სწრაფი გადახდის ბიზნესი „საქბანკთან“ ბოლომდე იბრძოლებს

სწრაფი გადახდის ბიზნესი „საქბანკთან“ ბოლომდე იბრძოლებს

„საქართველოს ბანკსა” და სწრაფი გადახდის აპარატების მფლობელებს შორის დიდი დაპირისპირებაა, არადა სიმართლე უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფრის მაპროვოცირებელნი ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები არიან. მათი არაადეკვატური საქციელის გამო, ცალკე მომხმარებელი დაზარალდა, ცალკე კი ბიზნესმენები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

2 000-ზე მეტი მეწარმე სწრაფი გადახდის აპარატების ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის აღდგენას ითხოვს და აცხადებს, რომ არაჯანსაღი კონკურენციის გამოყენებით „საქართველოს ბანკი” თბილისის მერიის დახმარებით, ბაზრის მონოპოლიზებას ახდენს.

ამასთან დაკავშირებით მეწარმეებმა და მათმა ადვოკატმა აკაკი ჩარგეიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ პირველი აპრილიდან მობილური ოპერატორებისა და „საქართველოს ბანკის“ უსამართლო გადაწყვეტილების შედეგად, მობილურმა ოპერატორებმა უარი თქვეს მათ სასარგებლოდ გადახდების მიღებისათვის საკომისიოს გადახდაზე და მომსახურების გადახდის ტვირთი მომხმარებელზე გადავიდა. ამან 2 000-ზე მეტი კომპანია და 10 000-ზე მეტი ადამიანი გაკოტრებისა და სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა, რადგან „საქართველოს ბანკი“ დემპინგური ფასებით, ფინანსურად წამგებიანი და ზარალიანი ოპერაციებით ბაზრის მონოპოლიზებას ახდენს.

მეწარმეების განმარტებით, „საქართველოს ბანკს“ აქვს იმის საშუალება, რომ დღეისათვის წამგებიან ბიზნესზე იმუშაოს, რის შედეგადაც სხვა კომპანიები გაკოტრდებიან და იძულებულები გახდებიან გავიდნენ ბაზრიდან. ამის შედეგად კი „საქართველოს ბანკი“ მონოპოლისტი გახდება.

აკაკი ჩარგეიშვილის განცხადებით, „საქართველოს ბანკისა“ და მერიის მიერ დაგეგმილი სქემის განხორციელება ხდება მხოლოდ თბილისის ფარგლებში და არა რეგიონებში. დანარჩენი კომპანიები კი თავიანთ საქმიანობას რეგიონებშიც ახორციელებენ.

პრობლემასთან დაკავშირებით მეწარმეებმა მიმართვა გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ფინანსთა მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და ბიზნესომბუდსმენს.

როგორც მათ აღნიშნეს, „საქართველოს ბანკი“ სარგებლობს „მეტრომანის“ ბარათების მონოპოლიითაც, რადგან აღნიშნული ბარათების შევსება მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატებით არის შესაძლებელი. მეწარმების განმარტებით, ეს დაახლოებით იგივეა, რომ პური გაიყიდოს მხოლოდ „პოპულის“ ან „გუდვილის“ მაღაზიებში.

„საქართველოს ბანკსა“ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის საეჭვო ვითარებაში ჩამოყალიბდა „მეტრომანის“ სისტემა, რომელიც გულისხმობს მგზავრობის საფასურის მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ ტერმინალების საშუალებით გადახდას. მთელი ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობის საფასურის გადახდები „საქართველოს ბანკის“ მიერ არის მონოპოლიზებული“, - აცხადებენ მეწარმეები.

„ნოვა ტექნოლოჯის“ ხელმძღვანელმა ჯონი თაყნიაშვილის თქმით, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ „საქართველოს ბანკის“ მხრიდან მიმდინარეობს დემპინგური ფასებით, ფინანსურად წამგებიანი და ზარალიანი ოპერაციებით ბაზრის ექსპანსია და მონოპოლიზება.

კომპანია “OSPM”-ის ხელმძღვანელი მიხეილ ჭონიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლემაბ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია უნდა უზრუნველყოს.

„ჩვენ მზად ვართ, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ვაწარმოოთ ბიზნესი, რაც საბოლოო ჯამში, დადებითი შედეგის მომტანია, როგორც კომპანიებისათვის, ისე მომხმარებლებისათვის, ხოლო ხელოვნურად შექმნილი ვითარება არავითარ შანსს არ გვიტოვებს, რომ ბაზარზე ვიარსებოთ“, - ამბობს ჭონიშვილი.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი სწრაფი გადახდის აპარატების კომპანიების ხელმძღვანელების განცხადებას აბსურდულს უწოდებს. ირაკლი გილაურის განცხადებით, მას ორი კომპანიის მოსაზრებებზე მეტად მომხმარებლის შეფასება აინტერესებს:

„მე მაინტერესებს, რას ფიქრობს ჩვენი მილიონი მომხმარებელი და არა ის თუ რას ფიქრობს ორი კომპანია. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო შეთავაზება, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ express pay-თ სარგებლობის შემთხვევაში საკომისიო 0%-ია. ჩვენ ვამბობთ, რომ 1 ლარი უდრის 1 ლარს და არა 0,96 ლარს“, - აცხადებს გილაური.

კომპანიების პოზიციას იმის შესახებ, რომ „საქართველოს ბანკი“ ჩასარიცხი აპარატების ბაზარზე მონოპოლისტია, გილაური არ ეთანხმენა:

„ეს არის კონკურენცია და არა მონოპოლია.  „საქართველოს ბანკი“ ამ ბიზნესში რომ არ შემოსულიყო, მომხმარებელი მობილურის ბალანსის შევსებისას 4 პროცენტს გადაიხდიდა და ერთი ლარი ერთი ლარი არ იქნებოდა. ჩვენ ვუყურებთ ჯამურ მოგებას და არა მოგებას კონკრეტულ პროდუქტზე“, - აღნიშნა გილაურმა.

რაც შეეხება „მეტრომანის“ „საქართველოს ბანკის“ გენდირექტორის თქმით, ეს პროექტი ბანკმა ტენდერის შედეგად მოიგო:

„ჩვენ განვახორციელეთ მრავალმილიონიანი ინვესტიცია ამ ქსელის განვითარებისთვის. სამგზავრო ბარათის ბალანსის შევსებაც უფასოა და „საქართველოს ბანკი“ ამ შემთხვევაში არანაირ კონკურენტულ უპირატესობას არ იყენებს. ეს არის მოსახერხებელი და უფასო შეთავაზება. ის, რაც უფასოა, რატომ უნდა იყოს სადავო, არ მესმის“.

რა პირობებით გაიმარჯვა „საქრთველოს ბანკმა“ „მეტრომანის“ მომსახურების ტენდერში და როდის სრულდება ამ სერვისის განხორციელების ვადა? ირაკლი გილაურს ტენდერის და ხელშეკრულების დეტალები არ ახსოვს. იგივე კითხვაზე თბილისის მერიის პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ ამ საკითხზე მედიის მხრიდან ინტერესი არსებობს, ამიტომ მიმდინარეობს დეტალების მოკვლევა და დაზუსტება.

რაც შეეხება სწრაფი ჩარიცხვის ბიზნესს, მეწარმეები ჯერჯერობით არ აპირებენ მიმართონ სასამართლოს, რადგან, მათი თქმით, ეს არის უკიდურესი ნაბიჯი, რასაც შეიძლება ბიზნესმა მიმართოს.