ლოიდ ოსტინი: აშშ უკრაინის საზღვართან სიტუაციას ყურადღებით აკვირდება

ლოიდ ოსტინი: აშშ უკრაინის საზღვართან სიტუაციას ყურადღებით აკვირდება

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის საზღვართან სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

„რაც შეეხება უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების კონცენტრაციას, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. ჩვენ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, თუ რა მიზანი აქვს პრეზიდენტ პუტინს, თუმცა ძალების გადაადგილება ჩვენს ყურადღებას იპყრობს. რუსეთს მოვუწოდებ, უფრო გამჭვირვალე იყოს თავის განზრახვებთან დაკავშირებით და მინსკის შეთანხმებების შესასრულებლად ზომები მიიღოს“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

16 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობა და შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია კვლავ ფიქსირდება.

ჯონ კირბის თქმით, აღნიშნული აქტივობა შემაშფოთებელია და აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი თავის უკრაინელ კოლეგას 18 ნოემბერს შეხვდება.

14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედროა განლაგებული.

„იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ამჯერად ნათლად დაინახავს, სინამდვილეში, ვის უნდა მშვიდობა და ვინ კრებს 100 ათასამდე ჯარისკაცს ჩვენს საზღვართან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.