აშშ ბელარუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

აშშ ბელარუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

აშშ ბელარუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომნადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

ნედ პრაისის განცხადებით, აშშ ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესებას გეგმავს ბელარუსის ხელისუფლების არაადამიანური ქმედებების გამო.

„რეჟიმს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ევროპაში არალეგალური მიგრანტების ნაკადების ორგანიზება. ვიდრე რეჟიმი უარს ამბობს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემაზე, ვიდრე ის ძირს უთხრის მეზობლებისა და კონტინენტის მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ვიდრე ის განაგრძობს რეპრესიებს, ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლის მოხდენას ლუკაშენკოს რეჟიმზე“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

15 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მწვანე შუქი აუნთეს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ახალი ზომები ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს შეეხება და უახლოეს დღეებში ამოქმედდება.

მანამდე ევროკავშირმა ახალი სასანქციო რეჟიმი დაამტკიცა, რომელიც შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც ევროკავშირში მიგრანტთა არაკანონიერ გადაყვანას ახორციელებენ.