„ნაციონალების“ მიერ პოლიტიკური ნიშნით დევნილები

„ნაციონალების“ მიერ პოლიტიკური ნიშნით დევნილები

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისის“ თავმჯდომარე, გიორგი მუსხელიშვილი წინა ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით საჯარო სამსახურებიდან ადამიანების განთავისუფლებაში ამხელს. ამასთან დაკავშირებით საკრებულოს წევრმა დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში ისაუბრა.

„მოგახსენებთ იმ უკანონობის შესახებ, რაც 2010-2012 წლებში ისანი-სამგორის რაიობის გამგეობაში მოხდა და ამის ჩამდენები არიან რაიონის მაშინდელი გამგებელი გრიგალაშვილი და მისი მოადგილეები, ვარდიაშვილი და ღვალაძე. ჩვენს დღევანდელ პრეს-კონფერენციას ესწრებიან ბატონები მამუკა გობეჯიშვილი და თემურ პატეიშვილი, რომლებიც ამ რეპრესიების მსხვერპლნი იყვნენ. ამ ადამიანებს არ აპატიეს, რომ აპოლიტიკურები და თავიანთი საქმის პროფესიონალები იყვნენ და „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებებს არ ასრულებდნენ“, - აცხადებს გიორგი მუსხელიშვილი.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ ამ ადამიანების ჩანაცვლება „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებით მოხდა და 2010 წელს დაიწყო გამგეობების და მუნიციპალიტეტების მმართველი პარტიის შტაბებად გადაქცევა. საკრებულოს წევრი ამბობს, რომ ის ადამიანები, ვინც პოლიტიკური ნიშნით ხალხს სამსახურებიდან უშვებდნენ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებზე ზეწოლის შესახებ საუბრობენ, რაც სრული სიცრუეა. მუსხელიშვილის თქმით, წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული პრაქტიკა იყო, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ იყავი, ვერც ერთ საჯარო სამსახურში ვერ იმუშავებდი.

ისანი-სამგორის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების ყოფილი მთავარი სპეციალისტი, თემურ პატეიშვილი ყვება, რომ 2005 წელს თბილისის გამგეობებში მერიამ ატესტაციები ჩაატარა, რომელშიც მან და მისმა თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა. კონკურსის შედეგად პატეიშვილი და გობეჯიშვილი ისანი-სამგორის რაიონის გამგეობაში დასაქმდნენ. პატეიშვილი განმარტავს, რომ არასოდეს პარტიული არ ყოფილა, ისევე, როგორც მისი სამი თანამშრომელი. ისინი მათზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაიონში რამდენიმე გამგებელი შეიცვალა, ამ ადამიანებს ხელს არავინ ახლებდა, რადგან კარგ სპეციალისტებად ითვლებოდნენ.

„მოგეხსენებათ სოციალურ საკითხთა განყოფილების სპეციფიკა, მასზე დიდი დატვირთვა მოდის და ჩემი აზრით, ჩემზე დაკისრებულ ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებდი. ჩვენი უბედურება დაიწყო 2010 წლიდან, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მსგავსად მე არ ვაქტიურობდი და ისევ მხოლოდ ჩემს მოვალეობებს ვასრულებდი. 2010 წელს, არჩევნების ჩატარების შემდეგ, რაიონის გამგებელმა, თემურ გრიგალაშვილმა ყველა შეგვკრიბა და გამოგვიცხადა, რომ ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნების ერთ-ერთი მონაწილე, მისთვის მმართველი პარტია და რაიონის გამგეობა ერთი და იგივეა, ამიტომ, ნებისმიერი პარტიული დავალება ჩვენს მიერ უნდა შესრულებულიყო.

რა დავალებას გილისხმობდა გამგებელი?

- ნებისმიერი პარტიული დავალება, მაგრამ ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით და იმისთვის დრო არ გვრჩებოდა, რომ სხვა დავალება შეგვესრულებინა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები, რომლებიც არჩევნების დროს აქტიურობდნენ, როგორც ჩანს, ითხოვდნენ დასაქმებას. მოგეხსენებათ, სამუშაო ადგილები არ იყო და ამიტომ დაიწყო ჩვენი შევიწროვება. ამიტომაც 2010 წლის ოქტომბერში გამოგვიცხადეს, რომ თბილისის მერის ბრძანების საფუძველზე გამგეობებში საშტატო ერთეულები მცირდებოდა. ყველა შეგვკრიბეს, გვითხრეს, რომ საშტატო ერთეულების შემცირების გამო ყველას სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები უნდა დაგვეწერა. ამასთანავე, გვარწმუნებდნენ, რომ შტატების შემცირება მხოლოდ ტექპერსონალის ხარჯზე მოხდებოდა, პროფესიონალებს კი სამსახურში ისევ აღგვადგენდნენ.

2010 წლის 19 ოქტომბერს დაგვაწერინეს განცხადებები ამავე წლის 1 ნოემბრიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. არ გასულა რამდენიმე დღე და დაგვიძახეს მე, მამუკა გობეჯიშვილს, გამგეობის იურისტს, ელდარ მაისურაძეს და კანცელარიის თანამშრომელ თამარ შეყლაშვილს, გამოგვიცხადეს, რომ გიგი უგულავას ბრძანებით უშუალოდ ჩვენი საშტატო ერთეულები მცირდებოდა და სამსახურიდან უნდა წამოვსულიყავით. ჩვენ მივხვდით, რაც იყო ამის მიზეზი და სასწრაფოდ დავწერეთ მეორე განცხადება, რომელშიც ვწერდით, რომ შეცდომაში ვიყავით შეყვანილები და ვითხოვდით სამსახურში დავეტოვებინეთ და სამსახურიდან წამოსვლის შესახებ ჩვენი განცხადებები ჩვენთვის უკან დაებრუნებინათ. მიუხედავად ამისა, 2010 წლის 1 ნოემბრიდან სამსახურიდან მაინც გაგვათავისუფლეს.

თუ გქონდათ მცდელობა, რომ სამსახურში თქვენი აღდგენა მომხდარიყო?

- რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გიგი უგულავას სახელზე შევიტანეთ განცხადება, სადაც ვწერდით, რომ ასეთ უკანონობა ხდებოდა და ჩვენი საკითხის განხივლას, ასევე მერთან შეხვედრას ვითხოვდით. უგულავამ იმის ნაცვლად, რომ სიმართლე გაეგო, ჩვენი განცხადება ისევ თემურ გრიგალაშვილს გადმოუგზავნა. ამის შემდეგ, იძულებულები გავხდით, რომ სასამართლოსთვის მიგვემართა. სარჩელი მე და მამუკა გობეჯიშვილმა შევიტანეთ, დანარჩენმა ჩვენმა ორმა თანამშრომელმა ამისგან თავი შეიკავა. იურისტი მაისურაძე შეუძლოდ იყო, გული აწუხებდა და თქვა, რომ სასამართლოებზე ნერვიულობას ვერ გაუძლებდა და ამიტომ არ მიმართა სასამართლოს, თამარ შეყლაშვილმაც მიიჩნია, რომ დავას აზრი არ ჰქონდა და ამისგან თავი შეიკავა.

ჩვენი საქმე დაეწერა მოსამართლე კობა გოცირიძეს, რომელმაც ჩვენს მოთხოვნაზე უარი გვითხრა. მისი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ და ჩვენდა გასაოცრად სააპელაციო სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.

მინდა გითხრათ, რომ ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც მერიიდან დათხოვნილი ადამიანები სასამართლომ სამსახურში აღადგინა. გამგეობამ ეს გადაწყვეტილება უზენაესში გაასაჩივრა, მაგრამ უზენაესმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამდენად, ჩვენ სამსახუში აღდგენილი ვიქენით. გვინდოდა გამგებელთან შეხვედრა, რათა გვეთქვა, რომ ჩვენ უბრალოდ ჩვენს თანამდებობებზე მუშაობა გვინდოდა, მაგრამ ის არ შეგვხვდა. დაგვაწერინეს განცხადება და სამსახურში ისე მიგვიღეს, თითქოს, მაშინ ვიწყებდით მუშაობას და არა ისე, როგორც სამსახურში აღდგენილები.

ეს როდის მოხდა?

- 2011 წლის 3 აგვისტოს მამუკა გობეჯიშვილი აღადგინეს სამსახურში, ხოლო მე - 5 აგვისტოს. იმ კოლექტივში, ალბათ, არც ღირდა მუშაობა, მაგრამ მე ხუთი შვილის მამა ვარ, რომელთაგან ორი სტუდენტია, ხოლო ერთი სკოლას ამთავრებს. ამიტომ სხვა გზა არ მქონდა, უნდა მემუშავა. ასე იყო მამუკა გობეჯიშვილიც, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. სხვათაშორის, ჩვენი სამსახურში აღდგენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპიაროდ გამოიყენა, ტელევიზიების საშუალებით ფართოდ გააშუქეს ჩვენი ამბავი და აცხადებდნენ, რომ სამსახურიდან დათხოვნილმა მოქალაქეებმა სახელმწიფოს მოუგეს დავა სასამართლოში. მინდა გითხრათ, რომ ამ თანამდებობებზე ორი თვე და სამი დღე ვიმუშავეთ და ორივესთვის ეს ჯოჯოხეთი იყო. როგორც კი სამსახურში მივედით, გამგებლის მოადგილემ, გიორგი ღვალაძემ გვითხრა, - როგორ გაბედეთ სასამართლოში სარჩელის შეტანა, დღეიდან ჩვენ ერთმანეთის მტრები ვართო.

გრიგალაშვილი ამ საქმეში არ ერეოდა, ეს ყველაფერი თავის მოადგილეებს, გიორგი ღვალაძესა და თამარ ვარდიაშვილს გადააბარა. თამარ ვარდიაშვილი იყო მიხეილ მაჭავარიანის ბიუროს უფროსი, რომელიც არჩევნების შემდეგ დააწინაურეს და გამგებლის მოადგილედ დანიშნეს.

აღსანიშნავია, რომ გამგეობის შენობაში პოლიტიკური პრესის წაკითხვა შეუძებელი იყო. ერთ დღეს მე და მამუკა გობეჯიშვილი შესვენების დროს „მსოფლიო სპორტს“ ვკითხულობდით და ამის გამო გამოგვიცხადეს შენიშვნა პირად საქმეში შეტანით. ამით ისინი ჩვენს გასანთავისუფლებლად საფუძველს ამზადებდნენ. აქედან ერთი თვის შემდეგ სამსახურიდან დაგვითხოვეს წერილების არასათანადო დონეზე მომზადების ბრალდებით.

მე დაკისრებული მქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გადმოგზავნილი მოქალაქეთა წერილების შესწავლა. ამ ორი თვის განმავლობაში 100 დოკუმენტი შევისწავლე და ჩემს მუშაობასთან დაკავშრებით შენიშვნა არ ყოფილა.

თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა თქვენი განთავისუფლება და ვინ ახორციელებდა თქვენზე ზეწოლას?

- გამგებელი და მისი მოადგილე მთელი ამ ორი თვის განმავლობაში არ დაგვლაპარაკებიან. ჩვენთან ურთიერთობას ერთ-ერთი თანამშრომლის მეშვეობით ახორციელებდნენ. აღსანიშნავია, რომ ვინაიდან მე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკმაოდ მაღალი დონის წერილების გაგზავნა მევალებოდა, ჩემი კურატორი, ანუ გამგებლის მოადგილე, ვალდებული იყო, რომ ეს წერილები ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე მოგვემზადებინა, თუმცა, როგორც გითხარით, ის საერთოდ არ მეკონტაქტებოდა. ყველანი ჩასაფრებულები იყვნენ, რომ მე და მამუკა გავეთავისუფლებინეთ და მართლაც, ერთ დღესაც დაგვიძახეს და გვითხრეს, რომ სამსახურიდან დათხოვნილები ვიყავით.

ჩვენი დათხოვნის მიზეზი იყო ის, რომ მათ დაუსაქმებელი ჰყავდათ მათი ერთგული ადამიანები. ჩვენს ადგილას მიიღეს გამგებლის მძღოლი, გამგებლის მოადგილეების მძღოლები (მთავარ სპეციალისტებად) და ასევე ზურაბ მელიქიშვილის ცოლის და, მარინე ბლუაშვილი. ასევე დაასაქმეს მიხეილ მაჭავარიანის შტაბის კოორდინატორები. ჩვენ კი გაგვათავისუფლეს იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ვიყავით და მათ პარტიულ ღონისძიებებში არ ვმონაწილეობდით.

ჩვენი ხელმეორედ განთავისუფლების შემდეგად ისევ სასამართლოს მივმართეთ. ჩვენდა ჭირად, ჩვენი საქმე ისევ კობა გოცირიძეს დაეწერა, რომელმაც დაგვცინა, - აღარ გეყოთ მუშაობა, წადით სახლებშიო. ეს პროცესი ჩვენ წავაგეთ და მივხვდით, რომ დავის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. ამიტომ ეს გადაწყვეტილება აღარ გაგვისაჩივრებია.

თავიდან რომ გაგათავისუფლეს, გითხრეს, რომ თქვენი შტატები უქმდებოდა, სინამდვილეში ასე მოხდა?

- ჩვენ გვითხრეს, რომ 46 შტატი უქმდებოდა, სინამდვილეში კი, როდესაც სამსახურში აღგვადგინეს, აღმოჩნდა, რომ ამ 46 შტატის ნაცვლად, 106 შტატი იყო შექმნილი და ყველგან მათ აქტივისტები და კურატორები იყვნენ დასაქმებულები.

ახლა რას აპირებთ?

- ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ჩვენს საქმესთან დაკავშირებით გრიგალაშვილის, ვარდიაშვილის და ღვალაძის წინააღმდეგ საჩივარი შევიტანეთ პროკურატურაში, რადგან ამ ადამიანებმა თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი სამსახურიდან დათხოვნის საქმის შესწავლას და ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას.

ქართულ ოცნებაშიგაწევრიანებას აპირებთ?

- „ქართულ ოცნებას“ ჩვენ პირველივე დღეებიდან იმედის თვალით შევყურებდით. „ქართულ ოცნებას“ მხარს ვუჭერ, მაგრამ არ მინდა არც ერთ პარტიაში. უბრალოდ მინდა, მქონდეს სამსახური, რადგან როგორც მოგახსენეთ, ხუთი შვილის მამა ვარ და ეს ძალიან მჭირდება.