ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე, ევროკავშირსა და ნატოს თანამშრომლობის გაძლიერება სურთ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ მოსკოვს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინის საზღვართან დეესკალაციისკენ და გააფრთხილა, რომ რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენებას დიდი ფასი და შედეგები მოჰყვება.
იენს სტოლტენბერგმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელარუსი მიგრანტთა კრიზისის ორგანიზებასა და ამით ევროკავშირისთვის ჰიბრიდული საფრთხის შექმნაში დაადანაშაულეს, რასაც ოფიციალური მინსკი უარყოფს.
„მსგავს მოვლენებზე რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და ნატომ ხელიხელჩაკიდებულებმა იმუშაონ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა იენს სტოლტენბერგთან და ლიეტუვის ლიდერებთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.
„ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია გავააქტიუროთ ნატოსა და ევროკავშირის ერთობლივი მუშაობა, მათ შორის ახალი ერთობლივი დეკლარაციის მეშვეობით, რადგან უფრო ძლიერნი ვართ და უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს, როდესაც ერთად ვმუშაობთ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
„თუ უსაფრთხოების ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, ჩვენ არ გამოვრიცხავთ კონსულტაციების გამართვის შესაძლებლობას ნატოს წესდების მე-4 მუხლის მიხედვით“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.
ნატოს მე-4 მუხლის მიხედვით, ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს უფლება აქვს მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა, როდესაც მათ ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება.