წინა მთავრობის დროს დაჩაგრული ბიზნესმენები პროცესების დაჩქარებას ითხოვენ. ისინი თვლიან, რომ საკმარისი დრო გავიდა იმისათვის, რათა საქმეები ბოლომდე იყოს მიყვანილი. ჯერჯერობით კი ყველაფერი შუა გზაზე, ან სულაც დასაწყისშია მიტოვებული.
მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბიზნესმენების საქმეებთან დაკავშირებით საჩივრების დიდი მოცულობა შესწავლის შესაძლებლობასთან არაადეკვატურია და დროის გაჭიანურება ბუნებრივი და მოსალოდნელია, თუმცა კბილაშვილი განმარტავს, რომ ხელისუფლება ამ საქმეებს ადრე თუ გვიან აუცილებლად წამოწევს.
„ალბატროსი ჯგუფის“ ყოფილი მფლობელის დავით ბეგიაშვილის განცხადებით, ამ სფეროში დღეს „ყველა მხრიდან სრული უმოქმედობაა“ მიუხედავად იმისა, რომ მისი კუთვნილი ქონება ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იმყოფება და კეთილი ნების შემთხვევაში, საქმე გაცილებით მარტივი მოსაგვარებელი იქნებოდა.
„უკვე 7 თვე გავიდა, რაღაც პროცესები შეიძლება იყოს დროში გაწერილი, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში სრული უმოქმედობაა“, -აცხადებს ბეგიაშვილი. ერთადერთი გამოხმაურება მოჰყვა მის მიმართვას პრემიერ-მინისტრისადმი. ბეგიაშვილის ინფორმაციით, პრემიერის აპარატისგან პასუხს რამდენიმე დღეში ელოდება.
პროცესების გაჭიანურებასთან დაკავშირებით პირველად უკმაყოფილება მოძრაობა „დააბრუნეს“ ხელმძღვანელმა მამია სანადირაძემ გამოთქვა. იგი თვლის, რომ ახალი მთავრობა შეცდომებს უშვებს.
„ნოემბერში, როცა არჩევნები წააგეს, მარეგულირებელ კომისიაში ქაღალდის საფქვავით გაანადგურეს დოკუმენტები. მტკიცებულებებს სხვა უწყებებშიც სპობდნენ. გამოდის, ახალმა მთავრობამ საამისო დრო მისცა. დღემდე არ სრულდება დანაპირები, რომ სამართლიანობა აღდგება. ვფიქრობ, ქვედა რგოლები ბიძინა ივანიშვილს ცრუ ინფორმაციას აწვდიან, რომ ქონების დაბრუნებას ქაოსი მოჰყვება, არადა მისი პოლიტიკური ნება საკმარისია, რომ ყინული დაიძრას.
მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძის იდეა, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, მასში არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლები შევლენ, მერე კეთილი ბიძიები და დეიდები კანონიერ ძალაში შესულ საქმეებს წაიკითხავენ, იტყვიან, ეს არ უნდა მომხდარიყოო და საქმეს ისევ სასამართლოს, ანუ კუბლაშვილს გადაულოცავენ, მცდარი გზაა...
ჩვენთან საკუთრების ჩამორთმევის ბუმი იყო, ძირითადად, ნაჩუქრობის ხელშეკრულება ფორმდებოდა. ახლა ამბობენ, თუ ქონება სახელმწიფოს უკვე გაყიდული აქვს, კეთილსინდისიერ მყიდველს ქონებას ვერ ჩამოართმევენ და ასეთი საქმეები არ გადაისინჯებაო, ეს დარღვევაა.
ითქვა, რომ მხოლოდ 100 000-ზე მეტი ღირებულების ქონების დაკარგვის შემთხვევაში შეიძლება პირს დაუბრუნონ ქონება. რა დააშავა იმან, რომელსაც ერთი ჯიხური ჰქონდა და ისიც წაართვეს? ფუნდამენტური პრინციპი ირღვევა - თანაბარი სამართლიანობა“, - ამბობს მამია სანადირაძე.
ბიზნესმენების ნაწილმა გამოძიებასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას უკვე მიმართა, მაგრამ საქმე არ დასრულებულა. „მაგნატის“ ყოფილი მფლობელის ჯემალ ლეონიძის განცხადებით, შესაძლებელია გამოძიებას გარკვეული დრო მისცე, თუმცა პროცესები უსასრულოდ არ უნდა გაგრძელდეს და „მოთმინებასაც თავისი საზღვარი აქვს”.
ლეონიძის თქმით, მათ შემთხვევაში გამოძიება უკვე დაწყებულია და რამდენიმე მოწმე ამ საკითხთან დაკავშირებით დაკითხულია“. ყველამ იცის, რომ მე არასდროს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ვყოფილვარ დაკავშირებული, თუმცა მაინც პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მაქვს და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამართვა ქონება. ახლა გამოძიების შედეგებს უნდა ველოდო“, - აცხადებს ლეონიძე „კომერსანტთან“ საუბარში.