ირაკლი კობახიძე სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს აგრძელებს. საუბარის თემა შეეხო ყველა მიმდინარე თემას, რაც უკავშირდება შიდა პოლიტიკას და როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, ევროპარლამენტარებთან შეხვედრებისას ისაუბრეს სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანისა და შიმშილობის თემაზე.
„ვისაუბრეთ, ზოგადად, შიდა პოლიტიკაზე, მისი განვითარების პერსპექტივებზე, ჩვენ როგორ ვხედავთ შიდა პოლიტიკის განვითარებას, ჩვენი ინფორმაცია გავუზიარეთ. ყველა ჩვენი მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, მოხდეს დღის წესრიგის შეცვლა და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკურ სისტემაში და ამისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას.
კობახიძის ევროპული ვოიაჟი გრძელდება, პარალელურად ევროპარლამენტარები აფრთხილებენ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას. ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ქართულ საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ქართველ დეპუტატებთან საქართველოს ევროპული გზა განიხილეს. მისი თქმით, ძალიან სასიამოვნო იყო და დამაჯერებელი, რომ „ქართული ოცნება“ კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ევროპულ გზას. მეტიც, როგორც ევროპარლამენტარი აცხადებს, ხელისუფლება ძალიან ბევრს მუშაობს იმისათვის, რომ რეფორმების გატარებით საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს.
„მივესალმები სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტას და ყველას, ვინც ურჩია, შეეწყვიტა პროტესტის ეს ფორმა. ყველა ადამიანები ვართ, ჯანმრთელობა უმთავრესია და არ გვსურს, რომ ვინმე დაიტანჯოს. მაქვს დიდი იმედი, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღარ დაუბრუნდება შიმშილობას მას შემდეგ, რაც ის მიიღებს ყველა საჭირო ჯანდაცვის მომსახურებას რეაბილიტაციის დროს.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილი არის იმ შესაბამის საავადმყოფოში, რომელიც მისთვის მისაღებია, დათანხმდა გადასვლას და მისთვის დამაკმაყოფილებელია სამედიცინო მომსახურება და ექიმთა პერსონალი. მე მას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და რეაბილიტაციის სწრაფად გავლას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, დიდი იმედი მაქვს, რომ ის შიმშილობას არ განაახლებს. დიდი იმედი მაქვს, რომ სააკაშვილი ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც პროვოკაციად აღიქმება. დამიჯერეთ, თქვენ არ გჭირდებათ პროვოკაციები, არ გჭირდებათ მეტი პოლარიზაცია. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, რეფორმები“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.
პატიმარი სააკაშვილი აშშ-ის და ევროპის მხარდაჭერის გარეშე, რამდენიმე ევროპარლამენტარის იმედად დარჩა, რომლებიც დღეს ევროპარლამენტში სააკაშვილს ლობირებენ. რას იტყვის რომელიმე „მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი“, ეს საინტერესო არ არის პრემიერ-მინისტრისთვის, რომლის განცხადებით, „მით უმეტეს, მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს საინტერესო“. მისი თქმით, მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, მათ მოახერხეს და შექმნეს ე.წ. მეგობართა კლუბები.
„ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია, დაგეგმილ საინფორმაციო, ფსიქოლოგიურ ომს ვუპასუხოთ ჩვენი საქმით. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ჩვენ ყველა მიმართულებით გვქონდა ხელშესახები პროგრესი. ყოფილი ხელისუფლების მეგობართა კლუბები არსებობენ, მათ შორის, ევროპაში, აშშ-ში და მათი განცხადებები ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის აბსოლუტურად უინტერესოა. მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, მათ მოახერხეს და შექმნეს ე.წ. მეგობართა კლუბები. ვგულისხმობ ევროპარლამენტარებს, კონგრესმენებს და სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებში დასაქმებულ ე.წ. ექსპერტებს, რომლებიც დღესაც აქტიურობენ და არა ქვეყნის მეგობართა კლუბებში, არამედ პირადი ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებთ მათ. მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები აქვთ დახარჯული. სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა პირადი ან პარტიის შემოწირულობებიდან. შესაბამისად, ჩემთვის მარტივი ასახსნელია, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის პოზიციას იზიარებს ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი:
„ცალკეულ დეპუტატებს რაც შეეხება, თუნდაც, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან იყოს განცხადებები გაკეთებული, უნდა გავითვალისწინოთ შინაარსი. გავითვალისწინოთ, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები გავეშებულები უტევენ ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას, თუკი რაიმე კრიტიკული იქნა მათ მიმართ გამოთქმული. რაც შეეხება შინაარსს, თუკი საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული და აღნიშნავს იმას, რომ თითქოს ქვეყანას პოლიტიკური პატიმარი ჰყავს მიშა სააკაშვილის სახით, რასაკვირველია, ამ განცხადებას ასეთი პასუხი ეკუთვნის. ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება უფრო ხისტი პასუხიც გაეცა ქვეყნის ხელმძღვანელს, მაგრამ ამაში არ არის საქმე, საქმეა ორმაგ სტანდარტში. ჩვენ გვახსოვს კრიტიკული განცხადებები ნაცმოძრაობის ლიდერებისგან, რომელიც ხშირად უსაფუძვლო აგრესიით გამოირჩეოდა. გვახსოვს სააკაშვილის განცხადება, რომ იმპერიალისტური და კოლონიალისტური დამოკიდებულება აქვს აშშ-ის საქართველოს მიმართ, მაშინ მისი მედია სამსახური დუმდა ამ საკითხებზე. ასე რომ, შინაარსი შევაფასოთ და მერე ვიმსჯელოთ რამდენად საფუძვლიანია თუ უსაფუძვლო პრემიერის იქნება თუ ოპოზიცონერის განცხადებები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის განცხადებით, საქართველოს ყველა მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილი, რომ მოხდეს დღის წესრიგის შეცვლა და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, ამისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. მათ ამ განცხადებას მოჰყვა ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განმარტება და ფაქტობრივად, ამ პოლარიზაციის შესამცირებელი ე.წ. „საგზაო რუკა“ შემოგვთავაზა და ამ პროცესისადმი პასუხისმგებლობა ორივე მხარეს - ხელისუფლებასაც და ოპოზიციას დააკისრა.
„ევროპარლამენტარმა შემდეგ ორ ძირითად საკითხზე გაამახვილა მათი ყურადღება: საერთო ხედვა გამონახონ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობისას მოწესრიგდეს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა. არც ერთი აღნიშნული თემა ხელისუფლებისათვის გადაულახავ „რუბიკონს“ არ წარმოადგენს, თუმცა ჩემი პირადი რჩევა ოპოზიციისადმი, პოლარიზაციის დაძლევის საერთო საქმეში საკუთარი წვლილის შეტანის თვალსაზრისით, შემდეგშია: შეწყდეს პატიმარ სააკაშვილის გარშემო პოლიტიკური სპეკულაციები,
შეწყდეს „ნაცმოძრაობის“ კონტროლირებადი ტელეარხებიდან ფეიკებისა და ცილისწამების ტირაჟირება. დააბრუნონ საკუთარი პოლიტიკური აქტივობა ქუჩიდან ცენტრალურ და ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოების ველში. მეტს არც ვთხოვ, ამაშიც ეჭვი მეპარება, მაგრამ ამის საჯაროდ დაფიქსირება საჭიროდ მიმაჩნია, ისევე როგორც პატივცემული ევროპარლამენტარების სისტემატური ინფორმირება - თუ ვინ და როგორ უგდებს ყურს მათ მოწოდებებს“, - ამბობს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძის თქმით, სააკაშვილის ევროპელმა მხარდამჭერებმა დაინახეს, რომ დიდი პერსპექტივა სააკაშვილის მოქმედებას არ აქვს, დაინახაეს, რომ მასობრივი დემონსტრაციები არ იმართება, ქვეყანაში არ არის რევოლუციური სიტუაცია, სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ მოახერხეს საპროტესტო ტალღის აეგორება, შესაბამისად, მათი რიტორიკაც შეცვლილია.
„უფრო მენტორულ ტონზე გადავიდნენ, რომ კარგი არ არის პოლარიზაცია და არაფრის მთქმელი პოლიტკორექტული მოწოდებები, რომლის უკანაც არაფერი არ დგას. მთავარი კადრს მიღმა ხდება, თორემ პოლარიზაცია რომ უნდა შემცირდეს და საერთოდ, თხა და მგელი ერთად რომ უნდა ძოვდეს, ეს დიდმა ქართველმა პოეტმა შოთა რუსთაველმა თქვა ვეფხისტყაოსნის ბოლო სტროფში და ეს უნდა გადავცეთ მარია კალიურანდს და სხვა ევროპარლამენტარებს.
მთავარი საკითხები წყდება კულუარებში. გასაგებია ყველასთვის, რომ საქართველოში არ მოხერხდა რევოლუციური სცენარის განვითარება. ბევრი იყო ამით დაინტერესებული და გვესმის ის, რაც გვესმის - როგორ აპირებენ პოლიტიკური პოლარიზების შემცირებას? - არ შედიან პარლამენტში და რა ვქნათ? თუ შემოდის ჩხუბობს და გარბის - რა გამოსავალია?
იძახიან, რომ ყველა არჩევნები გაყალბებულია, სადაც თვითონ არ არიან გამარჯვებული. აი, ამ საგიჟეთში ვიმყოფებით, გიჟურ წრეში დავდივართ და რას ნიშნავს ამ შემთხვევაში პოლარიზაციის შემცირება, როცა ჩვენ ვხედავთ საგიჟეთს? თავისი ნებით დამშვიდებული გიჟი არ მინახავს, აუცილებელია შემაკავებელი ზომების გატარება, უნდა გაუკეთო დამამშვიდებელი, ან გაკოჭო, ათასი მეთოდები არსებობს ფსიქიატრიაში. ვისაც ჰგონია, რომ თაკო ჩარკვიანს, ეკა ხერხეულიძეს და მეგი გოცირიძეს უნდა ელაპარაკო პოლიტიკურ ენაზე, თვითონაც საგიჟეთშია გასამწესებელი“, - აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.
ეგა თქვით!..
ვადამდელი არჩევნები რომ აუხირებიათ, ხომ ვიცით, რომ იმ ვადამდელსაც წააგებენ და მერე არ გამოვარდებიან ქუჩაში - ისევ გაგვიყალბესო?!
ნიკანორ მელიას ხომ წინასწარვე ჰქონდა გამოცხადებული - ჩვენ თუ წავაგეთ, არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებო!!!
საგიჟეთია, აბა რა არის!..
"თავისი ნებით დამშვიდებული გიჟი არ მინახავს, აუცილებელია შემაკავებელი ზომების გატარება, უნდა გაუკეთო დამამშვიდებელი, ან გაკოჭო, ათასი მეთოდები არსებობს ფსიქიატრიაში. ვისაც ჰგონია, რომ თაკო ჩარკვიანს, ეკა ხერხეულიძეს და მეგი გოცირიძეს უნდა ელაპარაკო პოლიტიკურ ენაზე, თვითონაც საგიჟეთშია გასამწესებელი!“
ზუსტად! :)))