ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საათნახევრიანი გამოსვლა სასამართლო დარბაზში და ბოდიში, რომელიც რეალურად ბოდიში არ იყო - სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდში, ადამიანის უფლებების შელახვის, ძალადობის, მკვლელობის, ქონების მიტაცების და სხვა სისტემური დანაშაულებების არც ერთ ფაქტს არ აღიარებს. არანაირი სინანული გირგვლიანის მკვლელობაზე და 7 ნოემბერს ათასობით დარბეულ, დასახიჩრებულ მოქალაქეებზე. პირიქით, სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მსგავსი ფაქტები ევროპის სხვა ქვეყნებშიც მომხდარა, მაგრამ ამის გამო საბრალდებო სკამზე პრეზიდენტი არ მჯდარა. ის მოსახლეობას ეუბნება, რომ 7 ნოემბერს აქციის დარბევას თვალს მხოლოდ ტელევიზორით ადევნებდა და მთელს პასუხისმგებლობას მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს აკისრებს.
ერთადერთ შეცდომად ის მხოლოდ იმ სასამართლოს აღიარებს, რომელიც ახლა მას ასამართლებს. სააკაშვილს ჰგონია, რომ მთელი მსოფლიო გაოგნებულია, როცა მას სასამართლო პროცესზე ხედავენ. ასევე ამტკიცებს, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრობა არაერთხელ შესთავაზეს. სააკაშვილი საკუთარ თავს კვლავ ქართული სახელწმიფოს შემქმნელად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ასეთი მძიმე დანაშაულებები მხოლოდ პატარა გადაცდომებია, რომლისთვისაც ის არ უნდა სამართლდებოდეს.
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში ბადრი პატარკაციშვილზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2007 წელს გამოუცხადა ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომ პატარკაციშვილი უნდა ყოფილიყო საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი.
„ამის შემდეგ იწყება კამპანია, რომ უნდა იყოს პატარკაციშვილის ორგანიზებული და დაფინანსებული დიდი გამოსვლები“, - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.
გარდა მიმდინარე გამოძიებისა ექს-პრეზიდენტმა საქართველოში დაბრუნების მოტივებზეც ისაუბრა. სააკაშვილმა განმარტა, რომ გარდა საქართველოში მყოფი მხარდამჭერებისა, მას ჩამოსვლისკენ ოჯახის წევრებმაც მოუწოდეს. ბრალდებულის თქმით, ჩამოსვლამდე ის ევროპარლამენტარებსა და ამერიკელ სენატორებსაც ესაუბრა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმეწუთიანი ფიქრის შემდეგ დამოუკიდებლად მიიღო.
ვრცელი მიმართვის დასრულების შემდეგ პატიმარმა სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოს დარბაზი დატოვა, რაც პროკურორების მხრიდან მისი კრიტიკის საფუძველი გახდა.
ჯარჯი წიკლაურმა დაცვის მხარეს 7 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულებები და დაზარალებულები შეახსენა. მისი თქმით, პროცესზე მტკიცებულებების განხილვის მოსმენაზე დაცვის მხარის უარი საქმის არსებით განხილვას აფერხებს.
ექს-პრეზიდენტის ინტერესების დამცველები მიიჩნევენ, რომ შვიდი ნოემბრისა და სხვა საქმეებზე ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან აქციის დაშლის შემდეგ სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა წლების წინ აიღო.
ადვოკატების განცხადებას პროკურორის მხრიდან ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისა და გირგვლიანის მკვლელების განთავისუფლების საქმეზე საუბარი მოჰყვა. ჯარჯი წიკლაურის თქმით, პროკურატურა მზადაა ამ საქმეებზე სასამართლოს უტყუარი მტკიცებულებები წარუდგინოს.
7 ნოემბრისა და ტელეკომპანია იმედის დარბევის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 23 დეკემბერს გაიმართება.
„რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელი, პოლიტიკოსი დავით ბერძენიშვილი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომას და ექსპრეზიდენტის სასამართლო დარბაზში სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მიშას თურმე დღემდე ჰგონია, რომ 2007 წ. შემოდგომის მასშტაბურ აქციებს პუტინის დაგეგმილად, პატარკაციშვილის მოწყობილად თუ გამოაცხადებს კვლავ, ამით გამოძვრება. ეს არც წესიერი და არც ჭკვიანური არ არის. მეტს ჯერ არ ვიტყვი. ვწუხვარ, რომ მიშამ კლასი დაკარგა“, - წერს დავით ბერძენიშვილი.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი მასობრივი პროტესტის აგორებას ცდილობს და სასამართლო დარბაზში წარმოთქმული სიტყვები სწორედ ამის დასტური იყო, ვინაიდან სააკაშვილს იმ საქმეებზე, რაშიც ის ბრადლდებულია, არაფერი უთქვამს. მას არც სინანული და არც თანაგრძნობის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. პირიქით, ხალხს საყვედურობდა, რომ ასეთ პატარა გადაცდომისთვის როგორ შეიძლება ის გადაერჩიათ.
„ბოდიში „ლაითად“ მოიხადა და დიდხანს ტრაბახობდა ქართული სახელმწიფო „ავაშენეო“. თუმცა სახელმწიფო ააშენა, სადაც სასამართლო არ არის და ეს თავადვე დარბაზში აღიარა. პრინციპში ძალადობრივ სისტემაზე დაფუძნებული სახელმწიფო მივიღეთ, სადაც სისტემური დანაშაულებები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. სააკაშვილს ჯერ კიდევ არა აქვს გათვიცნობიერებული და გაანალიზებული 2012 წელს ხალხმა უარი რატომ უთხრა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყურში მომხვდა ისაა, რომ თუკი ქართველი ხალხი არ გამათავისუფლებს და ციხეში ვიქნები, აქედან რა გავაკეთოო.
ხალხი თუ იმას შეძლებს, რომ სააკაშვილს გაათავისუფლებს, მაშინ მთავარობაც გადაურჩევია. აბა, სააკაშვილი მაშინ ხალხს რაღაში სჭირდება? ის ძირითადად საკუთარ ელექტორატს ესაუბრებოდა. 7 ნოემბერზე ლუკაშენკო და პატარკაციშვილი მოიგონა. ყველაფერი ვანო მერაბიშვილს და გამოუცდელ პოლიციას გადააბრალა. მთავარსარდალი იძახის, რუსთაველზე ჯარი და არმია რომ იყო 7 ნოემბერს გამოყვანილი, მე არაფერი ვიცოდი და მხოლოდ ტელევიზორში ვნახეო. სააკაშვილის მიმართ ამ გამოსვლით მოსახლეობის დამოკიდებულება არ შეიცვლება. ის სულაც არ მიიჩნევს, რომ რამეში შეცდომა დაუშვა“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, მიხელ სააკაშვილი და ოპოზიცია ძალიან ჩქარობს, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ამ ტემპში არ მიჰყვება. არადა ქართველი ხალხის გარეშე ვერაფერს გააკეთებენ. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ დღეს საპროტესტო კრიტიკული მასა საზოგადოების იმ რაოდენობის არ არის, რომელიც მნიშვნელოვანი ტალღის აგორებას შეძლებს. სააკაშვილი კი თავისი გამოსვლით ამ განწყობას ვერ შეცვლის.
„ოპოზიცია რაც უფრო რადიკალური იქნება, მოსახლეობა მათ მხარდასაჭერად ქუჩაში, მით უფრო, არ გავა. არ ვიცი, ამას რატომ ვერ ხვდებიან. არც ერთ მოქალაქეს არ მოსწონს პოლიციის შეურაცხყოფა, ქუჩის გადაკეტვა, სახურავებზე სირბილი, გინება და ლანძღვა. დაძაბულობა ხალხს არ სურს. მიუხედავად სააკაშვილის მოწოდებისა, მის მხარდასაჭერად მისივე ელექტორატი სასამართლოზე არ მივიდა. მას გვინდა თუ არ გვინდა ბევრი მხადამჭერი ჰყავს, მაგრამ სასამართლოსთან არ მივიდნენ, რატომ? - იმიტომ, რომ ეს რადიკალიზმი აფრთხობთ. მით უმეტს მათი წარსული ძალიან კარგად იციან. ხალხს უკვე მომავალი აშინებს და ამას ვერ ხვდებიან. სააკაშვილი ამბობს, რომ კი, შეცდომები დავუშვითო, მაგრამ შეცდომებს ესენიც უშვებენო. მერე ხალხი ფიქრობს, რომ „ოცნების“ დაშვებული შეცდომები ინდულგენცია ხომ არაა, რომ შენი წარსული გაპატიონ?! იგივე უგულავას რადიკალიზმი ხალხს აფრთხობს და სიტუაციას კიდევ უფრო ართულებენ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გამოსვლა სუსტი და არაფრისმთქმელი იყო. ანალიტიკოსი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ასეთ სიტყვას საერთოდ არაფერი ეთქვა ჯობდა. მისი გამოსვლის ზოგიერთი რაკურსი თემასთან და ბრალდებებთან სრულიად აცდენილი იყო. თუმცა სააკაშვილისგან გასაკვირი არ არის, რადგანაც ის სასამართლო სხდომებს პოლიტიკური პლატფორმისთვის გამოიყენებს.
„სააკაშვილმა არაფერი თქვა ახალი და განსაკუთრებული. რაზეც ისაუბრა, ეს საზოგადოებას მისგან მეტ-ნაკლებად უკვე მოსმენილი აქვს. ის ძირითადად საკუთარ ამომრჩეველს ესაუბრებოდა და სულაც არ ნანობს იმას, რაც ჩაიდინა. 7 ნოემბერზე საუბრისას ყველაფერი პატარკაციშვილს და მერაბიშვილს გადააბრალა. თქვა, რომ პატარკაციშვილი რუსეთის დავალებას ასრულებდა, ხოლო მერაბიშვილმა ძალას გადაამეტაო. თუმცა იმას არ ხსნის რუსთაველის გამზირზე ჯარის გამოყვანის ბრძანება ვინ გასცა. კანონით, მთავარსარდალის გარდა, ამ ბრძანებას ვერავინ გასცემდა. მთლიანობაში მისი გამოსვლა იმის კიდევ ერთი მტკიცებულება იყო, რომ სააკაშვილმა ვერ გააცნობიერა რაც მოხდა. ბაქიბუქობდა ძირითადად და საკუთარ თავს აქებდა, რომ სახელმწიფო შექმნა. რეფორმები გაატარა და რა მოხდა, თუკი ხეს ჭრიდნენ და ნაფოტი ცვიოდა“, - ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან.
მისივე თმით, სააკაშვილის გამოსვლამ მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ სააკაშვილი იოტისოდენადაც კი არ შეცვლილა და მათი უკან დაბრუნება დაუშვებელია. ანჯაფარიძე ამბობს, რომ რადიკალიზმი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩეული აქვს, მოსახლეობას აშინებს. მათ მიერ სასამართლოს ეზოში და მის მიმდებარედ ჩადენილმა ქმედებებმა ის, როგორც პოლიტიკური ძალა, კიდევ ერთხელ დააზიანა და არაფერი შეჰმატა. ხალხი მათი ქმედებებიდან გამომდინარე სულ უფრო რწმუნდება, რომ ისინი ძალადობრივ ქმედებებს არც ოპოზიციაში ყოფნის დროს უარყოფენ. ამიტომ მათ დაბრუნებას, ისევ ამ ხელისუფლების მმართველობა ურჩევნიათ.