კახეთის რეგიონს სტიქიის მხრივ წლეულსაც რთული პერიოდი უდგას. ჯერ იყო და ნაადრევმა სეტყვამ 8 სოფელი ძლიერ დააზარალა, ახლა კი ნაგვიანვმა თოვლმა შექმნა მოსავლის განადგურების სართხე.
საგარეჯოში მოსულმა თოვლმა ხეხილსა და ვაზზე იმოქმედა. საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ილია ჭიაურელის ინფორმაციით, ჯერჯერობით ზარალის დადგენა ვერ ხერხდება. „დღეს არ გამოჩნდება რამდენად შექმნა თოვლმა პრობლემა, ამას ასე უცებ ვერ გავიგებთ. ცხადია, ეს კარგი არ არის. ხვალ ან ზეგ გამოჩნდება ყველაფერი. თოვას რაიონის ინფრასტრუქტურისთვის ზიანი არ მიუყენებია“, - განაცხადა ჭიაურელმა.
სამწუხაროდ, საგარეჯო არ ყოფილა გამონაკლისი რაიონი, რომელმაც ნაგვიანევი სტიქიის გამო იზარალა. საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობა შეიქმნა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც თოვლმა ხეხილი და ერთწლიანი კულტურები დააზიანა.
მოსახლეობა შიშობს, რომ უამინდობის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, გლეხებმა დიდად იზარალონ. თოვლი და ყინვა ვაზსა და ხეხილს ყლორტებს დაუზიანებს. ფერმერი შალვა მენაბდიშვილი დარწმუნებულია, რომ თუკი უამინდობა გაგრძელდა და თოვლს ყინვაც დაერთო, მაშინ ყველაფერი გაფუჭდება ბოსტნეულიცა და ხილიც. არადა, კვირის ბოლომდე ამინდის გამოკეთებას პირი არ უჩანს. 2-3 დღის განმავლობაში კახეთში კვლავ დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, ხოლო ღამით, თითქმის, ნულ გრადუსადმე ეცემა. რიგ ადგილებში მოყინვის საშიშრობაც არსებობს. ესეც რომ არ იყოს, აყვავებული ხეხილი და ერწლიანი ნარგავები, რამდენიმედღიან სიცივის ვერ გაუძლებს.
ციკლონი რეგიონს 2 დღის წინ დაატყდა თავს. დილიდანვე თოვდა საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და გურჯაანის რაიონებში. განსაკუთრებით უხვი ნალექი იყო გურჯაანის რაიონის სოფლებში: ზიარში, ქოდალოსა და არაშენდაში, სადაც თოვლის საფარმა რამდენიმე სანტიმეტრს მიაღწია. ადგილობრივები ამბობენ, რომ თოვლმა და დაბალმა ტემპერატურამ ხეხილი და ნარგავები დააზიანა. მათ აპრილში ასეთი თოვლი არ ახსოვთ. მოსავალი და ხეხილის ბაღები დაზიანდა ასევე საგარეჯოს რაიონის სოფელ უჯარმაშიც.
ოფიციალური პირები ჯერჯერობით უმნიშვნელო ზარალზე საუბრობენ. სიღნაღის გამგებლის რამაზ პოპიაშვილის თქმით, თოვლი ხორბლისთვის ცუდი არ არის, ასეთ ამინდში უფრო კარგი იზრდება ჯეჯილი.
„რაც შეეხება ხეხილს, ყინვის შემთხვევაში ყვავილს ნამდვილად გააფუჭებს“, - აღნიშნა რამაზ პოპიაშვილმა.
სოფლის მეურნეობის ექსპერტის თამაზ კუნჭულიას განცხადებით, თუ ასე გაგრძელდა, წლეულს, მოსავლიანობის თვალსაზრისით, კახეთში ცუდი წელი იქნება. ერთწლიანი კულტურების თავიდან დათესვა ჯერაც შეიძლება, ხოლო თუ ყინვა გაგრძელდა, ხეხილს აღარაფერი ეშველება.
„გააჩნია თოვლის მოსვლისას ხეხილი ყვავილობის რა ეტაპზე იყო. თუ ნაყოფი უკვე გამოტანილი ჰქონდა, მაშინ გადარჩება თუ არადა არაფერი ეშველება. ზოგადად, კახეთისთვის რთული წელია, განსაკუთრებით მეხილეობის მხრივ. რაც შეეხება, ერთწლიან კულტურებს, ლობიო ძალიან მგრძნობიარე მცენარეა და დაბალ ტემპერატურას ვერ გაუძლებდა, თუმცა მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ერთწლიანი კულტურები თავიდან დათესოს“, - განაცხადა კუნჭულიამ პრესასთან საუბრისას