ჯო ბაიდენმა ნიკარაგუას პრეზიდენტს, დანიელ ორტეგას, მის მეუღლესა და ვიცე-პრეზიდენტს, როსარიო მურილიოსა და რამდენიმე მინისტრს შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.
„ორტეგას მთავრობისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან რეპრესიები და ძალადობა შეერთებულ შტატებს იძულებულს ხდის იმოქმედოს. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შეერთებული შტატების ინტერესებშია შეზღუდოს და შეაჩეროს შეერთებულ შტატებში ნიკარაგუას მთავრობის წევრების შემოსვლა, რომელსაც პრეზიდენტი დანიელ ორტეგა ხელმძღვანელობს, მათ შორის მისი მეუღლე და ვიცე-პრეზიდენტი, როსარიო მურილიო და ყველა ის პირი, ვინც დაკავშირებულია დემოკრატიული ინსტიტუტების შელახვასთან“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.
15 ნოემბერს, აშშ-ის ადმინისტრაციამ ნიკარაგუას 9 მაღალჩინოსანსა და გენერალურ პროკურატურას სანქციები დაუწესა.
7 ნოემბერს, ნიკარაგუაში საყოველთაო არჩევნები გაიმართა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნიკარაგუაში გამართული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო.
ჯო ბაიდენმა ორტეგას რეჟიმს მოუწოდა, დაპატიმრებული დისიდენტები გაათავისუფლოს და აღნიშნა, რომ აშშ და საერთაშორისო საზოგადოება ყველა დიპლომატიურ და ეკონომიკურ ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა ნიკარაგუას ხელისუფლებას პასუხი აგებინოს.