საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შეხვედრა ერიკ რუბინთან

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შეხვედრა ერიკ რუბინთან

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან დოლიძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ერიკ რუბინთან გამართეს შეხვედრა.

ლევან დოლიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და ქართული კონტინგენტის ISAF-ის მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე, ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

„ერიკ რუბინთან დეტალურად ვისაუბრეთ უსაფრთხოების სფეროში საქართველოს და აშშ-ის შორის თანამშრომლობის გაღრმავების, აშშ-ის მიერ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებში მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის საკითხებზე“ - აღნიშნა ლევან დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ასევე შეხვდება აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს და ვიცე-პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლებს, აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატას.