ნატო მკაცრად გმობს ბელარუსის მიერ არალეგალური მიგრაციის ინსტრუმენტალიზაციას, რაც ჰიბრიდული ქმედებების ნაწილია და პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის წინააღმდეგ არის მიმართული. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
„ეს თავხედური ქმედებები საფრთხეს უქმნის დაუცველი ადამიანების სიცოცხლეს. ნატოს მოკავშირეები სოლიდარობას უცხადებენ პოლონეთს, ლიეტუვას, ლატვიასა და სხვა მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც დაზარალდნენ და მხარს უჭერენ მოკავშირეების მიერ ინდივიდუალურად და კოლექტიურად მიღებულ ზომებს იმ სიტუაციის საპასუხოდ, რომელიც საჭიროებს მჭიდრო კოორდინაციას მთავარ საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ ფხიზლად ვიქნებით ბელარუსის შემდგომი ესკალაციისა და პროვოკაციების რისკის წინააღმდეგ და გავაგრძელებთ ალიანსის უსაფრთხოებაზე გავლენის მონიტორინგს. ნატოს მოკავშირეები ბელარუსს მოუწოდებენ, შეწყვიტოს ეს ქმედებები, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და საერთაშორისო სამართალი დაიცვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
8 ნოემბერს, ბელარუსის ტერიტორიიდან არალეგალი მიგრანტების ჯგუფმა პოლონეთთან საზღვარზე ფიზიკური ბარიერის გარღვევა სცადა. პოლონელ მესაზღვრეებს სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწიათ. პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა ბელარუსთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის სცენარს განიხილავს. 9 ნოემბერს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მტკიცედ დაიცავს თავის საზღვარს ბელარუსის რეჟიმის მხრიდან თავდასხმებისგან. ლიეტუვა და პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართებს აგებენ, რათა მიგრანტების ნაკადი შეაჩერონ, რომლის ორგანიზებაშიც ბრალს ლუკაშენკოს რეჟიმს სდებენ.
29 ოქტომბერს, პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობა 10 ათასამდე გაზარდა. 7 სექტემბერს, მიგრანტების ნაკადის ზრდის ფონზე, პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.