ბელარუსული ავიაკომპანია Belavia თურქეთიდან ბელარუსში რეისებზე ერაყის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს აღარ დაუშვებს.
„თურქეთის კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილების თანახმად, 12 ნოემბრიდან ერაყის, სირიისა და იემენის მოქალაქეები თურქეთიდან ბელარუსში მიმავალ რეისებზე აღარ დაიშვებიან“, - ნათქვამია ბელარუსული ავიაკომპანიის განცხადებაში.
11 ნოემბერს, ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი შეეცდება შავ სიაში შეიყვანოს ის ავიაკომპანიები, რომლებსაც ბელარუსში მიგრანტები გადაჰყავთ, რომლებიც მოგვიანებით ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ.
10 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე შექმნილი ვითარება არა საიმიგრაციო კრიზისი, არამედ ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმის მიერ მეზობლების დესტაბილიზაციის მცდელობაა.
9 ნოემბერს, სააგენტო Reuters-მა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკავშირმა ბელარუსში 30 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას სანქციები შეიძლება დაუწესოს. დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, სასანქციო სიაში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი და ავიაკომპანია „ბელავია“ შეიძლება შეიყვანონ. შეზღუდვები, სავარაუდოდ, ასევე შეეხება იმ პირებს, ვინც ევროკავშირის საზღვრებთან საიმიგრაციო კრიზისს უწყობს ხელს.