მიანმარის ყოფილ სახელმწიფო მრჩეველს, აუ სან სუ ჩის საერთო ჯამში 100-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Kyodo ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 30 ნოემბერს აუ სან სუ ჩის კორუფციაში ახალი ბრალდება წარუდგინეს. იმავე დღეს ერთ-ერთ საქმეზე მისთვის განაჩენი უნდა გამოეტანათ, თუმცა სასამართლომ განაჩენის გამოცხადება 6 დეკემბრამდე გადადო.
საერთო ჯამში 76 წლის აუ სან სუ ჩის წინააღმდეგ 10 საქმეა აღძრული, მათ შორის სახელმწიფო საიდუმლოს გაუთქმელობის დარღვევის ბრალდებით. საქმეების უმეტესობა კორუფციას და სახელმწიფო თანხების მითვისებას უკავშირდება.
2021 წლის 1-ელ თებერვალს მიანმარში სამხედროებმა სახელმწიფო მრჩეველი, აუნ სან სუ ჩი და ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ მიინი დააკავეს. სამხედროებმა ქვეყანაში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სატელევიზიო მიმართვაში სამხედროებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო მიიღეს. სამხედროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ძალაუფლება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ მინ აუნ ხლაინს გადაეცემა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი, მიინტ შვე დანიშნეს.
11 თებერვალს, მიანმარში სამხედრო გადატრიალების გამო, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 10 ფიზიკურ პირსა და 3 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა.