ანგელა მერკელმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ სატელეფონო საუბარი გამართეს

ანგელა მერკელმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ სატელეფონო საუბარი გამართეს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი გერმანიის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ევროკავშირი-ბელარუსის საზღვარზე მყოფი მიგრანტების ჰუმანიტარული დახმარების საკითხი განიხილეს.

„კანცლერმა და ბატონმა ლუკაშენკომ ბელარუსისა და ევროკავშირის საზღვარზე შექმნილი რთული სიტუაციის შესახებ ისაუბრეს, განსაკუთრებით იქ მყოფი ლტოლვილებისა და მიგრანტების ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებაზე“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა.

15 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მწვანე შუქი აუნთეს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ახალი ზომები ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს შეეხება და უახლოეს დღეებში ამოქმედდება.

მანამდე ევროკავშირმა ახალი სასანქციო რეჟიმი დაამტკიცა, რომელიც შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც ევროკავშირში მიგრანტთა არაკანონიერ გადაყვანას ახორციელებენ.