აშშ-ის ადმინისტრაციამ ტაივანი „დემოკრატიის სამიტზე“ მიიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ი აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა ჩინეთი გააღიზიანოს, რომელიც ტაივანს თავის ტერიტორიად განიხილავს.
„დემოკრატიის სამიტი“ ვირტუალურ რეჟიმში 9-10 დეკემბერს გაიმართება. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამიტზე მთავრობას ციფრული ტექნოლოგიების მინისტრი და აშშ-ში ტაივანის დე ფაქტო ელჩი წარმოადგენენ.
„დემოკრატიის სამიტზე“ მიწვევა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ღირებულებების წინ წაწევის კუთხით ტაივანის ძალისხმევის აღიარებაა“, - აღნიშნეს ტაივანის საგარეო უწყებაში.
16 ნოემბერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ „მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია, ტაივანი ჩინეთის ნაწილია, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი კანონიერი მთავრობაა, რომელიც ჩინეთს წარმოადგენს“.
10 ნოემბერს, ოფიციალურმა პეკინმა აშშ-ს ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
28 ოქტომბერს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა განაცხადა, რომ ჩინეთი ტაივანსა და აშშ-ს შორის ნებისმიერი სახის კონტაქტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და აშშ-ს მოუწოდებს, ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევა შეწყვიტოს.
ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ხოლო ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.