მევლუთ ჩავუშოღლუ: აზერბაიჯანი მარტო არ არის - თურქეთი აზერბაიჯანს მარტო არ დატოვებს

მევლუთ ჩავუშოღლუ: აზერბაიჯანი მარტო არ არის - თურქეთი აზერბაიჯანს მარტო არ დატოვებს

აზერბაიჯანი მარტო არ არის - თურქეთი აზერბაიჯანს მარტო არ დატოვებს, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.

„შევხედოთ, თუ რა ნაბიჯები გადადგა აზერბაიჯანმა, რომელმაც საკუთარი მიწები დაიბრუნა. რეგიონის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. აზერბაიჯანი ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების ინიციატივით გამოვიდა. სომხეთმა უნდა გაიაზროს, რომ ეს პროვოკაციები უშედეგოა და ის ვერასდროს გამოიღებს შედეგს“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

15 ნოემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანელი სამხედროები ორ ქვეყანას შორის საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა და თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

16 ნოემბერს რუსული მხარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ერევანი და ბაქო დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებების შედეგად, შვიდი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 10 - დაიჭრა. სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ერთი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 13 სამხედრო ტყვედ აიყვანეს. კიდევ 24 ჯარისკაცი დაკარგულად მიიჩნევა.