საკრებულოებში ბიუჯეტის ჩაგდების ჟინი და ხელოვნურად შექმნილი წივილ-კივილი, რომელიც ოპოზიციას, სავარაუდოდ, ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად სჭირდება. „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში მოსახლეობისთვის ილუზიას ქმნის, თითქოს ვინმე-ვინმეზე ძალადობს და კანონი ირღვევა. ოპოზიცია, ხელისუფლების მხრიდან, ქვეყნის დიდ ქალაქებში, საკრებულოს ძველი შემადგენლობით ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებს. თითქოს ამით კანონი ირღვევა, არადა რეალურად სურათი სრულიად სხვაა.
ოპოზიცია 2017 წლის მოწვევის საკრებულოს ვადაგასულს უწოდებს, თუმცა თავადვე ამბობენ, რომ საკრებულოს ძველ შემადგენლობას უფლებამოსილება მაშინ გასდის, როდესაც ახლადარჩეული ორგანოს წარმომადგენლობითი პირველი სხდომა გაიხსნება. პირველი სხდომა კი 3 დეკემბერს ჩატარდება, შესაბამისად რაზე დავობს ოპოზიცია, გაუგებარია. ასევე გასაკვირია, რომ ცესკოს ამ გადაწყვეტილებას მხარი თავად ოპოზიციის წევრებმა დაუჭირეს. ახლა კი უეცრად აღმოაჩინეს, რომ ეს მათთვის მიუღებელი დრო ყოფილა. მაშინ რაშია საქმე და რეალურად რა ამოძრავებს ოპოზიციას?
26 ნოემბერს ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს ბათუმში, ზუგდიდში და მარტვილში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მთავარ ფინანსურ დოკუმენტს წინა მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ამტკიცებს, რასაც ოპოზიცია კანონდარღვევად მიიჩნევს და აპროტესტებს. დაპირისპირების ფონზე, 26 ნოემბერს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი დააკავა.
ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში მაინც დაამტკიცა. ოპოზიციამ სხდომის ჩატარებისთვის ხელის შეშლის მიზნით, დარბაზში სპეციფიკური სუნის მქონე ხსნარიც გაუშვა.
ზუგდიდის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცება დროებით მაშინ შეჩერდა, როცა საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე საყვირით შევიდა. სხდომის გაგრძელების მიზნით, ოპოზიციის წარმომადგენელი დარბაზიდან პოლიციამ გაიყვანა.
სხდომა ოპოზიციის საყვირების, დაპირისპირებებისა და შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტი მაინც დაამტკიცეს.
ხმაური მხოლოდ შენობაში არ იყო. ზუგდიდის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გზაზე საღებავებით წარწერების გაკეთებაც სცადეს. პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის კი სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი ზუგდიდის საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატია „ნაციონალური მოძრაობიდან“.
ხმაური იყო მარტვილშიც. 2-საათიანი განხილვის შემდეგ მარტვილის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, ოპოზიციის პროტესტი შეწყდა.
სამეგრელოში „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე დღით ადრე აანონსებდა, რომ ისინი წინა მოწვევის საკრებულოებს ზუგდიდსა და მარტვილში მთავარი ფინანსური დოკუმენტების განხილვის საშუალებას არ მისცემდნენ, თუმცა, გუშინ, 2022 წლის ბიუჯეტი მაინც დამტკიცდა.
„ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ საკრებულოებში პროცესი კანონის სრული დაცვით მიდის. დეპუტატი for.ge-სთან აცხადებს, რომ ეს ისტერიკა, რომელსაც ოპოზიცია აწყობს, სრული ფარსია, რადგანაც კანონის მიხედვით საკრებულოს ნებისმიერ დროს ბიუჯეტის გადახედვა, განკარგვა და ცვლილებების შეტანა შეუძლია.
„ეს ადამიანები საქმეზე ორიენტირებულები არ არიან. სინამდვილეში საერთოდ არ აინტერესებთ ბიუჯეტი როდის დამტკიცდება და როდის არა. ამათ ერთადერთი რაც უნდათ, ის არის, რომ ხელოვნურად დადგან სცენა, თითქოს ვიღაცა-ვიღაცაზე ძალადობს. პროვოკაციაზე წავიდნენ და ამ დროს იქნება ვინმეს რამე შეცდომა დააშვებინონ. ამას კი შემდეგ სათავისოდ გამოიყენებენ. ეს ხალხი ადამიანების პირადი ტრაგედიებით მოვაჭრეები არიან, ამიტომ ნებისმიერ უკადრებელს იკადრებენ. პროცესები სამართლებრივ ჩარჩოში მიდის და აქ არანაირი კანონდარღვევა არ ხდება. ძველ საკრებულოს ვადა მაშინ გასდის, როცა ახალი საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდება. ამიტომაც ოპოზიციის ქმედება მხოლოდ დესტრუქციაა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რასაც ხელისუფლება ადეკვატურად პასუხობს“, - ამბობს იონათამიშვილი.
თვითმმართველობის სპეციალისტი ირაკლი მელაშვილი კი აცხადებს, რომ „ოცნება“ ბიუჯეტის დამტკიცებისას არალეგიტიმურს არაფერს აკეთებს და ეს არის სრულიად კანონიერი ქმედება. მელაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ეს არის ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ოპოზიცია აპროტესტებს.
„ამ გადაწყვეტილებაში არაკონონიერი არაფერია და ხელისუფლება სრულიად კანონიერად მოქმედებს. უბრალოდ, ეს არის ცუდი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელმაც ქვეყანაში ისედაც დაძაბული პოლიტიკური ვითარება კიდევ უფორ დაძაბა. 3 დეკემბრამდე ცესკოს გადაწყვეტილებით ძველ საკრებულოს უფლებამოსილება გახანგრძლიებული აქვს. ცესკოს რომ 20 ნოემბერს ჩაენიშნა, ეს წივილ-კივილი აღარ იქნებოდა. არასდროს პირველი სხდომის მოწვევა ამდენი ხნით არ გადაუწევიათ. გასაოცარი ისაა, რომ კი ბატონო „ოცნება“ რასაც აკეთებს გავიგე, მას საკუთარი პოლიტიკური მიზნები აქვს, მაგრამ ცესკოს გადაწყვეტილებას მაშინ ოპოზიცია რომ დაეთანხმა, რაღატომ დაეთანხმა? ოპოზიციის წევრთა 15 წევრისგან ამ გადაწყვეტილებას 14 წევრმა მხარი დაუჭირა. ეს ხალხი მაშინ სად იყო, ახლა რომ ყვირიან? აგერ არის ცესკოს განცხადება, სადაც პირდაპირ წერია, რომ არც ერთხელ ოპოზიციას საკითხი არ დაუყენებია, რომ საკრებულოების სხდომა ადრე ჩავნიშნოთო.
ეს არის ან ოპოზიიცის უცოდინრობის ბრალი, ან უბრალოდ, ამ პროცესის თანამონაწილეები არიან და ახლა თავის ამით გამართლება უნდათ. რუსთავში ბიუჯეტი საერთოდ ისე დამტკიცდა, ვერავინ გაიგო. ოპოზიცია იქაც უმრავლესობაშია, ვინმეს ხმა გავიგეთ? ხომ ჩნდება კითხვა - მაშინ ბათუმში, ზუგდიდში და მარტვილში ხმაური რატომ იყო? წინა საკრებულოს უფლებამოსილება მაშინ უწყდება, როცა ახალი საკრებულოს უფლებამოსილება იქნება ცნობილი. ეს კი 3 დეკემბერს მოხდება და ამას მხარი ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა, ვინც საკრებულოში იმყოფება“, - ამბობს მელაშვილი.
ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ენმ-ის ქმედება უკვე ყველა ზღვარს გადადის და იმდენს იზამენ, საზოგადოება საბოლოოდ მათ თავიდან მოშორებას ინატრებს. ნაციონალების მხრიდან ყოველდღიური დესტრუქცია და უაზრო წივილ-კივილი, ისედაც დაძაბულ მდგომარეობაში, ათასი პრობლემებით შეწუხებულ მოქალაქეებს მათდამი ანტაგონიზმურად განაწყობს. ის for.ge-სთან ვარაუდს გამოთქვამს, რომ მსგავსი ინციდენტები უკანასკნელი არ იქნება, რაც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.
„ენმ-ის დღის წესრიგი სწორედ მსგავსი დესტრუქციული ქმედებების განხორციელებაა, რამაც შესაძლოა, ოპოზიციური პარტიების მიმართ ანტიგონიზმი გამოიწვიოს. საზოგადოების მხრიდან აგრესიის სამიზნე არა მხოლოდ ნაციონალები, არამედ მთლიანად ოპოზიცია გახდება. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებს ზუსტად განვსაზღვრავთ, დავინახავთ, რომ საკრებულოებში მსგავსი პროცესები კვლავ გაგრძელდება და დღევანდელი ინციდენტი უკანასკნელი არ არის. ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ ეს ადამიანები იქ სამუშაოდ და მოქალაქეების პრობლემების მოსაგვარებლად კი არ იქნებიან, არამედ მუდმივად დესტრუქციის მოსაწყობად.
„შექმნიან ამინდს, რომ ქვეყანაში დაძაბულობაა და ხალხი მუდმივად ამ სტრესში ეყოლებათ. საქმე ის არის, რომ ენმ ცამდე მართალიც რომ იყოს, უკვე ყელში ამოუვიდა საზოგადოებას მათი დესტრუქციული ქმედებები და უარყოფითად რეაგირებას ამ პროცესებზე. მინდა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა გაითვალისწინონ, მსგავსი პროცესები გამოიწვევს ზოგად ანტაგონიზმს ოპოზიციური პარტიების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ბევრი რამ აქვს გასაკრიტიკებელი. ამ შემთხვევაში, როგორც ვიცი, გასაკრიტიკებელი არაფერია. კანონს ხელისუფლება არ არღვევს და ესენი რაზე ყვრიან ხალხი ვეღარ იგებს“, - განაცხადა არეშიძემ for.ge-სთან.