რა უბიძგებთ კახელ მეღვინეებს თვითმკვლელობისკენ

რა უბიძგებთ კახელ მეღვინეებს თვითმკვლელობისკენ

კახეთში რთველი დიდი ხანია რაც დასრულდა, თუმცა მეღვინეებს ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები ისევ ექმნებათ. კონკრეტული მიზეზები არ სახელდება, თუმცა შედეგები მძიმეა. წლეულს კახეთში უკვე მეორე მეღვინემ მოიკლა თავი, ორივე შემთხვევაში, არაოფიციალურად, ფინანსური პრობლემები სახელდება, ოფიციალურად კი ამ თემებზე კომენტარს არავინ აკეთებს.

 

სულ რაღარ ორიოდე დღის წინათ ყვარლის რაიონში მდებარე „ქინძმარაულის მარნის“ დირექტორის მოადგილემ, სოფელ გავაზში მცხოვრებმა 47 წლის არჩილ სესიაშვილმა თავი მოიკლა. როგორც სოფელ გავაზის მცხოვრებლებმა განაცხადეს, თვითმკვლელობის მიზეზი საგადასახადო ინსპექციის მიერ კომპანიაში აღმოჩენილი დარღვევები გახდა, რის გამოც კომპანია დააჯარიმეს.

 

ფინანსური პრობლემებს კატეგორიულად უარყოფს „ქინძმარაულის მარნის“ დირექტორი დიმიტრი ლებანიძე. მისი თქმით, საგადასახადო ინსპექციას კომპანიაში დარღვევები არ აღმოუჩენია და არც დაჯარიმება მომხდარა. თავად შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურ ცენტრშიამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

 

სოფელ გავაზიდან ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ვალერი ვარადაშვილის განცხადებით, თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე არჩილ სესიაშვილი მასთან იყო მისული და მიწებთან დაკავშირებით რაღაც დეტალის გარკვევა სთხოვა.

 

„მაგრამ ამ შემთხვევაში გადასახადელი თანხა, როგორც მახსოვს70-80 ლარს არ აღემატებოდა“, - აღნიშნა ვარადაშვილმა და აქვე დასძინა, რომ სესიაშვილი გაწონასწორებული ადამიანი იყო და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონდა.

 

სესიაშვილი პირველი მეღვინე არ იყო, ვინც მიმდინარე წელს ფინანსური პრობლემების გამო თავი მოიკლა. კახეთში რთველის დაწყებამდე სუიციდის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მაშინ თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ღვინის კომპანია „შუმის“ ერთ-ერთმა მეპატრონემ ოთარ ფირანიშვილმა თავი მოიკლა. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თვითმკვლელობა ფირანიშვილის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდებოდა.

 

გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ბიზნესპარტნიორები ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებდნენ. არავინ საუბარობდა იმაზე, უკავშირდებოდა თუ არა მკვლელობა ფინანსურ პრობლემებს.

 

აღსანიშნავია, რომ თვითმკვლელობიდან რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ „შუმში“ საგადასახადო მართლაც იყო შესული. შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველომ ღვინის საწარმოს რამდენიმე დღის განმავლობაში ამოწმებდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სამართალდამცავები კომპანიის ფინანსური საქმიანობის შესამოწმებლად საწარმოში 27 აგვისტომდე, ანუ ფირანიშვილის თვითმკვლელობამდე შევიდნენ.

 

როგორც ჩანს, სუბსიდირებული, უფრო ზუსტად კი პოლიტიკური რთველის შედეგებს ქვეყანა და მათ შორის, ღვინის კომპანიები დღემდე იმკიან. თუ რთველის პერიოდში მათ ტერორში უწევთ მუშაობა, რამდენადაც ხელისუფლება გლეხებისგან ყურძნის მიღებას აიძულებს, (არაოფიციალურად) რთველის დასრულების შემდეგ, ან მანამდე საგადასახადო ესხმის თავს.

 

ყველაფერი კი სავალალო შედეგით სრულდება, ისეთით, როგორიც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანაა. მართალია, საბედნიეროდ ასეთი ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა იმის გამო, რომ რთველი წლიდან წლამდე უფრო მეტ პოლიტიკურ დატვირთვას იძენს, წლეულს კი ამ პროცესში მერაბიშვილის უწყებაც  ჩაერია, გამორიცხული არ არის, რომ მეღვინეებზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდეს.