დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინას თავს დაესხმება. ლიზ ტრასის თქმით, დიდი ბრიტანეთი მჭიდროდ მუშაობს ნატოს მოკავშირეებთან უკრაინის მხარდასაჭერად.
„ვფიქრობ, ეს სერიოზული შეცდომა იქნება რუსეთის მხრიდან. ჩვენ უკრაინასთან ძალიან ახლო მოკავშირეები ვართ და ნატოში ჩვენს პარტნიორებთან ვმუშაობთ, ასევე უშუალოდ უკრაინასთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ მათ სრული მხარდაჭერა ჰქონდეთ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
21 ნოემბერს, სააგენტო Bloomberg-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებს სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა, რომელიც ცხადყოფს, რომ რუსეთი უკრაინაში სწრაფი და ფართომასშტაბური შეჭრისთვის მოსამზადებლად ჯარებსა და არტილერიას აძლიერებს, თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეჭრას გადაწყვეტს.
14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედროა განლაგებული. 16 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობა და შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია კვლავ ფიქსირდება. 18 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის საზღვართან სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.