგალითად, გუშინ დღემდე, სამედიცინო ექსპერტები და ადვოკატი ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა, ამასთან, მის ფანჯარასთან მანქანა დგას, რომელიც ასხივებს და ფსიქიკური მდგომარეობის არევას იწვევსო, რაც შეიძლება ითქვას, რომ ფანტასტიკურად გამოიყურება“, - განაცხადა For.ge-სთან ინტერვიუში ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ.
სასამართლო სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა შეფასდა, როგორც აკადემიური. თქვენ როგორი შთაბეჭდილება დაგიტოვამ მისმა განცხადებებმა?
- ზოგადად, ის განცხადებები, რაც კეთდებოდა, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ სააკაშვილი სასამართლოზე იქნებოდა ძალიან ემოციური, რადიკალური, ეგრესიული და თითქოსდა მზადდებოდა საფუძველი ამ ემოციურობის გამართლებისთვის და ასევე იმისთვის, რომ ეს ემოციურობა ხელისუფლებას დაბრალებოდა.
სააკაშვილის აკადემიურმა გამოსვლა და სტილისტიკა არ მიუთითებდა იმაზე, რომ სააკაშვილს ფსიქოლოგიური ან რაიმე სამედიცინო პრობლემა აქვს და ფაქტობრივად, წყალი გადაასხა ექიმების და ადვოკატის განცხადებებს. სრულიად დალაგებული, გააზრებული სიტყვა იყო, რაც ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა და სრულიად მობილიზებულ მდგომარეობაში წარმოთქვა. ფსიქიკური მდგომარეობის დარღვევის წარმომდგენი ექიმები, ალბათ, ცოტა გულგატეხილები უნდა დარჩენილიყვნენ სააკაშვილისგან.
ნორმალურ და ზომიერ გამოსვლაში ჩანაფიქრი ძნელი წასაკითხია. ერთი ჩანაფიქრი შეიძლება იყოს ის, რომ სააკაშვილს არ უნდა დატოვოს არანორმალურის შთაბეჭდილება, არც საქართველოს მოსახლეობაზე და არც უცხოელებზე. პოლიტიკოსი, რომელიც არანორმალური და გაუწონასწორებელი ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებს, მერე როგორც პოლიტიკოსი, ეჭვქვეშ დადგება. სააკაშვილი ხაზს უსვამს, რომ მისი პოლიტიკური ნაბიჯები სრულიად შეგნებული ნაბიჯებისგან შედგება და ის არის თავისი სრულფასოვანი პოლიტიკის ავტორი.
2 დეკემბერს არის სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე. თქვენ პირადად მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით და რამდენად არის შესაძლებელი, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ მხარეს გადაეცეს?
- არ ველოდები, რადგან უკრაინისთვის გადაცემის იდეა არც უკრაინიდან ისმის და არც სააკაშვილს წამოცდენია უკრაინული თემით საკმაოდ დატვირთულ სიტყვაში. მან ძალიან ბევრი პოზიტიური თქვა უკრაინაზე, მაგრამ სამართალს უკრაინაში ვიპოვიო, ეს არ უთქვამს. არც სააკაშვილი მიიწევს უკრაინისკენ და არც უკრაინა ითხოვს სააკაშვილის გადაცემას.
და რა არის ამის მიზეზი?
- ეს, ალბათ, იმით აიხსნება, რომ ჩვენ არ ვიცით და არ ვაქცევთ ყურადღებას, რა ხდებოდა სააკაშვილის გარშემო უკრაინაში. კითხვას არ ვსვამთ იმაზე, უკრაინიდან რატომ წამოვიდა? - რომ დავსვათ ეს შეკითხვა, შეიძლება მანდ მივიღოთ პასუხი. არის რაღაც ინტერვიუები, რომლებიც უნდა ამოტივტივდეს, რომლებიც შეიძლება მიუთითებენ, რომ უკრაინაში სააკაშვილის გარშემო შეიკრა ღრუბელი და უკრაინულ ციხეში ყოფნას, მან შეიძლება ქართულ ციხეში ყოფნა ამჯობინოს.
ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს ბოლომდე მოიხდის ქართულ ციხეში?
- მოიხდის თუ არა ბოლომდე და შეეგუება თუ არა პატიმრის ყოფას 6 წლის განმავლობაში, იქამდე კიდევ, ალბათ, ბევრი რამ მოხდება, მაგრამ საეჭოა მისთვის გამოსავალი იყოს უკრაინაში წასვლა. საქართველომ რომც გადასცეს უკრაინას, ის უნდა გადასცეს, როგორც პატიმარი. საქართველოს ციხეში მას განსაკუთრებულ პირობებს უქმნიან, ეპყრობიან როგორც განსაკუთრებულ პატიმარს, რადგან ყოფილი პრეზიდენტია, მაგრამ უკრაინულ საპატიმროში მას ასეთი განსაკუთრებული მოპყრობა არ ექნება. ამიტომ, სრულიად ლოგიკურია, რომ სააკაშვილი არ მიისწრაფის უკრაინისკენ.
6 წლის განმავლობაში ვერ იქნება სააკაშვილის საკითხი დღის წესრიგში, რადგან დღის წესრიგს ქმნის ემოციური ფონი და ემოციური ფონია ჯერჯერობით სააკაშვილის თანმხლები მოვლენა. ეს ინტერესი და ემოციები კი დიდხანს ვერ გაძლებს. 6 წელი კიარა, ერთი წელი თუ გაძლო, ესეც გასაკვირი იქნება. სააკაშვილის მხარდამჭერების რაოდენობაც არ იზრდება, თუ არ მცირდება, რადგან ემოციური მუხტი აკლდება საპროტესტო აქციებს და საპროტესტო აქციებიც ღარიბდება მხარდამჭერების მხრიდან. დაიწყება სხვა მოვლენები, სხვა პრობლემები წამოვა წინა პლანზე.
„ნაციონალურმა მოძრაობა“ აცხადებს, რომ აქვთ კონკრეტული გეგმა, რაც უახლოეს პერიოდში იქნება გაჟღერებული. რა შეიძლება იყოს ეს, ისევ საპროტესტო აქციები? და რა შედეგი მოჰყვება ამას?
- ძნელი სათქმელია, რა კონკრეტული გეგმა შეიძლება არსებობდეს ოპოზიციის მხრიდან, რადგან მან ბევრი რაუნდი გაიარა 2020 წლის არჩევნების შემდეგ - ხან საპროტესტო აქციაში იყო ჩართული და ბოიკოტს უცხადებდა პარლამენტს, შემდეგ შედიოდა ამ პარლამენტში, ახლა საერთოდ ბუნდოვანია როგორ გააგრძელებს მოღვაწეობას. როგორც ჩანს, ოპოზიცია მაინც ცდილობს, რომ საპროტესტო ფუნქცია ქონდეს და ამ შემთხვევაში ძალიან სათუაო, მას აჰყვეს მოსახლეობის დიდი რაოდენობა და ამას გრძნობს ოპოზიციაც. ამიტომ, შენელდა მოწოდება საპროტესტო აქციებისკენ. არ შეიკრიბა ეს მთელი საქართველო და მგონია, რომ კონცეფციის დეფიციტიც არის.
მათ არ უნდათ წყნარი საპარლამენტო მუშაობით იყვნენ ოპოზიციონერები დაკავებული, უნდათ აქციები, საპროტესტო ნაბიჯები და საპროტესტო პროცესები, რომელიც რევოლუციის სურნელს ატარებს, მაგრამ ამისთვის ხალხის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ. ამიტომ, როგორ დალაგდება მათი სამომავლო კონცეფცია, ძნელი სათქმელია. ისევ საპროტესტო აქციების მოწოდებით, ალბათ, პოლიტიკური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი შედეგი ამ აქციებს არ ექნება - დამღლელი იქნება როგორც ოპოზიციისთვის, ისე ხალხისთვისაც. თუ გადალაგდებიან საპარლამენტო სამუშაო ფორმატში, ეს ნორმალური იქნება და საზოგადოება დაელოდება ამ სამი წლის განმავლობაში, ამ ფორმატით რა შედეგს მოიტანს მათი მუშაობა.