სააკაშვილის „გათავისუფლების კომიტეტს“ ოპოზიციამ უარი სტკიცა

სააკაშვილის „გათავისუფლების კომიტეტს“ ოპოზიციამ უარი სტკიცა

არის თუ არა ექსპრეზიდენტის გათავისუფლება საერთო ოპოზიციური ინტერესი? - მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას, რომ მისი გათავისუფლებისთვის თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი შეიქმნას, ოპოზიცია არცთუ აღფრთოვანებული შეხვდა. როგორც ჩანს, ის რაც ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოთხოვნაა, პარტიების უმრავლესობის დღის წესრიგში არ დგას. ყოფილ სახელისუფლებო ძალასთან კოალიციაში მყოფი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას დღეს მხოლოდ მისი თანაგუნდელები და მხარდამჭერები ითხოვენ. ფიქრობენ, რომ ეს გახდა იმ ინიციატივის მიზეზიც, რომელიც თავად მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი გათავისუფლებისთვის წამოაყენა.

ამის პარალელურად კი სააკაშვილი ოპოზიციას აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდებს და გადამწყვეტ დროდ 3 კვირას ასახელებს. ის მიიჩნევს, რომ თუკი ქუჩაში მოსახლეობა მასობრივად გამოვა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იძულებული გახდება შეიწყალოს.

ოპონენტების განცხადებები მმართველი პარტიისთვის იმის მანიშნებელია, რომ ოპოზიცია საკუთარ მიზნებსა და სტრატეგიაზე ვერ ყალიბდება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს უკავშირებენ. სახელისუფლო გუნდი პარტიის შიდა ჯგუფების დაპირისპირებაზე საუბრობს და თვლის, რომ ოპოზიციის მიზანი პროცესების რადიკალიზაციაა.

„შემდეგი კვირები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შევძლებთ კონსოლიდაციას, პოლიტიკური მუხტის შენარჩუნებას, მრავალრიცხოვნებას და პრინციპულ და თავგადადებულ ბრძოლას, მივაღწევთ ყველაფერს და გავალთ სამშვიდობოს. ჩაერთეთ ყველანი. ვინც ვერ ახერხებს გამოსვლას, საკვებით დაეხმარეთ დემონსტრანტებს.

ახლა, ნებისმიერ პაუზას, ივანიშვილი გააფორმებს უკან დახევად და დამარცხებად, რაც ფიზიკურად მომაკვდინებელია ჩემთვის და ისტორიულად მომაკვდინებელია ჩვენი სამშობლოსთვის. ამიტომ, არც ერთი ნაბიჯი უკან და აქტიურობა, აქტიურობა და აქტიურობა“, - საუბარია სააკაშვილის მიმართვაში.

სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია კი პირდაპირ ამბობს, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების სამართლებრივი გზა ამ ეტაპზე შეწყალებაა.

„სააკაშვილის გათავისუფლების უმოკლესი სამართლებრივი გზა, ეს არის პრეზიდენტის მიერ შესაბამისი განკარგულების მიღება, რომელმაც ორგზის უკვე განაცხადა, რომ ამას არ გააკეთებს, მაგრამ ეს უნდა იყოს და იქნება ცალსახად ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. თუ ქართველი ხალხი შესაბამის პროტესტს დააფიქსირებს, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას“, - თქვა ბექა ბასილაიამ.

მისი თქმით, სხვა სამართლებრივ საკითხებზეც მუშაობენ, თუმცა ყველას უნდა ესმოდეს, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკურ მითითებებზეა დამოკიდებული.

არის თუ არა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საერთო ოპოზიციური გეგმა? - პოლიტიკური პარტიების მოსაზრებები განსხვავებულია. თავად მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მის გათავისუფლებაზე საინიციატივო ჯგუფმა უნდა იმუშაოს.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ფიქრობს, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ოპოზიციის დიდი ნაწილის დღის წესრიგი არ არის და საინიციატივო ჯგუფის შექმნის ინიციატივასაც სწორედ ამას უკავშირებს.

„თავისუფლება მიშას“ კამპანია, ანუ, მიშას გათავისუფლება არის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს არ არის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის დღის წესრიგი. ვფიქრობ, რომ ეს დაინახა მესამე პრეზიდენტმა და ის მიიჩნევს, რომ ეს არის ცალკე გასაკეთებელი კამპანია. დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი არის ის, რომ შევძლოთ და მოვიპოვოთ რიგგარეშე არჩევნები“, - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილი რეალობას არის მოწყვეტილი და საუბრობს იმაზე, რაც პრაქტიკაში არასდროს გამოვა. ზაქარეიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სააკაშვილს მუდმივად მითები აწუხებს - „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის ლიდერი იყოს. ამიტომაც კომიტეტით არარსებული ოპოზიციის შეკვრა უნდა.

„ენმ-ის გვერდით დანარჩენი ოპოზიციის ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის აგებენ. ოპოზიციამ 2020 წელს ნაციონალებთან ალიანსის შემდეგ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის მათთან მოხვედრა შავ ხვრელთან მოხვედრას უდრის - ისინი, როგორც პარტიები იკარგებიან. საზოგადოებას მათი არსებობა მაშინვე აღარ აინტერესებს. ამით ენმ-ს მართალია არაფერი ემართება, მაგრამ შეხედეთ, მაგალითად, „ლელოს“ რა დაემართა. რეიტინგი საერთოდ დაკარგა.

„ნაცმოძრაობა“ მხოლოდ ერთადერთ მთავარ ოპოზიციურ პარტიად რჩება და ყველა მასთან მიახლოვებული პარტია ამომრჩეველს კარგავს. ამ პარტიის გრავიტაცია მოწამლულია, ამიტომ ეს კომიტეტები და რაღაცა ერთობა, ყველაფერი იმისთვის არის, რომ ოპოზიციური პარტიები როგორმე შეიტყუონ. სააკაშვილს უნდა მოსახლეობას უსაგნო და უსაფუძვლო განცდა შეუქმნას, თითქოს ოპოზიცია ერთიანია. მოსახლეობის დიდ ნაწილს „ნაციონალური მოძრაობა“ არ უყვარს. კი ბატონო, მას ჰყავს საკუთარი ელექტორატი რომელსაც აკლდება და არაფერი ემატება“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

რაც შეეხება გადამწყვეტ სამ კვირას და ხალხის ქუჩაში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამოსვლას, რომელიც შემდეგ პრეზიდენტს ზურაბიშვილს მის შეწყალებას აიძულებს, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი აქაც ხიბლშია და დღემდე ვერ ათვიცნობიერებს ხალხი მასზე როგორი ნაწყენი და გაბრაზებულია. ბოლო დღეების განმავლობაში „ოცნების“ მიერ დაშვებულმა შეცდომებმა სააკაშვილის არა როგორც პოლიტიკოსის, არამედ როგორც პატიმრის მიმართ სენტიმენტები გააჩინა. სხვა მხრივ მის უკან დაბრუნებას საზოგადოება არ დაუშვებს.

„არ შეიძლება პატიმარს ასე მოექცე და ღირსება აყარო. ამიტომ „ოცნების“ საქციელმა, რომელმაც ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, სააკაშვილისკენ საზოგადოების ნაწილის შემობრუნება განაპირობა. თუმცა ეს არის მხოლოდ პატიმრის მიმართ თანაგრძნობა და არა იმ პოლიტიკოსის, რომლის უკან ხელისუფლებაში დაბრუნება უნდათ. ამიტომ სააკაშვილი მუდამ რაღაცა კვირებზე და გადამწყვეტ დღეებზე საუბრობს. არაფერიც

არ იქნება, სამ კვირაში მოვა ახალი წელი, მერე? დაისვენებს ხალხი და ეს აჟიოტაჟიც ჩაწყნარდება. პრეზიდენტ ზურაბიშვილს არავინ არსად მიუვარდება, რომ სააკაშვილი შეიწყალოს. გადამწყვეტი იყო ადგილობრივ არჩევნებამდე, რომელიც ენმ-მა და ოპოზიციამ ჩააფლავა. ადგილობრივ არჩევნებზე მელიამ მერობაზე მხოლოდ მეურე ტურში დაიწყო საუბარი. მანამდე პუტინზე, ივანიშვილზე და რუსეთზე საუბრობდა. თუმცა მელიას აქციებზე ხალხი რატომ არ გამოგყავსო, ვერ მოსთხოვენ. ადამიანი მკვდარი ორგანიზმის გაცოცხლებას ცდილობს, რისი შესაძლებლობაც არ არსებობს. არჩევნების წინ იმიტომ გამოვიდნენ, რომ მობილიზება მოხდა და ამას ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა. შესაძლოა, ასე წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გამოიყვანონ. ამიტომ მელიას ვერავინ ვერ დაადანაშაულებს იმაში, რომ ნაციონალები ქვეყანაში პოპულარულები არ არიან. ეს პარტია პოპულარული საზოგადოების ნაწილში თუ არის, სააკაშვილის დამსახურებაა, ხოლო დიდ ნაწილში პოპულარული თუ არ არის, ესეც სააკაშვილის დამსახურებაა“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოსახსნელად ახალ შტაბს ქმნიან, რომელიც პოლიტიკური დეგრადაციის გამოხატულებაა. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ნაციონალები უკვე 8 წელია ხელისუფლების ძალით ხელში ჩაგდებას ცდილობენ და არ გამოსდით. სააკაშვილის ე.წ. კომიტეტის შექმნაც ამ გზის გაგრძელებაა, რაც არ გამოუვა.

„ყველა იმის მომსწრენი ვართ, რომ ეს პარტია ქვეყნის აღმშენებლობით და განვითარებით არ არის დაინტერესებული. მათი მთავარი მიზანია, როგორმე ხელისუფლება მიიტაცონ. ამას როგორც იქნა ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში მყოფი პარტიები და პოლიტიკოსები მიხვდნენ. მაგალითად, ხათუნა სამნიძემ სააკაშვილს და მის გარემოცვას შეუთვალა, რომ ისინი პოლიტიკური დღის წესრიგიდნ გაათავისუფლოს. ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, იმედია, მიხვდება, რომ სააკაშვილთან მათი ალიანსი და კავშირი, როგორც ქვეყნისთვის, ასევე მათთვისაც დამღუპველია. იგივე მიდგომა ენმ-ის მოქმედ თავმჯდომარე ნიკა მელიას სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ დაუწუნა.

თქვენ წარმოიდგინეთ, ოპოზიციის კიარა, ერთი პარტიის წიაღი როგორი გაუგებრობაა. ამ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის ერთობის დონეზეც როგორი აზრთა სხვადასხვაობაა. არადა გამოდის, რომ ყველაზე ადეკვატური ადამიანი ამ დომხალში სააკაშვილის უფროსი ვაჟი ედვარდ სააკაშვილია. ის კარგად მიხვდა, რომ მამამისის გარშემო ძალიან შავი ღრუბელია მოქცეული. ადამიანებს, რომლებიც მის გარშემო არიან შეკრებილები, სააკაშვილის სიკვდილი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის უნდათ“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილზე გავლენას „ოცნებაც“ კი ვერ ახდენს, რადგანაც საკმაოდ პრინციპული ადამიანია და მისი რაიმეზე დათანხმება ასე ადვილი არ არის. ამიტომ თუკი სააკაშვილს მართლმსაჯულებისგან თავის არიდება ზურაბიშვილის დახმარებით უნდა, ეს არ გამოუვა.

 

 

 

Serapina "...თუ ქართველი ხალხი შესაბამის პროტესტს დააფიქსირებს, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას“, - თქვა ბექა ბასილაიამ."
ჰო, თქვენმა მზემ, სააკაშვილიც მასე არ აკეთებდა?! ერთი ხალხის გამოსვლა და ყველაფერი გათვალისწინებული იყო, არა?!
თუ,ისინი "ქართველი ხალხი" არ იყო?! ...თუ,პატივცემული ბასილაია მაშინ, ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული?!
ეს გამომძალველობა, როგორ ბუნებაში უზით ამ უბედურებს!
3 წლის უკან
გიორგი ბელაშვილი როგორ შეიძლება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კვლავ იყოს ქვეყნის ოპოზიციური ბლოკის ავანგარდში??? სააკაშვილს სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ მორიგი მცდელობა და წაშლა. ვფიქრობ, ადგილობრივ მოსახლეობასაც კი მობეზრდა ეს პოლიტიკური კრიზისი. ეს ოპოზიციამ გააკეთა და დასრულდება მაშინ, როცა მის არცერთ ამომრჩეველს არ ექნება ამ აქციებზე დგომა.
2 წლის უკან