„უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი როდის მერე გახდა ჩვენი ქვეყნის სიმბოლო?!“

„უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი როდის მერე გახდა ჩვენი ქვეყნის სიმბოლო?!“

ვამბობთ პარტიას და ვგულისხმობთ ლენინს და, პირიქით, ვამბობთ ლენინს და ვგულისხმობთ პარტიას. დაახლოებით ამგვარი ფორმულირება შემოგვთავაზეს „ნაციონალებმა“ და მათმა მომხრეებმა, როცა სააკაშვილი საქართველოს დაუკავშირეს და ცნებების აღრევა მოახდინეს.

მიშას ვკარგავთ და თურმე საქართველოსაც ვკარგავთ,- ასეთი იყო მიშას გამო საქართველოში ჩამოსული პაატა ბურჭულაძის პოზიცია.

თავად სააკაშვილიც თავს აიგივებს საქართველოსთან და ამბობს, რომ თითქოს სწორედ მან აღასრულა ილია ჭავჭავაძის ნატვრა. კერძოდ, ვარდების რევოლუციამდე საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა „ერი სხვა ერთა შორის“, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძის ოცნება. „საქართველო იყო სიბნელეში და გაბრწყინდა, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არ ვართ პატარა სოფელი“. ამიტომ 18 წლის შემდეგ სააკაშვილი ხელახლა დებს ფიცს, რომ ქვეყანა დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას.

შეიძლება თუ არა სააკაშვილის გაიგივება უდიდეს ფენომენ- საქართველოსთან? ეს მაშინ, როცა წმინდანებად შერაცხული ჩვენი კორიფეების გაიგივებაც კი არ ხდებოდა საქართველოსთან, არათუ სააკაშვილის.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ, საერთოდ, ფანატიზმი არაჯანსაღი მოვლენაა. თუ არა ფანატიზმს, სხვას რას შეუძლია წარმოშვას ის ფაქტი, რომ რომელიმე პირი გაიგივდეს საქართველოსთან. ბოლოს და ბოლოს, დავით აღმაშენებელიც კი არ იყო საქართველოსთან გაიგივებული, რადგან როგორ შეიძლება, ერთი პირი იყოს ქვეყანა?!

„თავისთავად, ეს არის არაჯანმრთელი აზროვნება, ამას არა მხოლოდ ფანატიზმს დავარქმევდი, არამედ ეს არის ბელადომანია, კერპთაყვანისმცემლობა, რომელიც ბნელი წარსულის და აწმყოს არაჯანმრთელი მდგომარეობის გამოხატულებაა. ვინც ასე აზროვნებს, მათაც ვურჩევდი, კონსილიუმით თუ კონსილიუმის გარეშე ექიმებთან ჰქონდეთ კავშირი და ურთიერთობა, რომელიც დაადგენს ასეთი აზროვნების მიზეზს. თუ ასეთი ფანატიზმი განკურნებადია, კარგი იქნება, რადგან ეს არის სერიოზული პრობლემა დღევანდელ საქართველოში“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ for.ge- სთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, როდესაც ჩვენი მტრები ჩვენზე ამბობდნენ, ავადმყოფი ერი ხართო (იგულისხმება რუსი მწერალი ვიქტორ ასტაფიევი) და ჩვენ ამაზე აღვშფოთდით, მაშინ ლამის რეალური რევოლუცია მოვახდინეთ. სინამდვილეში, თუ არა ავადმყოფობა, რისი შედეგი შეიძლება იყოს დღევანდელი ასეთი აზროვნება და სააკაშვილის გაიგივება საქართველოსთან?!

ნანა კაკაბაძის აზრით, ასეთი ავადმყოფური გამოვლინებები, საბედნიეროდ, მთელ ერში არა, მაგრამ გარკვეულ ნაწილში აღმოჩნდა, როგორც პრობლემა. ამიტომ წინმსწრებად არ უნდა გავბრაზდეთ ხოლმე, როდესაც ავადმყოფობასთან დაკავშირებით შეფასებები გვესმის, რადგან დღემდე ვიღაცას სჯერა საქართველოში, რომ სააკაშვილის დაკარგვით თურმე საქართველოს ვკარგავთ.

ანალიტიკოს ლადო ბოჟაძის აზრით, ძალიან სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე, როცა ჩვენ ბრძოლით მოვიპოვეთ და აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, როცა 30 წელია, გვაქვს სახელმწიფო, რომელიც მიისწრაფვის ევროატლანტიკური სივრცისკენ, გვაქვს ყველა ატრიბუტი, რაც უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის ჩათვლით, რომელიც დიდწილად სწორედ რუსეთის და სააკაშვილის უპასუხისმგებლო ქმედებებითაა გამოწვეული, საქართველოს ვაიგივებთ რომელიმე ადამიანთან. ლადო ბოჟაძის შეფასებით, რამდენი დიდი მეფე თუ პოლიტიკოსი ჰყოლია ამ ქვეყანას, რამდენი უბედურება გადაუტანია, მაგრამ საქართველო გადარჩენილა და გადარჩება კიდევ.

„როგორ შეიძლება, რომელიმე ერთ ადამიანზე იყოს საქართველო მიბმული, როგორც სახელმწიფო, როგორც სამშობლო და ინსტიტუცია?! ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია? იმავე პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთო და ამ დროს მიდიან და მოქმედ პრეზიდენტს ლანძღავენ და აგინებენ, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი როდის მერე გახდა ჩემი ქვეყნის სიმბოლო? რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, ის ამ პროცესის ნაწილია. როდესაც პაატა ბურჭულაძემ შიმშილობა წამოიწყო, ის არც მალავდა, რომ მისი შიმშილობა პირდაპირ უკავშირდებოდა სააკაშვილის მიმართ უცხოეთის ყურადღების მიქცევას. ელოდა, რომ საოპერო წარმომადგენლები გამოეხმაურებოდნენ მისი, როგორც მსოფლიო ბანის შიმშილობას და მერე, ალბათ, გამოეხმაურებოდნენ სააკაშვილის თემასაც“, - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ ჩვენთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, საქართველოსა და მიშას შორის ტოლობის ნიშანი არის შეურაცხყოფა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის, ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც იბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის. არც ერთ ქვეყანაში ერთ ადამიანსა და სახელმწიფოს შორის ტოლობა არ დასმულა, არც საქართველო იქნება გამონაკლისი ამ მხრივ და, სავარაუდოდ, ეს პროცესები დაუბრუნდება ჩვეულ კალაპოტს. კიდევ კარგი, დასრულდა იუმორის ჟანრი, როცა გვაჯერებდნენ, რომ გაუთავებლად ვიღაც შიმშილობდა და შეიძლება, გვარამიას ფანტაზია უფრო შორს წასულიყო და 148- ე დღესაც ეთქვა, სააკაშვილი შიმშილობსო.