უკრაინა ბელარუსთან საზღვარზე დამატებით ძალებს განათავსებს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
„სასაზღვრო დანაყოფებს ეროვნული პოლიციისა და ეროვნული გვარდიის ძალებით გავაძლიერებთ. დამატებით 8 500 სამხედრო და პოლიციელი იქნება მობილიზებული. მიგრანტებთან დაკავშირებული პოტენციური კრიზისის დასაძლევად, ჩვენ შსს-ს ყველა სტრუქტურას ჩავრთავთ“, - აღნიშნა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, დენის მონასტირსკიმ.
8 ნოემბერს, ბელარუსის ტერიტორიიდან არალეგალი მიგრანტების ჯგუფმა პოლონეთთან საზღვარზე ფიზიკური ბარიერის გარღვევა სცადა. პოლონელ მესაზღვრეებს სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწიათ. პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა ბელარუსთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის სცენარს განიხილავს. 9 ნოემბერს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მტკიცედ დაიცავს თავის საზღვარს ბელარუსის რეჟიმის მხრიდან თავდასხმებისგან. ლიეტუვა და პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართებს აგებენ, რათა მიგრანტების ნაკადი შეაჩერონ, რომლის ორგანიზებაშიც ბრალს ლუკაშენკოს რეჟიმს სდებენ.
29 ოქტომბერს, პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობა 10 ათასამდე გაზარდა. 7 სექტემბერს, მიგრანტების ნაკადის ზრდის ფონზე, პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.