„სააკაშვილს შეიძლება შესთავაზონ საპროცესო გამოსავალი, რომ შეწყვეტენ მის სისხლის სამართლებრივ დევნას, თუკი ის ქართული პოლიტიკიდან გაქრება“

„სააკაშვილს შეიძლება შესთავაზონ საპროცესო გამოსავალი, რომ შეწყვეტენ მის სისხლის სამართლებრივ დევნას, თუკი ის ქართული პოლიტიკიდან გაქრება“

„არ გამოვრიცხავ არაორდინალურ გადაწყვეტილებას სააკაშვილთან მიმართებით, ოღონდ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ. აქ მთავარია, რომ სააკაშვილს არც სამშობლოს ღალატის - აგვისტოს ომის გამო აქვს ბრალი წაყენებული, არც სისტემური დანაშაულების გამო, რაც ციხეში მასობრივ წამებას გულისხმობს. შეიძლება პროკურატურამ შეწყვიტოს მის წინააღმდეგ ამ საქმეებზე სისხლის სამართლის დევნის განხორციელება, თუკი სააკაშვილი არ გამოჩნდება საქართველოს საჯარო სივრცეში. თუ ამ მოთხოვნას დაარღვევს, მას სოლიდური თანხა დაეკისრება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.

ხელისუფლებას არაერთი ადამიანი ურჩევს, სააკაშვილთან დაკავშირებული ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოს, მათ შორის, ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ კლოუნადიდან გამოსავალი კლოუნადის შეწყვეტაა, ანუ სააკაშვილი საზღვარგარეთ თუ წავა, ყველა მშვიდად იქნება. შესაძლოა, ხელისუფლება განიხილავდეს ამ ვარიანტს?

- სააკაშვილი არის განსაკუთრებული კრიმინალი და, ცხადია, პრობლემას ქმნის, თუ სად იქნება მისი ადგილი. როგორც ჩანს, ის ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ციხეში უნდა იჯდეს და, თანაც, კარგა ხნით. ბევრი პატიმარი ვერ ეგუება ამას, მაგრამ აუტანიათ, თავს იქით ძალა არ არის. სააკაშვილის შემთხვევაში პრობლემურია ის, რომ იგი განსაკუთრებულ აჟიოტაჟს იწვევს. მის გარშემო იქმნება ისეთი მუხტი, რომელიც უარყოფითად აისახება განწყობებზე, პოლიტიკურ მდგომარეობაზე. მან ის მოახერხა, რომ რაც შემოვიდა საქართველოში და შემოიპარა როგორც ჯაშუში, ჰიბრიდული აქტი განახორციელა და პრობლემები შეუქმნა, პირველ რიგში, მართლმსაჯულებას, ყველანაირად ცდილობს, სამართალი მასზე არ განხორციელდეს. საკმაოდ სერიოზული გამოცდა მოუწყო მთელ სისტემას. ამიტომაც ამ სიტუაციიდან გარკვეული გამოსავალია მოსაძებნი. პირადად მე არ გამოვრიცხავ არაორდინალურ გადაწყვეტილებას სააკაშვილთან დაკავშირებით, ოღონდ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ. აქ მთავარია ის, რომ სისტემური დანაშაულებების გამო სააკაშვილს არც მსჯავრი აქვს გამოტანილი, ბრალიც კი არ აქვს წაყენებული. მთავარი, რის გამოც ბრალს უნდა იხდიდეს და სამართალს მისთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებია, ეს არის, პირველ რიგში, აგვისტოს ომი, სამშობლოს ღალატი, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

ზოგიერთები კოდორის ხეობის უბრძოლველად ჩაბარების გამოც მოითხოვენ სააკაშვილის გასამართლებას.

- რასაკვირველია, ერთ-ერთი უდიდესი ბრალი ეგეც არის შედეგების თვალსაზრისით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, 408-ე მუხლით წაუყენონ ბრალი სააკაშვილს, რაც გულისხმობს დანაშაულს ადამიანურობის წინააღმდეგ. ამ დანაშაულის შემადგენლობა რომ ნახოთ, ეს ნიშნავს, ციხეებში, მთლიანად სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში წამების, როგორც პოლიტიკის, დამკვიდრებას. წამება ხომ არ იყო ერთი ან ორი შემთხვევა, ან კონკრეტულად რომელიმე პირთა მიმართ? წამება იყო მასობრივი, ამას სისტემური ხასიათი ჰქონდა. ამაზე იდგა სასჯელაღსრულების პოლიტიკა. ანუ ადამიანი ციხეში რომ მოხვდებოდა, განურჩევლად ყველას მიმართ ეს მეთოდი გამოიყენებოდა, ვიღაცის მიმართ მეტად, ვიღაცის მიმართ ნაკლებად, მათ შორის, სექსუალური ძალადობაც. ამით იმის თქმა მინდა, რომ პროკურატურამ შეიძლება შესთავაზოს სააკაშვილს ასეთი საპროცესო გამოსავალი, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა სააკაშვილის წინააღმდეგ 408-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს სასჯელად სამუდამო პატიმრობას, სამაგიეროდ, შესთავაზოს საპროცესო გამოსავალი, რომ შეწყვეტს სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებას, თუ სააკაშვილი შეასრულებს ვალდებულებას და გაქრება საქართველოდან, საქართველოს საჯარო სივრცეში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ასპარეზზე აღარ გამოჩნდება.

სააკაშვილი მოითმენს ქართული პოლიტიკის გარეშე არსებობას? მისთვის უკრაინის მასშტაბიც არაფერია ქართულ პოლიტიკაში ყოფნასთან შედარებით.

- რასაკვირველია, გარანტიები იქნება საჭირო. გარანტია შეიძლება იყოს უამრავი და ერთ-ერთი ყველაზე არსებითი შეიძლება იყოს ფინანსური გარანტია. მან უნდა წარმოადგინოს აბსოლუტური საბანკო გარანტია, რომ, თუკი ამ პირობას დათანხმდება, არ დაარღვევს. თუ დაარღვევს, მაშინ საბანკო გარანტია ამოქმედდება და მას თანხა ჩამოეჭრება. აქ სოლიდურ თანხაზე უნდა იყოს საუბარი, მილიონებზე. მაგალითად, ყოველ ჯერზე, როცა ის ტელევიზორში გამოჩნდება, ან პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს გააკეთებს, მას სოლიდური თანხა ჩამოეჭრება. მას ეს ვალდებულება ისედაც აქვს. ის უკრაინის მოქალაქეა და საქართველოში არავითარ პოლიტიკურ ჩარევას არ უნდა ახორციელებდეს. შეუძლებელია, ის მონაწილეობდეს საქართველოს პოლიტიკაში.

თუკი ჩვენი ხელისუფლება ამ გარიგებაში შევა სააკაშვილთან, მაშინ რა ქნან დაზარალებულებმა, ვისაც სააკაშვილის რეჟიმის შედეგად მიადგა ზიანი და ვინც აწამეს? მათ მოეწონებათ თავისუფლებაზე მყოფი სააკაშვილი?

- რა თქმა უნდა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ ხდება ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ინსტრუმენტის - სააკაშვილის გამოყენება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არეულობას იწვევს და მტრის მიზანს ემსახურება. სააკაშვილს იყენებს მტერი, როგორც მთავარ ინსტრუმენტს დესტაბილიზაციისთვის. ერთ მხარეს ეს დევს და მეორე მხარეს სამართლიანობა, სამართლის განცდა და დაზარალებულთა ინტერესები.

სააკაშვილს ულევი კაპიტალი აქვს და ოფშორებიდან ყოველთვის შეუძლია გადმოქაჩოს ეს თანხები, მისთვის შეიძლება არაფერი იყოს მილიონებიც, რომლითაც დააჯარიმებენ.

- რა გითხრათ, ულევი კაპიტალი აქვს თუ არა, მაგრამ გააჩნია საბანკო გარანტიის მოცულობას. ყოველ ჯერზე რომ გამოჩნდება და 50 მილიონით დაჯარიმდება, მაშინ ვნახავთ მის ულევ თანხებს. ამ საქმეს მეორე მხარეც აქვს, საჯარო სივრცეში მისი გამოჩენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ სააკაშვილს, არამედ მედიასაც, რომელიც ამ პირობას არღვევს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს აძლევს საშუალებას და მის პოლიტიკურ პროპაგანდას ეწევა. აქაც სოლიდური საჯარიმო სანქციები უნდა იყოს და ეს კანონმდებლობის საქმეა.

ისე, უკრაინამაც ხომ შეიძლება მოუწოდოს თავის მოქალაქე-სააკაშვილს, ნუ ერევა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში?

- რა გითხრათ, რა თქმა უნდა, აჯობებდა, ამგვარი შინაარსის განცხადება უკრაინასაც გაეკეთებინა, კერძოდ, რომ არ მიესალმება საკუთარი მოქალაქის ასეთ აქტიურობას სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევის თვალსაზრისით. ეს არ არის არც კორექტული, არც მეგობრული ნაბიჯი.

რაღაცით სწორი ყოფილა ერთ-ერთი ექსპერტის შეფასება, რომ საქართველოში ორხელისუფლებიანობაა, „ქართული ოცნება“ თვითიზოლაციაშია და მიშა ციხიდან მართავს პროცესებს. მართლაც ასეთი დაუსრულებელია სააკაშვილის პრობლემა?

- ორხელისუფლებიანობა არ არის, ამ ხელისუფლებაზე ბერკეტები სააკაშვილს არ აქვს, სააკაშვილს აქვს არეულობის მოწყობის ბერკეტები, რასაც ახორციელებს თავისი მედიის მეშვეობით.

შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ უკრაინიდან საქართველოში სნაიპერები ჩამოდიან.

- რასაკვირველია, ეს დაკავშირებულია დესტაბილიზაციის უამრავ რისკთან, ეს შეიძლება იყოს მეიდანიზაციის საფრთხე, სხვადასხვა დიდი უბედურების გამომწვევი. რამდენადაც ვიცი, ასეთი არაფორმალური ფსევდო ძალოვანი დანაყოფები „ნაცმოძრაობის“ სიახლოვეს არიან. ასეთ დროს კანონმა უნდა იმუშაოს, რომ ყველანაირი რისკი გამოვრიცხოთ.

სააკაშვილი 50-დღიან შიმშილობას შეახსენებს მთელ მსოფლიოს და ციხიდან მიმართავს ამერიკის კონგრესს, სანქციები დაუწესოს ამ ხელისუფლებას, ბაიდენისგანაც ითხოვს რეაგირებას. ეს ნიშნავს, რომ ის ციხესაც არანაკლებ ეფექტურად იყენებს?

- ხომ გეუბნებით, ეს არის ჰიბრიდული დივერსია, ეს ზუსტად ის მეთოდია, რასაც სააკაშვილი განსაკუთრებით იყენებს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ.

ფიქრობთ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლისა და მეტად უცნაური შიმშილობის შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე პრემიერის იმიჯი დაზიანდა, როგორც ამას ცალკეული ოპოზიციონრები ამტკიცებენ, და კახა კუჭავათი აპირებენ ჩანაცვლებას?

- პრემიერის არავითარი იმიჯი არ დაზიანებულა. არავითარი რეალური პოლიტიკური შედეგი ამას არ მოჰყვება, გარდა იმისა, რომ ეს გამოიწვევს ხმაურს, არასასურველ აურზაურს. ის, რომ ამერიკის ეროვნული პოლიტიკა საქართველოს მიმართ რადიკალურად შეიცვლება, ამას არ ველი და არც კახა კუჭავას არ ველი ღარიბაშვილის შემცვლელად. ყველამ ვნახეთ, ბაიდენს და ამერიკის კონგრესს კი მიმართა სააკაშვილმა, მაგრამ ეს გააკეთა არა პირადი კომუნიკაციის და პირადი ავტორობით, არამედ მიმართვა გამოაქვეყნა ამერიკულ გამოცემაში და ეს ამ გზით გააკეთა. ასე იმიტომ მოიქცა, რომ, ჯერ ერთი, ის საქართველოს მოქალაქე არ არის და ოფიციალურად მას უფლება არ აქვს, ვინმეს მიმართოს საქართველოს შიდა საკითხებთან დაკავშირებით. ეს იმთავითვე გამორიცხულია. მეორეც, ეს თვითონ ამერიკის სამართლითაც უკვე პრობლემა იქნება, რადგან ამერიკას მიმართავს არაჯეროვანი პირი, რომელსაც არავითარი კავშირი საქართველოსთან არ შეიძლება ჰქონდეს. ცხადია, არ შეიძლება ამერიკიდან მას რაიმე გამოხმაურება ჰქონდეს.

შეიძლება, ვინმეს კითხვა გაუჩნდეს, თუკი მაინც გორის ჰოსპიტალში აპირებდნენ სააკაშვილის გადაყვანას, რა საჭირო იყო გლდანის ციხე, ანუ ჯოჯოხეთის საზვერეები ანახეს სააკაშვილს?

- მე რომ მკითხოთ, არც გლდანი იყო საჭირო, არც გორი. ის უნდა ყოფილიყო იქ, სადაც თავიდან გაამწესეს, ანუ რუსთავის დაწესებულებაში. თუმცა რახან ასეთი აჟიოტაჟი ატეხა, სხვა გზა არ დარჩა. ის, რომ თურმე მას სჭირდება განსაკუთრებული მკურნალობა, არ არის რეალური. ე.წ. თავისუფალი მკურნალობა, ეს საერთოდ საგიჟეთია. როგორ შეიძლება, პატიმარს თავისუფალი მკურნალობა მივუსადაგოთ?

Serapina ბატონო დავით, რაც თქვენ ჩამოთვალეთ(1 აბზაცი),ამ საქმეებზე რომ სააკაშვილს ბრალი არ/ვერ წაუყენეს, ეს პროკურატურის,სასამართლოს...სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების და შესაბამისად, ხელისუფლების უსუსურობაზე არ მეტყველებს?
დასავლეთს ასე უნდა/არ უნდა არგუმენტი, ვერ მუშაობს...
...და თუ მაინცა და მაინც არაორდინალური უნდა ჩაედინათ რამე... როგორც შემოეპარათ,ისე მაინც გაებრუნებიათ უკან... (კასრების მტკიცებულებები გაანადგურეს და დიდი ამბავი, მიშას გადაღებულ კადრებს თუ წაშლიდნენ/ ან ჭკვიანურად შენახავდნენ ... ასლების არსებობაზე, არავინ წუხს საქართველოში).
ახლა,ყველაზე არაორდინალური ის იქნება, რომ თქვენს მიერ,პირველ აბზაცში ჩამოთვლილ საქმეებზე, ჰააგის კარზე დააკაკუნონ...რასაც, ვერ შეძლებენ!
ამ არსებას არაფრის არ სცხვენია...შესაბამისად,ციხეში მყოფიც ხელისუფლების თავის ტკივილია და ციხის გარეთაც.
რატოღაც,ამდენის გადათვლა ხელისუფლებამ იმ მოკლე დროში ვერ შეძლო...( ეს, გახარიას შეეძლო! ).
ახლა, ხელისუფლება მარჯვნივ წავა თუ მარცხნივ, ერთნაირი შარია.
ამის აცილება იყო შესძლებელი...უფრო სწორად აუცილებელი. უკრაინამ ეს თავის ტკივილი მოიშორა,ჩვენი ხელისუფლება, ფაქტია ვერ მიხვდა.
ამ სიტუაციიდან ჯანმრთელად გამოსვლას, ფუნქციონირებადი ინსტიტუტები ჭირდება. რაც არ გვაქვს! მაშინ, გამოდის რომ ერთადერთი გამოსავალი სააკაშვილთან გარიგება/მორიგება იქნება?!
არაფერი გამოვა მაგ საქმიდანაც!
ეს, ის ბოროტებაა, რომლის დამარცხების რესურსი ამ ხელისუფლებას არ გააჩნია. ...და ეს, თავად ამ ხელისუფლების "დამსახურებაა" რომ ასეა.
ახლა,ფაქტობრივად სააკაშვილია გამომწყვდეული... მაგრამ, ხელისუფლება რომ კუთხეშია მომწყვდეული და გამოსავალს ვერ პოულობს?
3 წლის უკან
Serapina ხალხზე ზრუნვას ვინ დაეძებს, ერთი სახლხო დამცველი ვერ შეურჩევიათ ისეთი, თავისი ფუნქცია და მოვალეობები რომ სწორად ესმოდეს და აბა, სხვაზე რაღა ვთქვათ?!
3 წლის უკან