დმიტრო კულება: რუსეთის ხელისუფლება შესაძლებლობას ეძებს, რათა კიდევ უფრო წინ წაიწიოს უკრაინის ტერიტორიაზე

დმიტრო კულება: რუსეთის ხელისუფლება შესაძლებლობას ეძებს, რათა კიდევ უფრო წინ წაიწიოს უკრაინის ტერიტორიაზე

რუსეთის ხელისუფლება შესაძლებლობას ეძებს, რათა კიდევ უფრო წინ წაიწიოს უკრაინის ტერიტორიაზე, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ამერიკულ ტელეკომპანია ABC News-თან ინტერვიუში.

„არავის შეშინება არ გვინდა, მაგრამ სიფხიზლე უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ, მაგრამ როდესაც შვიდი წლის განმავლობაში რუსეთის გვერდით შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში ცხოვრობ, ეჩვევი ამას“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დმიტრო კულებას თქმით, უკრაინასთან საზღვრის გასწვრივ არსებული ინფრასტრუქტურის პირობებში, რუსეთს დიდი დრო აღარ დასჭირდება შეტევითი ქმედებებისკენ გადასვლისთვის, თუკი ამას გადაწყვეტს.

„ჩვენი მიზანია, ყველაფერი ვიღონოთ, რაც კი შესაძლებელია, რათა რუსეთმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დმიტრო კულებამ ასევე აღნიშნა, რომ აშშ მზად არის, არა მხოლოდ ისაუბროს, არამედ იმოქმედოს რუსეთის შეკავებისა და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.

„ბოლო შვიდი წლის გამოცდილება აჩვენებს, რომ მოსკოვს ესმის და პატივს სცემს ძალის ენას. არ უნდა დაემუქრო მათ, არ უნდა გამოიყენო მათ წინააღმდეგ ძალა, მაგრამ ისინი პატივს გცემენ, თუ მათ მიმართ მკაცრი ხარ“, - განაცხადა მან.

10 ნოემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთი გააფრთხილა, უკრაინასთან მიმართებაში კიდევ ერთი სერიოზული შეცდომა არ დაუშვას.

სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ შეშფოთებულია უკრაინის მახლობლად რუსეთის უჩვეული აქტივობის გამო.

„რუსეთის განზრახვის შესახებ მკაფიო ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ვიცით, როგორ მოქმედებს რუსეთი. გვაშფოთებს ის, რომ რუსეთმა შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვას და შეეცადოს გაიმეოროს ის, რაც 2014 წელს გააკეთა, როდესაც საზღვრის გასწვრივ ძალები განათავსა და უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე შეიჭრა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

9 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ პენტაგონი უკრაინის მახლობლად რუსი სამხედროების შემაშფოთებელ გადაადგილებას აკვირდება.

ჯონ კირბიმ ასევე მოუწოდა რუსეთს, მინსკის შეთანხმებები დაიცვას და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს.