მთავრობა თითეულ კილოგრამ ყურძენს „დააფინანსებს“, მაგრამ მხოლოდ იმას, რომელსაც ღვინის ქარხნები ჩაიბარებენ. ქარხნები კი ყურძნის მიღებას არ აპირებენ, რადგან არც ფული აქვთ, არც ჭურჭელი და რაც მთავარია არც სურვილი. წლეულს 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 60 თეთრი იქნება, რქაწითელისა კი - 40 თეთრი. აქედან, რქაწითელში 25 თეთრს საწარმო გადაიხდის, 15 თეთრი სუბსიდირების ფარგლებში ანაზღაურდება. საფერავში კი სუბსიდიიდან 20 თეთრი ანაზღაურდება, 40 თეთრს საწარმო გადაიხდის.
როგორც ღვინის ქარხნის მეპატრონეებმა აღნიშნეს, ყურძნის მიღების შემთხვევაში, ჩაიბარებენ სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენსაც, რქაწითელს 15 თეთრად, ხოლო საფერავს 25 თეთრად. სუბსიდია დაზიანებულ ყურძენზეც გაიცემა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, წელს კახეთში რთველი 24 აგვისტოს დედოფლისწყაროდან დაიწყება და ყურძის ჩასაბარებლად რეგიონში 34 პუნქტი იმუშავებს. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, ყურძენს რომელი ღვინის ქარხნები ჩაიბარებენ და სუბსიდიისთვის მთავრობა ბიუჯეტიდან რა თანხას გამოყოფს.
მთავრობა რთველის სუბსიდირებას კი გეგმავს, მაგრამ საქმე ისაა, რომ სამთავრობო დახმარება გაიცემა იმ ყურძენზე, რომელსაც ქარხნები ჩაიბარებენ. ანუ თუკი გლეხმა მოსავლის დაბინავება ვერ მოახერხა, ვერც საწარმოსაგან მიიღებს რამეს და ვერც მთავრობისგან.
საქმეს კი ისეთი პირი უჩანს, რომ ჯერჯერობით არც ერთი მსხვილი საწარმო ყურძნის მიღებას არ აპირებს. ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „თელავის ღვინის მარანი“ მიმდინარე რთველზე მოსახლეობიდან ყურძნის მხოლოდ მცირე რაოდენობას ჩაიბარებს.
„თელავის ღვინის მარნის“ სამეთვალყურეო საჭოს თავმჯდომარის ზურაბ თამაზაშვილის განცხადებით, კომპანია წელს 2500 ტონა ყურძნის გადამუშავებას გეგმავს, თუმცა ეს ძირითადად საკუთარი ვენახებიდან მოწეული მოსავალი იქნება. მისი თქმით, „თელავის ღვინის მარანი“ მიმდინარე წელს მილიონ 800 ათას ბოთლ ღვინოს ჩამოასხამს. აქედან მილიონ 600 ათასი ექსპორტზე გავა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით მეტია.
„ქინძმარაულის მარანი“ კი მოსახლეობისაგან ყურძნის ჩაბარებას საერთოდაც არ გეგმავს. „ქინძმარაულის მარნის“ დირექტორის დიმიტრი ლებანიძის განცხადებით, კომპანია 1200 ტონაზე მეტი ყურძნის მოკრეფას საკუთარი ვენახებიდან ვარაუდობს, ამიტომ გლეხებიდან დამატებითი ყურძნის შეძენა არ სჭირდება.
გლეხების მიერ მოწეული ყურძენი ასევე არ სჭირდება გურჯაანის რაიონის სოფელ ზეგაანში მდებარე ღვინის ქარხანასაც. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ღვინის ქარხნის დირექტორმა ბითარ ბიწკინაშვილმა განუცხადა, საწარმოს შარშან მიღებული ყურძნისგან დამზადებული ღვინოც კი არ გაუყიდია.
„სულ მაქვს 2 000 ტონა ღვინის ჭურჭელი. 1 700 ტონა სავსეა, როგორც ჩემი, ასევე შარშან მთავრობის მიერ ჩაბარებული ყურძნისგან დამზადებული ღვინით. 300 ტონის ჭურჭელია მხოლოდ თავისუფალი და ფული არ გვაქვს, რომ ყურძენი მივიღოთ. რაც მაქვს, ისიც ვერ გაგვიყიდია“, - აღნიშნა ბითარ ბიწკინაშვილმა.
გლეხების დახმარების ხელს ვერ გაუწვდის ვერც ვაჩნაძიანის ღვინის ქარხანა შპს „მეღვინეობა - ხარება“. ქარხნის დირექტორის ემზარ ნოზაძის თქმით, საწარმოს 450 ჰა საკუთარი ვენახი აქვს და ქარხანაში იმდენი ღვინოა დარჩენილი, რომ საკუთარი პროდუქციის გადამუშავებაც გაუჭირდებათ. „მეღვინეობა - ხარება“ ღვინის ქარხანას ფლობს ყვარლის რაიონშიც. ყურძნის მიღებას არც „ყვარლის გვირაბი“ აპირებს.