ევროკავშირმა რუსეთს მკაფიოდ უნდა გააგებინოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწევს, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა.
„ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას უკრაინის საზღვრის ირგვლივ რუსული სამხედრო ძალების გაძლიერებასთან დაკავშირებით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა მხარემ მკაფიოდ დააფიქსიროს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ნაბიჯის ფასი დიდი იქნება“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.
21 ნოემბერს, სააგენტო Bloomberg-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებს სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა, რომელიც ცხადყოფს, რომ რუსეთი უკრაინაში სწრაფი და ფართომასშტაბური შეჭრისთვის მოსამზადებლად ჯარებსა და არტილერიას აძლიერებს, თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეჭრას გადაწყვეტს.
14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედროა განლაგებული. 16 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობა და შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია კვლავ ფიქსირდება. 18 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის საზღვართან სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.