გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ალექსანდრე ლუკაშენკოს მოუწოდებს, მიგრანტებისთვის გაეროსა და ევროკავშირის დახმარება მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„კანცლერი ანგელა მერკელი კვლავ ესაუბრა ალექსანდრე ლუკაშენკოს. მან ხაზი გაუსვა ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკომისიის მხარდაჭერით დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარებისა და რეპატრიაციის უზრუნველყოფის აუცილებლობას“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
8 ნოემბერს, ბელარუსის ტერიტორიიდან არალეგალი მიგრანტების ჯგუფმა პოლონეთთან საზღვარზე ფიზიკური ბარიერის გარღვევა სცადა. პოლონელ მესაზღვრეებს სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწიათ. პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა ბელარუსთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის სცენარს განიხილავს. 9 ნოემბერს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მტკიცედ დაიცავს თავის საზღვარს ბელარუსის რეჟიმის მხრიდან თავდასხმებისგან. ლიეტუვა და პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართებს აგებენ, რათა მიგრანტების ნაკადი შეაჩერონ, რომლის ორგანიზებაშიც ბრალს ლუკაშენკოს რეჟიმს სდებენ.