აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციას ეხმაურება.
“შეშფოთებულნი ვართ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, უშუალოდ და კონსტრუქციულად ჩაერთონ ყველა გადაუჭრელი საკითხის, მათ შორის საზღვრის დემარკაციის საკითხის მოგვარებაში“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
15 ნოემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანელი სამხედროები ორ ქვეყანას შორის საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა და თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სომხური მხარის მტკიცებით, ტყვედ აყვანილია 12 სომეხი სამხედრო მოსამსახურე. თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები სახელმწიფო საზღვარზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ ფართომასშტაბურ პროვოკაციებს აგრძელებენ.
16 ნოემბერს რუსული მხარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ერევანი და ბაქო დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.