ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მაგრამ მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ უალკოჰოლო სასმელების მარკირების საკითხი მთავრობამ 2014 წლის 1-ელ იანვრამდე გადადო. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ხელისუფლებამ მინერალური და მტკნარი წყლის მწარმოებლები სხვა ფორმით დაბეგრა. წყლის მოსაკრებლის ზრდამ ბიზნესმენებში ისედაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და დამატებით კიდევ მარკირების გადასახადის მათზე დაკისრება, უკვე ნამდვილად ზედმეტი იქნებოდა. ასე რომ, მთავრობამ ერთი გადასახადი კი აარიდა მეთულუხჩეებს, მაგრამ სანაცვლოდ სხვა ბეგარა დაუმძიმა.
უალკოჰოლო სასმელების მარკირება წინა მთავრობის გადაწყვეტილებაა და 2013 წლის იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მეწარმეებმა პროტესტი არ დააყოვნეს და მოკლევადიან, მაგრამ მაინც სასურველ შედეგს მიაღწიეს. ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვეტილების ამოქმედება ჯერ 1-ელ მარტამდე, ხოლო შემდეგ 1-ელ მაისამდე გადაწია.
ამჯერად გადადება უფრო გრძელვადიანი იქნება. ფინანსთა მინისტრის და კომპანიების შეხვედრაზე ბიზნესმა მინისტრისგან სიტყვიერი დაპირება მიიღო, რომ 2014 წლამდე არავითარი ელექტრონული მარკირება არ იქნება. თუმცა, ოფიციალური დასტური მარკირების მომავალ წლამდე გადადებაზე არ არსებობს. თავად ბიზნესმენები ამტკიცებენ, რომ 1-ლი მაისიდან მარკირების ამოქმედება ტექნიკურადაც შეუძლებელია, ვინაიდან კომპანიები არ არიან უზრუნველყოფილნი მარკირებისთვის საჭირო ტექნოლოგიებით.
მაშინ, როდესაც მინერალურ წყლებზე მოსაკრებელი 300%-ით, ხოლო მტკნარ წყალზე 200%-ით გაიზარდა, დამატებითი გადასახადის დაკისრება უკვე ბაზარსაც დაეტყობოდა. მეწარმეები ისედაც ამბობენ, რომ წყალი 5 თეთრით გაძვირდება და თუ კიდევ მარკირებაც ზედ დაერთვოდა, მაშინ პროდუქციის ფასი მინიმუმ 10 თეთრამდე მოიმატებდა.
რაც შეეხება ამ ყველაფრიდან მიღებულ სარგებელს. ყველასათვის ცნობილია, რომ ელექტრონული მარკირებით სახელმწიფო ბიუჯეტი, პრაქტიკულად, ვერაფერს ხეირობს, მოსაკრებლის ზრდა კი მარტოოდენ ადგილობრივი ბიუჯეტებისთვის თუ იქნება სასარგებლო. კომპანია „ბორჯომის“ ერთ-ერთი მფლობელი მამუკა ხაზარაძის აზრით, ეს არ დაანგრევს ბიზნესს, მაგრამ ფისკალური თვალსაზრისით არც დიდ შედეგს მოიტანს.
სხვაგვარად ფიქრობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. შოთა მურღულია მოადგილე „კომერსანტთან“ საუბრისას საპირისპიროს ამტკიცებს. მისი აზრით, მოსაკრებლის ზრდის პირდაპირპროპორციულად გაიზრდება ბორჯომის ადგილობრივი ბიუჯეტი. მოსაკრებლის 3-ჯერ ზრდის შემთხვევაში, ბიუჯეტში შესული თანხებიც სამჯერ მოიმატებს.
ეკონომიკის ექსპერტები კი უფრო ბიზნესის განვითარების შემაფერხებელ გარემოებებს ამჩნევენ.
„მე არ ვემხრობი ესე მოულოდნელად ტარიფების აწევას, ეს კომპანიებისთვის არის ხარჯების ზრდა, აღსანიშნავია ის, რომ მათ უკვე დაგეგმილი აქვთ ყველაფერი წინასწარ. აწყობილი სტრატეგია გათვლილია იმ ტარიფებზე რა ტარიფებითაც ლიცენზია აქვთ მიღებული. ამიტომ პირდაპირ პირობების შეცვლა ასეთ დროს, ვფიქრობ, არის უბრალოდ მიუღებელი ამ კომპანიებისთვის და მინერალური წყლების მწარმოებელი, სხვა კომპანიებისთვისაც.
კომპანიებს ხარჯები გაეზრდებათ აუცილებლად, ხარჯების ზრდა აუცილებლად აისახება ფასზე, როგორც საექსპორტო მიმართულებით ასევე შიდა ბაზარზე, ხოლო თუ ვინმეს აქვს იმის ეჭვი, რომ ამ კომპანიებმა ლიცენზიები მოიპოვეს არასწორად და მასში ფულია გადახდილი, მაშინ დაინტერესდნენ ამ საკითხით და დასვან იმ ადამიანების, იმ უწყების პასუხისმგებლობის საკითხი ვინც ხელი მოუწერა ამ კომპანიას, ლიცენზიის მიღებაზე. კომპანიები ამის გამო არ უნდა დაზარალდნენ“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.