სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები - ძალა ერთობაშია

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები - ძალა ერთობაშია

"შემოდი, ამხანაგო, ჩვენს კოლმეურნეობაში!", "მეგობრული, კოლექტიური ფრონტი გავხსნათ მოსავლის მოსაყვანად!", - ასეთი სულისკვეთებით გაჟღენთილი ლოზუნგები, რომლებიც ე.წ. "მოხალისეებს" კოლმეურნეობებში გასაწევრიანებლად ეპატიჟებოდნენ, გასულ საუკუნეს ჩაბარდა. სინამდვილეში, არჩევანი საბჭოთა გლეხებს არც არასოდეს ჰქონიათ და ამიტომ, იძულებით თავს მოხვეული კოლექტიური მეურნეობებიც სსრკ-სთან ერთად დაიშალა. თუმცა, 20 წლის შემდეგ საქართველოში ფერმერთა გაერთიანებების საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა.

პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომელმაც, დამტკიცების შემთხვევაში, სოფლად კოოპერატივების შექმნას უნდა შეუწყოს ხელი. კანონპროექტი "ქართული ოცნების" მიერ წინასაარჩევნოდ დაპირებული სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმის ნაწილია და მიწების გამსხვილებას ისახავს მიზნად. კონსოლიდაციის აუცილებლობაზე პერიოდულად წინა ხელისუფლებაც საუბრობდა, თუმცა ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. "ნაციონალური მოძრაობის" პრიორიტეტს ტურიზმი წარმოადგენდა.

ქართული სოფლის პრობლემა - დაქუცმაცებული მიწები

მიწის რეფორმის გატარების გზით, რომელიც 1992 წელს დაიწყო, ხელისუფლებამ სასოფლო-სამურნეო სავარგულების მასობრივი გაცემა გადაწყვიტა. სხვა გამოსავალი მაშინ არ ჩანდა: ეკონომიკა და საგარეო ურთიერთობები მოშლილი, ხოლო მოსახლეობა უკიდურესად გაღატაკებული იყო. მასობრივი სოციალური უკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად მიწის ნაკვეთები პრაქტიკულად ყველას, როგორც სოფლის, ისე ქალაქის მკვიდრებსაც დაურიგეს, იმის მიუხედავად, ჰქონდათ თუ არა მიწაზე მუშაობის გამოცდილება. სოფლელებს 1.25 ჰექტრამდე ფართობი (მაღალმთიან ზონაში - 5 ჰექტრამდე) ერგოთ, ქალაქელებს კი - 0.15 ჰექტარი. რეფორმას არ გააჩნდა კონცეპტუალური საფუძვლები და არც გრძელვადიან გათვლებს ემყარებოდა. საკუთარი ხელით მოწეული კარტოფილის, პომიდვრისა თუ სხვა პროდუქტების წყალობით, ხალხი შიმშილს გადაურჩა, თუმცა სანაცვლოდ ქვეყანამ უკიდურესად დანაწევრებული სასოფლო სამეურნეო მიწები მიიღო. დღეს ფერმერთა 78% ერთ ჰექტარამდე სავარგულს ფლობს, ასეთი ფრაგმენტაციის პირობებში კი მეურნეობის წარმოება არამოგებიანი გახდა. მწირი შემოსავლებისა და არათანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის გამო გლეხებმა ვეღარც წყობიდან გამოსული საბჭოთა ტექნიკის გადაიარაღება შეძლეს და ვერც არათანამედროვე კვალიფიკაციის ამაღლება. შედეგად სახეზეა სექტორის კრიზისი, დაცლილი სოფლები და "ელიავასა" თუ სხვა ბაზრობებზე თავმოყრილი ჩვენი დროის "პროლეტარიატი".

კოოპერატივები - შესაძლებლობები, შეღავათები და სავარაუდო პრობლემები

კანონპროექტის ავტორების, ისევე როგორც ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, შეზღუდული მიწის, ფინანსური და ინტელექტუალური რესურსების ფონზე კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ფერმერთა გაერთიანებაშია. ვინაიდან ამ მიზნის მიღწევა საკმაოდ რთულია, კანონპროექტი ითვალისწინებს კოოპერატივის შექმნას ბარში სულ მცირე ხუთი, ხოლო მთაში - სამი ფერმერის მონაწილეობით, თუმცა, მიწის ფართობზე შეზღუდვები არ არის. ხუთი ფერმერი, შესაძლოა, ერთობლივად 100 ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთს ამუშავებდეს. კანონპროექტის ავტორი, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი ვარაუდობს, რომ კონკურენტუნარიანობისა და ეფექტურობის ასამაღლებლად, მომავალში კოოპერატივების გამსხვილება მოსალოდნელია.

"ისეთი საკითხები, როგორიცაა, აგრონომის, ბუღალტერის, თუნდაც იურისტის მომსახურება, გაცილებით იაფი დაუჯდება კოოპერატივს, სადაც ბევრი წევრია გაერთიანებული, რადგან ხარჯი მეტ ადამიანზე ნაწილდება", - აცხადებს აგულაშვილი.

რადგან ფერმერებს გამოცდილება საორგანიზაციო საკითხებში ნაკლებად აქვთ, მათ გათვითცნობიერებასა და "დაკვალიანებას" საკუთარ თავზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო აიღებს, ისევე როგორც მათ რეგისტრაციას, თუმცა, შემდგომში, ამ ფუნქციას სპეციალური არასამთავრობო ორგანიზაცია შეასრულებს. კოოპერატივებს თვითმმართველობის ფორმა ექნებათ და დემოკრატიული პრინციპით იმუშავებენ: ერთი წევრი - ერთი ხმა.

ფერმერების გაერთიანების წასახალისებლად, ტექნიკის უფასოდ ან ლიზინგით გადაცემა იგეგმება, - ამის შესახებ თავად სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემაც განაცხადა, თუმცა, მთავარი მაინც ის საგადასახადო შეღავათები იქნება, რომლებსაც ზემოხსენებული კანონპროექტი ითვალისწინებს. კერძოდ, საუბარია მიწის გადასახადისგან ნაწილობრივ, ან სრულად გათავისუფლებაზე, (მისი მოცულობა ერთ ჰექტარზე 87-100 ლარამდე მერყეობს), ან საშეღავათო პერიოდის (სამიდან ხუთ წლამდე) დაწესებაზე. კოოპერაციები დონორი ორგანიზაციებისაგან გრანტის მიღების შემთხვევაში 20%-იანი საშემოსავლო გადასახადითაც აღარ დაიბეგრებიან. აგულაშვილის განცხადებით, განიხილება აგრეთვე კოოპერაციების შიგნით შეცვლილი სასაქონლო კოდით პროდუქციის მიწოდების დღგ-სგან გათავისუფლების საკითხიც, თუმცა, მხოლოდ 100 ათასი ლარის ფარგლებში.

"თუ ერთი კოოპერატივი აწარმოებს ყურძენს და მიჰყიდის მეორე კოოპერატივს, რომელიც მისგან ღვინოს დაამზადებს, ამ შემთხვევაში მეორე კოოპერატივიც გათავისუფლდება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, თუ მესამე კოოპერატივი აღნიშნულ ღვინოს ბოთლებში ჩამოასხამს და გასაყიდად გაიტანს, თავის მხრივ, ისიც დღგ-თი არ დაიბეგრება, ვფიქრობ, ეს მათთვის მნიშვნელოვანი სტიმული იქნება. პრაქტიკულად, სახელმწიფო სუბსიდირებას განახორციელებს", - განაცხადა აგულაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად სამართლიანი იქნება ახალი კონკურენტული გარემო ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომლებიც ამ შეღავათით ვერ ისარგებლებენ, პარლამენტარი პასუხობს, რომ "რა თქმა უნდა, როდესაც მომძლავრდება კოოპერატივები, ალბათ, ღვინის ქარხნებს კონკურენციასაც გაუწევენ, მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. თანაც, კომპანიების უდიდესი ნაწილი უკვე საკუთარ ვენახებს ფლობს, ასე რომ დიდად არ დაზარალდებიან".

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაცია "მერსი ქორფსის" (Mercy Corps) წარმომადგენელი ირაკლი ქასრაშვილი დადებით მოვლენად აფასებს. 2005-2009 წლებში ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც სამცხე-ჯავახეთში კოოპერატივების შექმნას ემსახურებოდა. 18 კოოპერატივიდან, მისი თქმით, 14 დღესაც ფუნქციონირებს, თუმცა, უმეტესობას მაინც უჭირს თავის გატანა.

"ძველი კანონით, იურიდიულ პირად რეგისტრაციის დროს კოოპერატივები ავტომატურად ხდებოდნენ მოგების გადასახადის, 100-ათასლარიანი ბრუნვის შემთხვევაში კი - დღგ-ის გადამხდელები, ხოლო თუ თანამშრომელს აიყვანდნენ, მაშინ საშემოსავლოც უნდა ეხადათ. არანაირი ხელშეწყობა არ ჰქონდათ. ცხადია, ამ მხრივ, ეს კანონი წინგადადგმული ნაბიჯია", - აცხადებს ქასრაშვილი.

თუმცა, მთავარ პრობლემას ექსპერტის თქმით, მაინც ფერმერთა შორის ურთიერთნდობის დამყარება წარმოადგენს. "რთულია, ერთმანეთში შეთანხმდნენ, როგორ გაანაწილონ შრომა და ფინანსური რესურსები, ქართველებს ინდივიდუალისტური ხასიათი გვაქვს. ცალკე საკითხია მენეჯმენტის ცოდნა. ვფიქრობ, მათ სერიოზული ტრენინგები დასჭირდებათ", - ამბობს ქასრაშვილი.