სწრაფი კვების ბიზნესთან ბრძოლა სულ უფრო მძაფრდება

სწრაფი კვების ბიზნესთან ბრძოლა სულ უფრო მძაფრდება

სწრაფი კვება - ეს მუდმივად მზარდი და პრობლემებთან ასოცირებულია ბიზნესია. მასთან ბრძოლა ყოველწლიურად ძლიერდება. ე.წ. „ფასტ ფუდების“ საწინააღმდეგო მოძრაობა უკვე საქართველოშიც დაწყებულია.

გერმანელმა ექიმებმა გასაკუთრებით საშიშად სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული პროდუქტები მიიჩნიეს, სადაც ყველაზე მეტად ხორციანი საკვები შეიცავს საფრთხეს. ისინი მომხმარებელს ხორცის შეძენისას მეტის სიფრთხილიკენ მოუწოდებენ. სწრაფი კვების ობიექტებში პროდუქციის 90% ხორცისგანაა დამზადებული და ამ მხრივ კონტროლია გასაძლიერებელი.

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მინისტრი იოჰან რემელი ყველა სავაჭრო ობიექტის შემოწმების მოწოდებით გამოვიდა და თანამშრომლებს ყველა სკანდალის გახმაურება და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება დაავალა, ხოლო მომხმარებელს მეტი სიფრთხილე და რაციონში ნაკლები „ფასტფუდის” შეტანა ურჩია.

ექიმები და დიეტოლოგები უკვე ათწლეულებია, რაც „მაკდონალდს“ და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში შემოთავაზებულ საკვებს, ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტებად მიიჩნევენ. სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულმა არაერთმა გამოკვლევამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ „ფასტ ფუდებში“ არასწორად არის კომბინირებული ის კომპონენტები, რასაც პროდუქტი ჩვეულებრივ შეიცავს. მაგალითად, მაღალია ქოლესტერინის შემცველობა ხორცპროდუქტებში, კარტოფილი „ფრი“ შეიცავს მავნე კონსერვანტებს და ა.შ. მათი ხშირი მიღება კი ადამიანისთვის რისკია.

ანალიტიკოსები „მაკდონალდსის“ კერძებში, შემოთავაზებულ პროდუქტში გენმოდიფიცირებული ინგრედიენტების არსებობაზე ან კიდევ გენმოდიფიცირებული საკვებით გამოყვანილ-გამოზრდილი ნედლეულის (ქათმის ხორცი, საქონლის ხორცი, რძის ნაწარმი, კარტოფილი) შემცველობაზე მიუთითებენ.

სამწუხაროდ, რამდენად შეესაბამება ასეთი ინფორმაცია სინამდვილეს, ამაში ჩვენი საზოგადოება არ არის კარგად გათვითცნობიერებული. არც თავად კომპანია და არც არასამთავრობოები ამ მიმართულებით მუშაობაზე თავს არ იწუხებენ.

საქართველოში სწრაფი კვების ობიექტებს შორის სწორედ „მაკდონალდსი“ სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით. კლიენტების რაოდენობის მაღალი მაჩვენებელი აქვს სწრაფი კვების ქსელ „ორ ლულასაც“. ობიექტი სრული დატვირთვით მუშაობს მთელი წლის განმავლობაში. ასეთ პოპულარობას ისინი დაბალი ფასებით და მენიუში არსებული საკვებით ხსნიან.

გაყიდვების კარგი მაჩვენებელი ფიქსირდება „შაურმის“ დამამზადებელ ობექტებშიც, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მდებარეობს. როგორც ობიექტში მომუშავე პერსონალი ამბობს, მათ ყოველთვის ჰყავთ კლიენტი და ხშირად არის შემთხვევები, როდესაც დახლთან რიგიც კი დგება.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს ის მავნე ნივთიერებები, რომლებითაც მდიდარია ქუჩის საკვები. უმთავრესად ესენია ცხიმები - ზეთები და მარგარინი, რომელსაც ამ პროდუქტების მომზადებისას იყენებენ. სამწუხაროდ, სწრაფი კვების ობიექტებში ხშირად მხოლოდ 2-3 დღეში ერთხელ (ან უფრო იშვიათად) ცვლიან ზეთს, რომელშიც წვავენ სხვადასხვა პროდუქტს, მრავალჯერ გაცხელების შედეგად კი ზეთში წარმოიქმნება არა მარტო ტოქსიკური, არამედ კანცეროგენული თვისებების მქონე ნივთიერებები.

ფენოვანი ხაჭაპურების, ლობიანების, ნამცხვრების მოსამზადებლად, როგორც წესი, იყენებენ მარგარინის იაფფასიან სახეობებს, რომლებშიც მაღალია მავნე ნივთიერებების - ე.წ. ტრანსცხიმების შემცველობა. ის ხელს უშლის საკვების ნორმალურ მონელება-ათვისებას და ავითარებს არაერთ პათოლოგიას.

2003 წლიდან ევროკავშირში მოქმედი კანონით, საკვებ პროდუქტში ტრანსცხიმების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს არსებული ცხიმის 2%-ს. სამწუხაროდ, საქართველოში მისი შემცველობა პროდუქტებში საერთოდ არ კონტროლდება და თავისუფლად იყიდება ტრანსცხიმებით გაჯერებული (მათი წილი, სავარაუდოდ, 40%-მდე აღწევს) მარგარინი, რომელიც დაბალი ხარისხის გამო იაფია და ფართოდ იყენებენ საცხობები.

ექიმი ენდოკრინოლოგი ნინო ნადირაძე დარწმუნებულია, რომ ე.წ. „ფასტ ფუდებში“’ დამზადებული საკვები მავნე გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, რადგან საკვები გაჯერებულია უამრავი არასასურველი ნივთიერებით, რაც ჯანმრთელობისთვის, ზოგადად, საზიანოა და განაკუთრებულ საფრთხეს ბავშვებისთვის წარმოადგენს.

„სამწუხაროდ, მშობლებს ძალიან ხშირად დაჰყავთ ბავშვები „მაკდონალსში“ და სხვა სწრაფი კვების ობიექტებში, რის შედეგადაც სავალალო შედეგებს იღებენ მოზრდილ ასაკში, როგორიცაა სიმსუქნე. ასეთი საკვები ზრდის კუჭის მოცულობას და, შესაბამისად, ადამიანის უჩნდება მოთხოვნილება უფრო მეტი საკვების მიღებაზე.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ ხშირად „ფასტ ფუდებში“ იყენებენ ცხიმს, რომელიც გაჯერებულია კანცეროგენით, ეს კი მთავარი ფაქტორია სიმსივნის წარმოსაქმნელად“, - აღნიშნა ნინო ნადირაძემ.

თუ რამდენად არის დაცული საცხობებში და სხვადასხვა სახის კვების ობიექტებში ჰიგიენის ნორმები და რამდენად შეესაბამება ხარისხი მომხმარებლის ჯანმრთელობას, ამაზე მეტყველებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით არაჯანსაღი კვება, მოსახლეობის ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია. დედათა და ბავშვთა ავადმყოფობის 10% და ახალშობილთა სიკვდილიანობის 1/3 არასრულფასოვანი კვებით არის განპირობებული.