უკრაინის მახლობლად რუსეთის სამხედრო გააქტიურების ფონზე, აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინაში სამხედრო მრჩევლებისა და ახალი აღჭურვილობის, მათ შორის შეიარაღების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი შეიძლება შეიცავდეს Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და ნაღმტყორცნებს. ასევე განიხილება საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის „სტინგერის“ რაკეტების მიწოდება.
გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავღანეთში გასაგზავნი Mi-17-ის ვერტმფრენების უკრაინაში გაგზავნის ვარიანტს განიხილავს. Mi-17 რუსული ვერტმფრენია, რომელიც აშშ-მა თავდაპირველად ავღანელებისთვის შეიძინა. ავღანეთიდან გასვლის შემდეგ, პენტაგონი ახლა ფიქრობს, რა უყოს აღნიშნულ ვერტმფრენებს.
თუმცა, წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაციის სხვა წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ „სტინგერებისა“ და ვერტმფრენების გაგზავნა რუსეთმა სერიოზულ ესკალაციად შეიძლება აღიქვას.
19 ნოემბერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს სამხედრო დახმარების გაზრდის თხოვნით მიმართა.
„ჩვენი ცისა და ზღვის დაცვა გვჭირდება. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას მხარს უჭერს უკრაინის თავდაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში და რომ ეს მხარდაჭერა ურყევია“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
15 ნოემბერს, აშშ-მა უკრაინას 80 ტონა საბრძოლო მასალა მიაწოდა.
21 ნოემბერს, სააგენტო Bloomberg-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებს სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა, რომელიც ცხადყოფს, რომ რუსეთი უკრაინაში სწრაფი და ფართომასშტაბური შეჭრისთვის მოსამზადებლად ჯარებსა და არტილერიას აძლიერებს, თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეჭრას გადაწყვეტს.
14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედროა განლაგებული. 16 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობა და შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია კვლავ ფიქსირდება. 18 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის საზღვართან სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.