საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა და თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ რუს კოლეგებთან, სერგეი ლავროვთან და სერგეი შოიგუსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინაში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების გამო და მკაფიოდ გააფრთხილეს რუსი კოლეგები, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესაძლო ხელყოფას სერიოზული შედეგები მოჰყვება.
„მათ ასევე შეახსენეს რუსეთს ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებები სამხედრო გადაადგილებისა და აქტივობების გამჭვირვალობის შესახებ და აღნიშნული ვალდებულებების ფარგლებში, ნდობისა და უსაფრთხოების ზომების სრულად განხორციელების შესახებ“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
10 ნოემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთი გააფრთხილა, უკრაინასთან მიმართებაში კიდევ ერთი სერიოზული შეცდომა არ დაუშვას.
სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ შეშფოთებულია უკრაინის მახლობლად რუსეთის უჩვეული აქტივობის გამო.
„რუსეთის განზრახვის შესახებ მკაფიო ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ვიცით, როგორ მოქმედებს რუსეთი. გვაშფოთებს ის, რომ რუსეთმა შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვას და შეეცადოს გაიმეოროს ის, რაც 2014 წელს გააკეთა, როდესაც საზღვრის გასწვრივ ძალები განათავსა და უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე შეიჭრა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
9 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ პენტაგონი უკრაინის მახლობლად რუსი სამხედროების შემაშფოთებელ გადაადგილებას აკვირდება.
ჯონ კირბიმ ასევე მოუწოდა რუსეთს, მინსკის შეთანხმებები დაიცვას და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს.