საახალწლო ზღაპარი

საახალწლო ზღაპარი

საქართველოს მთავრობა ქვეყნის საინვესტიციო იმიჯით მთელი წელი ტრაბახობდა  და ბოლოს ხელში მარტო ტრაბახიღა შერჩა. პრემიერ-მინისტრიდან მოყოლებული ყველა აღიარებს, რომ საინვესტიციო კუთხით საქართველომ სრული კრახი განიცდა.  ექსპერტები კი არც მომავალში ელიან უკეთესობას, რადგან საერთაშორისო არენაზე ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკური მიმზიდველობა დაკარგა.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური 2010 წელს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებით უკმაყოფილოა.  როგორც გილაურმა მთავრობის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა, ის ისურვებდა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების კუთხით საქართველოს გაცილებით კარგი მაჩვნებლები ჰქონოდა.

 

„რა არის ცუდი და რას ვისურვებდი რომ კარგი ყოფილიყო, ეს არის კერძო პირდაპირი ინვესტიციები. ინვსტიციები სამი კვარტლის ანგარიშით არის 450-460 მლნ დოლარი, რაც დიდი ციფრი არ არის“, - აღნიშნა გილაურმა.

 

პრემიერ-მინისტრის აზრით, 2010 წლის მე-4 კვარტლის მონაცემები შედარებით კარგი იქნება. „ველოდებით, რომ მე-4 კვარტალი კარგი იქნება, თუმცა საერთო ჯამში პირდაპირი ინვესტიციები, არცთუ ისე მაღალი იქნება. იმედი მაქვს, რომ 2011 წელს უკეთესი მონაცემები გვექნება. რეალურად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან უცხოურმა შემოდინებებმა ჩაანაცვლა. ჩვენ საკმაოდ დიდი თანხები მივიღეთ ევრობანკიდან, მსოფლიო ბანკიდან, აზიის განვითარების ბანკიდან. უცხოური შემოდინებები მაღალი იყო, როცა კერძო შემოდინებები მაღალი არ იყო“, - განაცხადა გილაურმა.

 

ყველაზე მდგრადი მინისტრი ვერა ქობალია კი გილაურს კვერს უკრავს და 2011 წელს ყველაზე რეალური ინვესტიციებს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ელოდება.

 

„ინვესტიციებზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა რეალურად ვიფიქროთ.  ყველაზე რეალური ინვესტიციები კი დღესაც და 2011 წელს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შემოვა. ეს ქვეყნები არიან ჩვენი პირველი სავაჭრო პარტნიორები“, - აღნიშნა ქობალიამ.

 

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ინვესტიციების განხორცილების კუთხით დიდი დაინტერესება ისრაელს და ირანს აქვთ.

 

„გარდა ამ ქვეყნებისა, ინვესტიციების მოზიდვაზე ვიმუშავებთ ევროპის ქვეყნებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კანადასთან“, - განმარტა მინისტრმა.

 

მთვარობას აღტკინებას, რა თქმა უნდა, მხარს არ უბამენ ეკონომიკის ექსპერტები. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ისინი უფრო რეალურად აფასებენ მდგომარეობას. ასე იყო 2010 წლის დასაწყისში, როდესაც საქართველოს მთვარობა 1,2 მლრდ დოლარის ინვესტიციას გეგმავდა, ხოლო ექსპერტები იმთავითვე სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი.

 

ექპერტის ნოდარ ჯავახიშვილის აზრით, საქართველომ საერთაშორისო არენაზე ეკონომიკური მიმზიდველობა დაკარგა.

 

„მიუხედავად ქვეყნის პრეზიდენტის ყელყელაობისა და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების მიერ მინიჭებული საამაყო რეიტინგებისა, მეოთხე წელია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პერმანენტულად იკლებს. 2010 წლის 9 თვეში საქართველოში სულ 433 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე მისი მოცულობა მაქსიმუმ, 600 მლნ აშშ დოლარმადე გაიზრდება, რაც 3.6-ჯერ ჩამორჩება 2007 წლის მაჩვენებელს, 2.6-ჯერ - 2008 წლისას და 10%-ით - 2009 წლის ისედაც უმნიშვნელო მოცულობას“, - განმარტა ჯავახიშვილმა.

 

მან ხელისუფლების 2010 წლის ეკონომიკურ ინიციატივებსა და „პიარ-კამპანიებზეც“ გაამახვიალ ყურადღება და მთავრობის მიერ გამოცხადებული „ახალი ეკონომიკური კურსი“ 2010 წლის შემაჯამებელ საახალწლო ზღაპრად შეაფასა.

 

„ხელისუფლების მიერ გაცხადებულ „ახალ ეკონომიკურ კურსში“ ვერც ახალს მოიძიებ რამეს და ვერც ეკონომიკური კურსისას. ჩვენს ხელისუფლებას რომ ოდესმე ეკონომიკური კურსი ჰქონოდა განსაზღვრული, ეს საზოგადოებასაც ეცოდინებოდა. თუ სიახლე ის იქნება, რომ საგადასახადო ინსპექტორები „გაიშნიკებივით“ აღარ ჩაუსაფრდებიან მეწარმეებს, იქნებ, აგვიხსნას ხელისუფლებამ, რომელი ძველი კურსით იყო დეკლარირებული საგადასახადო ტერორისტობა და რატომ უნდა დავუჯეროთ ახლა, რომ დიდი ხნის წინათ დეკლარირებული „ლიბერალური საგადასახადო გარემო“ ახლა მაინც იქცევა რეალობად. მით უფრო, რომ მომავალ წელს საგადასახადო წნეხი მნიშვნელოვნად იზრდება?!“ - დასძინა ჯავახიშვილმა.