ირანის საკითხზე აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რობ მელიმ განაცხადა, რომ აშშ უმოქმედოდ არ დარჩება, თუ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ზედმეტად მიუახლოვდება.
23 ნოემბერს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ მოქმედების თავისუფლებას შეინარჩუნებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა ირანის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება.
22 ნოემბერს, გაზეთ The New York Times-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ისრაელი გააფრთხილეს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე თავდასხმები კონტრპროდუქტიულია. გაზეთ The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ისრაელელი კოლეგები გააფრთხილეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ძალისხმევა ტაქტიკურად დამაკმაყოფილებელი შეიძლება იყოს, საბოლოოდ კონტრპროდუქტიულია.
2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში ირანის დაბრუნებასთან დაკავშირებით მზარდი გაურკვევლობის ფონზე, ბოლო თვეების განმავლობაში, ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ძალისხმევა გააძლიერა თეირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ სამხედრო მომზადების კუთხით.
26 იანვარს, ისრაელის თავდაცვითი ძალების გენშტაბის ხელმძღვანელმა, ავივ კოხავიმ განაცხადა, რომ სამხედროებს ოპერატიული გეგმების მომზადება დაავალა იმ შემთხვევისთვის, თუ ირანზე იერიშის მიტანა საჭირო გახდება.